პარასკევ საღამოს უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ თბილისში პრეს-კონფერენცია გამართა. გთავაზობთ ციტატებს, რომლებიც უნგრულ საიტ nemzetisport-ზე გამოქვეყნდა.
– დომინიკ სობოსლაი, მილოშ კერკეზი და ბენდეგუზ ბოლა ჯანმრთელად არიან?
– დიახ, დიახ. სათამაშოდ სამივენი სრულიად მზად არიან. სამწუხაროდ იმავეს თქმა არ შეიძლება სხვებზე. ასე მაგალითად დანიელ ლუკაჩს არ უვარჯიშია. ის შესაძლოა შემდეგი თამაშისთვისაც კი ვერ მოემზადოს ხეირიანად. ხელმეორედ დაშავდა დამირ რეჯიჩიც. ამჯერად მას ბიცეფსის ტკივილი აწუხებს. მან ეს დისკომფორტი ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ იგრძნო. სხვა კი ყველა მზად არის. მოგეხსენებათ დაგვიბრუნდნენ წამყვანი მოთამაშეები ბარნაბაშ ვარგა და როლანდ შალაი. მათი დაბრუნება საკუთარი თავის რწმენას გვიძლიერებს.
რაც შეეხება ჩვენი თამაშის სტილს ის არ შეიცვლება – ვფიქრობ, ამჯერადაც ისეთ სურათს ვიხილავთ, როგორიც ამ გუნდების პირველი შეხვედრის დროს იყო ბუდაპეშტში.
– ვინ ითამაშებს მარჯვენა მცველის პოზიციაზე?
– ეს ძნელი გადასაწყვეტია. საკითხს ბევრი ასპექტი აქვს. როგორც ატილა ოშვატი ასევე ბენდეგუზ ბოლა ნაკრებში კარგად თამაშობენ. ოშვატი უფრო დასვენებულია, პოპულარულია, საქართველოსთან პირველ შეხვედრაში კარგად ითამაშა, ბოლა კი ავსტრიის ჩემპიონატის ლიდერის, „რაპიდის“ ფეხბურთელია. ამიტომ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. შემადგენლობას მატჩის წინ გადავწყვეტ.

– საქართველოსგან რას ელით?
– ველი, რომ ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ ტაქტიკურად მოქნილი, კარგად მომზადებული გუნდი გამოვა. ვიცით რანაირი ფეხბურთელები ჰყავთ ქართველებს, რა ეხერხებათ. მათ წინააღმდეგ გვითამაშია, მაგრამ ამჯერად ხვიჩა კვარაცხელია არ ეყოლებათ და ამის გამო მათი თამაშის პრინციპი სრულიად შეიცვლება. კვარაცხელია შეუცვლელია, ამიტომ ქართველები მის ჩანაცვლებას კი არა, სხვა ასპექტების გაძლიერებას შეეცდებიან.
ჩვენ, როგორც ყოველთვის, მეტოქეს პატივს ვცემთ. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია არ ეყოლებათ, ამ გუნდში ტოპ-ლიგების ფეხბურთელები თამაშობენ. მათმა მწვრთნელმა თქვა, რომ არ სურს საქართველოს ნაკრები იოლად ამოსაცნობი გახდეს, ასე რომ ყველაფრისთვის ვემზადებით – ყველა ტაქტიკური ვარიანტისთვის, ყველა სათამაშო სტილისთვის. ჩვენი მხრივ მაქსიმალური მონდომებით ვიმოქმედებთ.
– უნგრეთის ნაკრები თბილისში პარასკევ საღამოს ჩამოვიდა, რამაც ქართულ მედიაში გაკვირვება გამოიწვია…
– თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ თბილისში თამაშის წინა საღამოს ჩამოვიდოდით და დროში სხვაობის გამო ამ გეგმის შეცვლა არც გვიფიქრია. საქმე ის გახლავთ, რომ ნაკრებთან სამუშაოდ დრო საკმარისი არასდროსაა, ამიტომ ვამჯობინეთ ვარჯიშები მშობლიურ გარემოში ჩაგვეტარებინა. დიდი ხანია ასე ვიქცევით და ვფიქრობთ, რომ საქმისთვის ასე სჯობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი14/11/2026 | 09:36მარკო როსი: ვფიქრობ ისეთივე თამაშს ვნახავთ როგორიც ბუდაპეშტში იყო
აქეთურ-იქითური14/11/2026 | 08:24ფედერაციამ უნებლიე მკვლელს ვერდიქტი გამოუტანა
სიახლეები14/11/2026 | 07:35ყველაფერი ბოლო დღეს გადაწყდება
აქეთურ-იქითური13/11/2026 | 09:15უნგრეთში ლივერპულზე გაბრაზდნენ
