საფრანგეთში მეხივით გავარდა: ტედი რინერი ქვეყნის პრეზიდენტობას აპირებს! 37 წლის ლეგენდარული ჯუდოკას ანუ ძველებურად რომ ვთქვათ ძიუდოისტის ნათქვამი ბევრმა უბრალოდ ვერ დაიჯერა. გავრცელდა ხმა, რომ მისი განცხადება ხელოვნური ინტელექტის ნახელავი იქნებოდა. ამაზე რინერს, რომელიც თავს „არც მემარჯვენეს და არც მემარცხენეს“ უწოდებს ხელმეორედ მოუხდა გამოსვლა. მან დააზუსტა, რომ ხელოვნური ინტელექტი არაფერ შუაშია.
ამ დღეებში ყველა ფრანგული გამოცემა გვადალუპელი გოლიათის შესახებ წერს. RMC Sport-მა მაგალითად დასვა კითხვა: ვინ უდგას ხუთგზის ოლიმპიურ ჩემპიონს გვერდში? ვინ იქნება რინერის მარჯვენა ხელი, როდესაც ის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურას წამოაყენებს?
ერთ-ერთი უმსხვილესი მედია-საშუალება წერს, რომ რინერის გვერდით უპირველეს ყოვლისა მის მეუღლეს ლუთნა პლოკუსს ვნახავთ. ქალი ყველგან და ყველაფერში ქმრის გვერდითაა და როგორც ჩანს მის ყოველ ნაბიჯზე დიდი გავლენა აქვს.

ტედმა და ლუთნამ ერთმანეთი 2007 წელს რიო დე ჟანეიროში ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიცნეს. ლუთნა აწ უკვე SPORTFIVE-ს სახელით ცნობილი Lagardère Unlimited-ის კომინიკაციების განყოფილებაში მუშაობდა. Lagardère Unlimited თავის მხრივ ფრანგული მედია გიგანტის Lagardère Group-ის, სპორტული და მარკეტინგული ფრთა გახლდათ.
რინერი და პლოკუსი 2013 წელს დაქორწინდნენ. 2014 წელს მათ გაუჩნდათ ვაჟი, ედენი, 2018 წელს კი ქალი – იზისი.
როგორც ფრანგი ჟურნალისტები წერენ, ჯუდოკა ძალიან ახლოს არის მშობლებთან მოის რინერთან და მარი-პიერ მელგარდთანაც. ის მათ საფრანგეთში ყოველ ჩასვლაზე მოინახულებს ხოლმე. მშობლების აზრი ტედისთვის მნიშვნელოვანია.
რატომ ვახსენეთ საფრანგეთში ჩასვლა? საიდან ჩადის ტედი რინერი საფრანგეთში? საქმე ის არის, რომ რინერი უკვე რამდენიმე წელიწადია მაროკოში ცხოვრობს. ის მეფე მოჰამედ VI-სთან ახლობლობს და ხელმწიფემ თავის სახელმწიფოში ცხოვრების უფლება მისცა. ლეგენდარული სპორტსმენი ბოლო ხუთი წელიწადია სწორედ იქ ემზადება ახალი შეჯიბრებებისთვის.
თუ რინერის სპორტულ გარემოცვას გადავავლებთ თვალს, გამოიკვეთებიან შემდეგი ფიგურები: მენეჯერი ლორან კალიეხა, რომელთანაც ჩემპიონი უკვე ათი წელიწადია თანამშრომლობს; მისი ფიზკური მომზადების მწვრთნელია ჟულიენ კორვო, ხოლო ახლო მეგობარი ფრედერიკ მერედენი სპარინგ-პარტნიორი გახლავთ. ჩამოთვლილთა გარდა დიდი ოლიმპიელი რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებს მენტორ და ოდინდელ მწვრთნელ ფრანკ შამბილისთან, რომელიც ბოლო წლებში პრაქტიკული თვალსაზრისით მის გარემოცვაში ნაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.
ჯერ არაფერია ცნობილი აპირებს თუ არა რინერი საპრეზიდენტო კამპანიაში მისი სპორტული გარემოცვის წარმომადგენელთა ჩართვას.
საინტერესოა, რომ რინერი 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე გამოსვლას იმ შემთხვევაშიც კი აპირებს თუ 2027-ში საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება. რამდენად შესაძლებელია უზარმაზარი ქვეყნის მართვა და იმავდროულად ოლიმპიადაზე მოსახვედრად სარეიტინგო ტურნირებში მონაწილეობა, ცოტა ბუნდოვანია. გარდა ამისა, საკითხავია, რამდენად ესიამოვნებათ ფრანგებს მათი პრეზიდენტის შესაძლო წაგება ვინმესთან.
წინასაარჩევნო კამპანიაში ტედი რინერი ფილიპ ვერანის იმედადაა. ეს ადამიანი გახლავთ „ბიოტექ დენტალის“ თანადამფუძნებელი, რომელთანაც ჯუდოკას რამდენიმე წელიწადია კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ვერანი სავარაუდოდ რინერის კამპანიას დააფინანსებს.
კომუნიკაციის საკითხები ჩაბარდება ვინმე ალინ პულენს, რომელიც ადრე განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველად მუშაობდა.
რინერი ბოლო დრომდე კარგ ურთიერთობაში იყო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც, თუმცა ბოლო რამდენიმე გამოსვლაში გამოჩნდა, რომ სპორტსმენი მაკრონს ემიჯნება.
სხვა თანამებრძოლების ვინაობას ჩემპიონი ახალ საიტზე La France qu’on veut-ზე გაგვაცნობს. საიტის სახელწოდება ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება: „ის საფრანგეთი, რომელიც ჩვენ გვინდა“. საიტი ორშაბათს ამოქმედდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 09:01რინერი ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება და მერე ოლიმპიადაზე გამოვა
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 07:09რას უწუნებდა ჩავი დემბელეს?
აქეთურ-იქითური09/11/2026 | 09:41ნევილი: გულშემატკივართან მისვლას და ტაშის კვრასაც ზომიერება უნდა
მთავარი ამბავი09/11/2026 | 07:16ჟორჟი პასის გარეშე
