ელექტროშოკი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე

ელექტროშოკი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე

შოტლანდიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავმა სკოტ მაკტომინეიმ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე ელექტრული კარდიოვერსია ანუ გულის ცემის მოწესრიგების პროცედურა ჩაიტარა – როგორც ირკვევა მანამდე ნახევარმცველს არითმია ჰქონდა. ამ პროცედურის დროს ადამიანს აძინებენ და გულის არეში სპეციალური დეფლიბრილატორით უშვებენ ელექტრულ იმპულსს. ერთგვარი ელექტროშოკია. 29 წლის ფეხბურთელმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე გაიხსენა, რომ ეს ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰაიტისთან შეხვედრამდე მოხდა.

„არ დაგიმალავთ, მსოფლიოს ჩემპიონატი რთული გამოდგა, – თქვა მაკტომინეიმ, – მისი დაწყების წინა დღეებში გულის ელექტროშოკური თერაპიის გავლა მომიხდა. პირველ შეხვედრამდე  ორი დღით ადრე ასეთი რამ რომ გადაგხდება… მერე ვფიქრობდი, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო? მაგრამ იძულებული ხარ შეეგუო. ფეხბურთელის ცხოვრებაში ბევრი რამ ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება.

არ მინდა თავის გამართლებასავით გამომივიდეს, მაგრამ ხანდახან ადამიანს უკან მოხედვა და იმის აღიარება გიწევს, რომ ყველაფერი ერთმანეთთან იყო კავშირში. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კი ორი-სამი კვირა დათრგუნული ვიჯექი და თავს კალაპოტიდან ამოვარდნილად ვგრძნობდი. გონზე მოსასვლელად დრო დამჭირდა“.

მაკტომინეიმ ჰაიტისთან 90 წუთი ითამაშა. ის შეხვედრა სქოთებმა 1:0 მოიგეს. გოლი ჯოშ მაკგინმა შეაგდო.

მაკტომინეიმ შემდეგ ორ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა – მაროკოსა (0:1) და ბრაზილიასთან (0:3). არადა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ზედ შეჯიბრების წინ იმკურნალა.

მაკტომინეიმ თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ-გასვლა მის კარიერაში ყველაზე ცუდი მომენტი იყო.

„ცუდია, როდესაც პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე საავადმყოფოში წაგიყვანენ და დაგაძინებენ, მაგრამ უნდა შეეგუო. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ამაზე ბევრს ვფიქრობდი. ასეთი იმედგაცრუება ცხოვრებაში არ მქონია. შემდეგ, შვებულებაში გავედი. ვერ გეტყვით, რომ იქ სულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვფიქრობდი, მაგრამ პერიოდულად თავში გამიელვებდა: „ეჰ, უკეთ შეგვეძლო“. თუმცა, ოპერაციის გამო გამოწერილმა სამკვირიანმა დასვენებამ კარგად იმოქმედა. საერთოდ უკან მოხედვა არ მჩვევია. ვცდილობ, ჭიქას ნახევრად სავსედ ვხედავდე, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გადატანილ მარცხთან შეგუება მაინც გამიჭირდა“.

შოტლანდიის ნაკრები 13 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობს, ხოლო 16-ში შვეიცარიას სტუმრობს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.