მარკა: ჰიმნის დროს სტვენა უზრდელობაა!

მარკა: ჰიმნის დროს სტვენა უზრდელობაა!

მადრიდში, ესპანეთისა და ინგლისის ნაკრები გუნდების თამაშის წინ (2:3) ესპანელმა გულშემატკივარმა ინგლისის ჰიმნს უსტვინა, რაც „მარკას“ ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ესპანურმა გამოცემამ მომხდარს რეპლიკა მიუძღვნა.

ერთა ლიგის ხსენებული მატჩი „მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა. როგორც კი სტადიონის დინამიკებში God Save the King-ის პირველი ნიტები გაისმა, ტრიბუნების დიდმა ნაწილმა სტვენა, ღრიალი და ყვირილი ატეხა. ისმოდა შეძახილები: „ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ!“.

„მარკა“ წერს, რომ ასეთი რამ ესპანეთში პირველად არ ხდება. ასე მაგალითად, სევილიაში, როდესაც „ლა როხამ“ ყატარის მუნდიალზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა გულშემატკივარმა შვედეთის ჰიმნს უსტვინა, რის გამოც ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სინანული გამოთქვა. იგივე განმეორდა მარტში ვილიარეალსა და ბარსელონაში, როდესაც „ლა სერამიკასა“ და „კამპ ნოუზე“ სერბეთისა და ეგვიპტის ჰიმნები დაუკრეს.

„მეტროპოლიტანოზე“ ესპანელების ღრიანცელის პასუხად სამიათას ხუთასმა ინგლისელმა ფანმა ესპანეთის ჰიმნის ჩახშობა სცადა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან მადრიდელმა ქომაგებმა დინამიკებთან ერთად დააგუგუნეს La Marcha Real (სამეფო მარში) და ინგლისელების ხმაური უბრალოდ აღარ გაისმა.

„ჩვენ ვერასდროს გავიგებთ იყო თუ არა ინგლისის ნაკრების ბრწყინვალე თამაში და გამარჯვება კავშირში იმასთან, რომ გულშემატკივარმა მათ ჰიმნს უსტვინა, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ჰიმნის დროს სტვენა საძაგელი საქციელია. ეს უზრდელობაა“, – წერს „მარკა“.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ჰიმნის დროს სტვენა ნამდვილად უკულტურობაა, მაგრამ ყურადსაღებია, რომ ამ ფაქტს თავად ესპანურმა გაზეთმა მიაქცია ყურადღება და არც თავისი გულშემატკივრის საქციელის დაგმობას მოერიდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.