ბორჯღალოსანთა 300

ბორჯღალოსანთა 300

1989 წლის შემოდგომაზე, ახალშექმნილმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში ზიმბაბვეს ნაკრებთან მატჩი გამართა და ამით დასაბამი დიად ისტორიას დაედო. ჯერ კიდევ არსებულ საბჭოთა კავშირში ასეთ გაბედულ ნაბიჯს სპორტის ამ ყველაზე ვაჟკაცური სახეობის წარმომადგენლები თუ გადადგამდნენ. მაგრამ ქუთაისში ეპოქალური რამ კი მოხდა და მას მერე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 299 მატჩი გამართა, რომელთაგან 187 მოიგო. გასულ 37 წელიწადში ბევრი ტკივილი, გაწბილება და უსამართლობის გამოცდილება იყო, მაგრამ თანდათან ქართული რაგბი ფეხზე დადგა, სოლიდური იმიჯი შეიქმნა და მსოფლიო მასშტაბით ანგარიშგასაწევ ძალად იქცა.

ამრიგად, შაბათს, 18 საათზე, თბილისის სტადიონ „ავჭალაზე“ დაიწყება საქართველოსა და ტონგას ნაკრებთა მატჩი, რომელიც ბორჯღალოსნებისთვის მე-300 იქნება. ხსენებული თამაში „მსოფლიო რაგბის“ 2026 წლის ერთა თასის ბოლოსწინა ტურისა იქნება და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა ძალიან დიდია.

ჩვენი ეროვნული გუნდის ფრანგმა დამრიგებელმა პიერ-ანრი ბრონკანმა ტონგელებთან სამატჩო რაზმი დაასახელა და მასში მაინცდამაინც დიდი ცვლილებები არაა. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე სასტარტო შემადგენლობაში ბექა გორგაძის გამოჩენაა – „პოს“ კაპიტანს კანადასთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე სასტარტოში იქნება ვეტერანი კონსტანტინე მიქაუტაძეც, რომელიც 91-ე კეპს მოიხვეჭს. კიდევ ერთი გამოცდილი მორაგბე – ბურჯი ნიკა აბულაძე თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება. ესაა სამი „ახალი“ კაცი შემადგენლობაში.

რაც შეეხება ქართულ-ტონგურ ისტორიას, ის 27 წლისაა და 8 მატჩს მოიცავს, რომელთაგან ბორჯღალოსნებმა 6 მოიგეს. ამ გამარჯვებათაგან ყველაზე ღირსშესანიშნავი 2015 წლის მსოფლიო თასზე დაფიქსირდა, როცა ჩვენმა ბიჭებმა 17:10 იმარჯვეს და შედეგად, ისტორიაში პირველად დაიკავეს მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 ადგილი.

მოკლედ, 14 ნოემბბერს, 18:00-ზე, მე-300…

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტონგასთან მატჩში

1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 23 კეპი, 5 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ოიონა, 33, 60), 3. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეტერი, 8, 15), 4. გაგი მარგველაშვილი (რასინგ-92, 1, 0), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბრივი, 90, 15), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 34, 35), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 58, 25), 8. ბექა გორგაძე (პო, 54, 70), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 108, 98), 10. ლუკა მატკავა (ოიონა, 41, 318), 11. დაჩი პაპუნაშვილი (მონტობანი, 7, 17), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 24, 35), 13. გიორგი შველიძე (ბრივი, 10, 5), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 64, 270), 15. დავით ნინიაშვილი (კაპიტანი, ლა როშელი, 52, 119).

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი, 3, 10), 17. ნიკა აბულაძე (ექსეტერი, 24, 5), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 48, 25), 19. გიორგი ჯავახია (ანგულემი, 30, 20), 20. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, 2, 5), 21. ბექა შვანგირაძე (ლიონი, 10, 10), 22. გელა აფრასიძე (ანგულემი, 67, 65), 23. ლუკა ტაბატაძე (შავი ლომი, 1, 5).

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.