რამაზ სვანაძე – ვეცდებით, მივაღწიოთ შედეგს, რომელიც ყველას ასე ძალიან გვინდა

რამაზ სვანაძე – ვეცდებით, მივაღწიოთ შედეგს, რომელიც ყველას ასე ძალიან გვინდა

საქართველოს ნაკრები კოშოცეშია, სადაც ერთა ლიგის ბოლო ტურში უკრაინის ნაკრებთან სათამშოდ ემზადება. მატჩამდე საქართველოს ანკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

„სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. ეს ლოგიკურიცაა იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც აღმოვჩნდით. თუმცა ყოველი მატჩი, მით უმეტეს ეს შეხვედრა, ახალი შანსია, რომ ვითარება გამოვასწოროთ. ამის შესაძლებლობა უკრაინასთან გვექნება და ყველანაირად ვეცდებით, გავაუმჯობესოთ როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო მდგომარეობა და მივაღწიოთ შედეგს, რომელიც ყველას ასე ძალიან გვინდა.

აუცილებელია, რომ შეტევების დასრულებისას უფრო თამამები ვიყოთ. გარდა ამისა, გვჭირდება ისეთი აგრესიულობა, როგორიც განსაკუთრებით უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრის დასაწყისში გამოვავლინეთ. მატჩის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია.

უკრაინის ნაკრებიც რთულ ვითარებაშია. თუმცა კარგად ვიცით მათი რეალური ძალა. დიდ პატივს ვცემთ მათ მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს.

სირთულეები ორივე გუნდს აქვს და ვფიქრობ, ძალიან რთული მატჩი გველის. სტრატეგიისა და ტაქტიკური მონახაზის გარდა, ბევრს გადაწყვეტს ხასიათი, რომელიც ორივე გუნდმა უნდა გამოავლინოს. იმედი მაქვს, ამ მხრივ ჩვენ უფრო გამოვიჩენთ თავს და შეხვედრას ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებთ.

შესარჩევ ეტაპზე საკმარისი დრო გვექნება, რომ გუნდმა საკუთარი სახე შეიძინოს. ამაზე მუშაობა პირველივე დღიდან დავიწყეთ. მინდა, ყოველ მომდევნო შეკრებაზე ისეთი გუნდი ვიხილო, რომელიც პროგრესირებს. ეს სამომავლო საკითხია, ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაიანასთან მატჩია.

უკრაინის ჩემპიონატიდან სამი ფეხბურთელი გვყავს – აზაროვი, მაისურაძე და გაგნიძე. ვინ ითამაშებს, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ყველაფერს მატჩის დაწყებამდე გაიგებთ. ისინი აქ იმიტომ არიან, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ და მათი იმედი მაქვს“.

უკრაინისა და საქართელოს ნაკრებების მატჩი კოშიცეში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ავტორის პროფილი

სარბიელი