უკრაინა საქართველოსთან გაბრაზებული აპირებს თამაშს

უკრაინა საქართველოსთან გაბრაზებული აპირებს თამაშს

ერთა B ლიგის მეორე ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა შინ უნგრეთთან წააგო 0:2, ჩრდილოეთ ირლანდიამ ბელფასტის „უინძორ პარკზე“ „პორტსმუთის“ ნახევარმცველის ტერი დევლინის მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლით უკრაინა დაამარცხა – 1:0.

„წლეულს, პირველი სანაკრებო პაუზის დროს უკრაინის ნაკრებმა იტალიელი ანდრეა მალდერას ხელმძღვანელობით თავი ისეთ დღეში ჩაიგდო, რომ ერთა ლიგის არცთუ ძლიერი გუნდების ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასასვლელად ჩრდილოეთ ირლანდიასა და საქართველოსთან მოგებების გარდა არაფერი აძლევდა ხელს“, – წერს უკრაინული ვებ-გვერდი sport.ua სტატიაში „უიმედობა გრძელდება“ (Безнадега продолжается). პორტალი წერს, რომ უკრაინელთა ოპტიმიზმი სწორედ ჩრდილოეთ ირლანდიელებთან პირველ შეხვედრაში წაგებულმა 0:3-მა ჩაკლა. იმ მატჩში უკრაინა ნომინალური მასპინძელი იყო, შეხვედრა ტრნავაში გაიმართა.

sport.ua-ს აზრით უკრაინის ნაკრებში საკადრო პრობლემებია, მეტოქემ კი კარგად იცი, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს ნებისმიერ პირობებში.

„საბოლოოდ, ეს შეხვედრაც ჩვენი ტანჯვისა და მალდერას ექსპერიმენტების გაგრძელება გამოდგა – ექსპერიმენტებისა შემადგენლობასთან და სათამაშო სქემებთან დაკავშირებით. თუმცა, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“, – ამბობს უკრაინული საიტი.

ჩრდილოეთ ირლანდიელებმა 23-ე წუთზევე შეაგდეს პირველი გოლი უკრაინელების კარში, მაგრამ ის ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა.

„სწორედ ისეთი თამაში იყო, როგორისთვისაც ჩვენ ვემზადებოდით, – თქვა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მალდერამ, – ორივე მხრიდან ვიხილეთ ბევრი ორთაბრძოლა. შეიქმნა ცოტა საგოლე მომენტი. ჩვენ ორჯერ შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვისარგებლეთ. ახლა ძალიან გაბრაზებულები ვართ და ეს ბრაზი შემდეგ მატჩში უნდა გამოვიყენოთ.

ვფიქრობ სტანდარტული მდგომარეობების დროს თავს ცუდად ვიცავდით.

ახლა მთავარია ძალები კარგად აღვიდგინოთ და საქართველოსთან შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ.

ტაქტიკა? გვინდოდა მეტოქის ცენტრალური ბლოკი გაგვერღვია, სადაც მათ პატარა სივრცეები ჰქონდათ დატოვებული. ეს ხან გამოგვდიოდა, ხან არა. საერთოდ, არ მგონია, რომ ჩვენი პრობლემა ტაქტიკური სქემა იყოს. ცუდი ის არის, რომ ძალიან ცოტას ვრისკავდით. ამ შეხვედრაში მთავარი აქცენტი ორთაბრძოლებზე იყო გადატანილი.

ახლა კი ძალიან უნდა გავბრაზდეთ. იმას, რომ გავვარდებით არც განვიხილავ. ახლა მთავარია სწორი რეაქცია გვქონდეს, ხასიათი გამოვავლინოთ. წაგება გულს ტკენს გულშემატკივარს, ყველას ვინც გვიყურებს. ანგარიში რომც გაგვეთანაბრებინა, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ეს არაფერს მოგვცემდა.

ძალიან უნდა გავბრაზდეთ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.