ალისონის და შესაბამისად მამარდაშვილის შესახებ

ალისონის და შესაბამისად მამარდაშვილის შესახებ

ბოლო დროს ბევრი იწერება ალისონ ბეკერისა და „ლივერპულის“ შესახებ. მარჩიელობენ დარჩება ბრაზილიელი მეკარე „ენფილდზე“ თუ წავა, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დიდწილად ამაზეა დამოკიდებული ექნება თუ არა სათამაშო პრაქტიკა გიორგი მამარდაშვილს, ის კი საქართველოს ნაკრების გოლკიპერია.

პორტალი This is Anfield ალისონის თემას წერილს უძღვნის და მერსისაიდელ გულშემატკივარს ამზადებს იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მათი საყვარელი გუნდისა და ალისონის (აგრეთვე გუნდის კაპიტნისა და ცენტრალური მცველის ვირჯილ ვან დაიკის) გზები გაიყრება. და ეს შეიძლება ამ ზაფხულსვე მოხდეს, რადგან კონტრაქტის ვადა ორივეს ეწურება.

გასული სეზონის შემდეგ ალისონისა და ვან დაიკის საკითხი თითქოს მოგვარდა, მაგრამ დროებით. ახლა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუ რა მოხდება ივლისამდე, დარჩენილი თვეების განმავლობაში. This is Anfield წერს, რომ დღეს, როდესაც ახალ სეზონში უკვე 16 ოფიციალური შეხვედრა ჩატარდა, ნათლად ჩანს, რომ ბრაზილიელი და ჰოლანდიელი, ლივერპულში ჩასვლიდან 8 წლის შემდეგ კვლავ მთავარ ფიგურებად რჩებიან. არადა, ერთიცა და მეორეც 30 წელს გადაცილებულია. ანუ, კლუბი ორ ვეტერანს შეჩერებია და ვერ უშვებს.

საიტი ამბობს, რომ ვან დაიკი და ალისონი „ლივერპულის“ ისტორიაში ყველა დროის საუკეთესოთა შორის არიან, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე ყველა შეხვედრას საკადრისად ვეღარ ატარებენ.

ქაღალდზე რასაკვირველია არის ხალხი, რომლებსაც მათი შეცვლა ნომინალურად შეუძლიათ. ასე მაგალითადო, – წერს This is Anfield – ალისონის წასვლას მოუთმენლად ელოდება გიორგი მამარდაშვილი, თუმც იმაში, რომ ქართველს ბრაზილიელის ადგილის დაკავება სრულფასოვნად და დიდი ხნით შეუძლია, დარწმუნებულები არ ვართო. აქვე საიტი შეგვახსენებს ახალგაზრდა ბელგიელის მეკარის ლუკა ბრუგმანისი გვარსა და სახელს, რომელიც კონტრაქტის თანახმად „ენფილდზე“ ზაფხულში ჩავა. „წითლებს“ მისი ძალიან ეიმედებათ.

ვან დაიკის შესაძლო შემცვლელები კი არიან ჟერემი ჟაკე, ჯოვანი ლეონი და იფეანი ნდუკვე.

საბოლოოდ პორტალი ამბობს, რომ ალისონს და ვან დაიკს შემცვლელები ჰყავს, მაგრამ ისინი მათსავით ლიდერები და გავლენიანი ფიგურები არ არიან. This is Anfield დარწმუნებულია, რომ დღეს „ლივერპულს“ ეს ორი ვეტერანი ისე სჭირდება როგორც არასდროს.

„ლივერპულის“ მფლობელი კომპანიის Fenway Sports Group-ის პოლიტიკის თანახმად  კლუბი 30 წელზე უფროს ფეხბურთელებთან ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმებას ერიდება, მაგრამ საიტის თქმით ამ შემთხვევაში ლაპარაკია ორ განსაკუთრებულ ფეხბურთელზე, რომელთაც განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ალისონმა პირადად გამოთქვა  „ენფილდზე“ დარჩენის სურვილი, რაც მამარდაშვილის თემას სავარაუდოდ ღიად ტოვებს. რაც შეეხება ვან დაიკს მას მკაფიოდ ჯერ არაფერი უთქვამს.

ცოტა ხნის წინ ვან დაიკმა ინტერვიუში ასეთი რამ განაცხადა: „ლივერპული ყოველ წელიწადს ყველა შესაძლო ჯილდოსთვის უნდა იბრძოდეს. მასში ყოველ დღე ყველას მაქსიმალური მოთხოვნები უნდა წაუყენონ, რაც ზეწოლა კი არა, პატივია. ჩვენ „ლივერპულის“ ფეხბურთელები ასეთ მიდგომას ძალიან ვაფასებთ“.

This is Anfield მკითხველის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ალისონისა და ვან დაიკის ნელ-ნელა ჩანაცვლება არც წინა მწვრთნელმა არნე სლოტმა სცადა და არც ახლანდელი ანდონი ირაოლა ცდილობს. აქ ორი მიზეზი შეიძლება იყოს: ან მათი შეცვლის გეგმა ჯერ მზად არ არის, ან ის ფეხბურთელები ვინ შემცვლელებად მოიაზრებიან (მათ შორის მამარდაშვილი) მათზე უკეთესები უბრალოდ არ არიან. არადა, ალისონს პერიოდულად ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ძველებურად კარგადაც ვეღარ თამაშობს. შეცდომების დაშვება დაიწყო ვან დაიკმაც, მაგრამ… ორივენი შეუცვლელები არიან.

ამიტომო, – წერს პორტალი, – კლუბისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ ორ ფეხბურთელს კონტრაქტები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივონ და მანამდე შემცვლელების ამბავიც უკეთ გაირკვევაო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.