ერთი აფრიკული ოქრო

ერთი აფრიკული ოქრო

გიორგი ხარშილაძე დაკარიდან სარბიელისთვის

დაკარიდან ერთი ოქრო წამოვიღეთ. ასეთია სპორტი, განსაკუთრებით ამ ასაკში. არასდროს იცი, სიურპრიზს ვინ გიმზადებს.

დაკარამდე რამდენიმე ფედერაციიდან ერთი და იგივე გვესმოდა. მედალი თუ გინდათ, ჩვენი ბავშვი წაიყვანეთო. იმ სპორტსმენებმა მედალი ვერ მოიგეს. ემილ ისმაილოვმა კი თქვა, რომ აქ ოქროსთვის იყო ჩამოსული. 17 წლის ბიჭს არ უტრაბახია.

… დაკარში ისეთი საცობები იცის, საღამოს ორ ადგილას მისვლას თუ გეგმავ, შეიძლება ერთის არჩევა მოგიწიოს. სენეგალისა და სუდანის მატჩის ბილეთები გვქონდა. ფეხბურთი დაკარში 19:00-ზე იწყებოდა, ემილის ფინალი კი სხვა ქალაქში, დიამნიადიოში, 18:07-ზე იყო დანიშნული.

დიამნიადიოში წავედით. ოქრო მოვიგეთ, თუმც მეორე ტაიმსაც ვეღარ მივუსწარით. ტელევიზორში სენეგალისა და სუდანის თამაშს, ალბათ, არასდროს ჩავრთავდით. იქ კი აფრიკული სტადიონის ნახვა ღირდა, განწყობის შეგრძნობა.

13 სპორტსმენით ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოვიპოვეთ. ჩემი აზრით, ნორმალური შედეგია. რეიტინგში 44-ე ადგილზე გავედით. ბევრ დიდ ქვეყანას გავასწარით – მაგალითად გაერთიანებულ სამეფოს.

სურათს მხოლოდ ერთი მხრიდან ნუ შევხედავთ. იმავე ცხრილში აზერბაიჯანი მე-13 ადგილზეა. სამი ოქროდან ერთი ძიუდოში მოიგო, ორი კი ქვიშის ჭიდაობაში. ჩვენი ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოც ქვიშის ჭიდაობაში მოვიპოვეთ. ძიუდოსა და ჭიდაობაში ტრადიციულად ძლიერები ვართ. ამჯერად ოქრ(ები)ო მეზობლებს ერგოთ.

მოგვწონს თუ არა, რუსეთი სპორტული ქვეყანაა. დაკარში 13 სპორტსმენით 14 მედალი მოიპოვა, მათ შორის რვა ოქრო, და მესამე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილზე გასულ ჩინეთს დელეგაციაში 66 სპორტსმენი ჰყავდა და 33 მედალი მოიგო. იაპონიას 45 სპორტსმენი ჰყავდა და 28 მედლით მეორე ადგილი დაიკავა.

მეტი შეგვეძლო? რა თქმა უნდა. ამ ბიჭებისა და გოგოებისთვის დაკარი მხოლოდ დასაწყისია. იმედი მაქვს, იქ ნანახიდან და გამოვლილიდან ბევრს ისწავლიან. საქმე ჩუმად აკეთონ, წარმატება კი თვითონ იხმაურებს.

ოლიმპიური მედლის მოგება ერთეულთა ხვედრია. 2028 წელს, ლოს-ანჯელესში, მინდა, ძიუდოს გარდა სხვა სახეობებშიც გვყავდეს ვარსკვლავები, რომელთა გამოსვლის საათსაც წინასწარ მოვინიშნავთ.

მორჩა თამაშები, გაუმარჯოს თამაშებს! ოლიმპიადამდე ევროპული თამაშებია, სტამბოლში.

ავტორის პროფილი

გიორგი ხარშილაძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.