ინგლისელთა დიდი გამარჯვება მადრიდში

ინგლისელთა დიდი გამარჯვება მადრიდში

ინგლისის ნაკრებმა მადრიდში მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა – 3:2. 57-ე წუთზე ინგლისელები 3:0-ს იგებდნენ. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ თომას ტუხელის ხელმძღვანელობით „სამ ლომს“ ასე კარგად არასდროს უთამაშია.

ინგლისელების გამარჯვება იმანაც გაალამაზა, რომ 63-ე წუთზე ანუ როდესაც ანგარიში იყო 3:0, ხოლო შეხვედრის დამთავრებამდე 27 წუთი რჩებოდა, გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა –მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ელიოტ ანდერსონი გააძევა და პენალტითაც დასაჯა. ფრთაშესხმულმა ესპანელებმა დარჩენილ დროში ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს. ამის საშუალება მათ „ლიდს იუნაიტედის“ 24 წლის მეკარემ ჯეიმს ტრაფორდმა არ მისცა. მან ერთ ეპიზოდში ორი დარტყმა მოიგერია.

ანგარიში 45-ე წუთზე პენალტით ჰარი კეინმა გახსნა. 53-ე წუთზე ეზრი კონსამ მეორე შეაგდო, ხოლო 57-ეზე ბენ უაიტმა ჯუდ ბელინგემის გამჭრიახი პასით მესამე დაამატა. ესპანელებმა 65-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალის პენალტით და 75-ე წუთზე ნიკო უილიმასის გოლით უპასუხეს.

მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის დე ლა ფუენტემ თქვა: „ნეტავ ჩემს ბიჭებთან კიდევ ერთი კვირით შემეძლოს დარჩენა. მინდა გასახდელში შეკრებილ გაწბილებულ ფეხბურთელებს ვუთხრა: „ბიჭებო, გთხოვთ გააცნობიეროთ, რა სიმაღლეებს მიაღწიეთ; გაიხსენოთ, თუ რა ძნელი იყო ამ დიდი წარმატების მიღწევა და იცოდეთ, რომ თქვენ უნდა იამაყოთ“. სამწუხაროდ, ამის სათქმელად ახლა მარტამდე მომიწევს დაცდა“.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელი თომას ტუხელი: „ფანტასტიკური თამაში იყო. ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების რწმენით და ყველა ასპექტში შესანიშნავად ვითამაშეთ. დღეს ჩვენს ფეხბურთს საფუძვლად ედო გუნდური სულისკვეთება, რწმენა და კლასი. ბოლო ნახევარი საათი ათი კაცით დავრჩით თერთმეტის წინააღმდეგ, ამ გუნდთან კი ნახევარი საათი ორ საათს უდრის. ესპანეთის ნაკრების კლასი ენით აუწერელია. თან თამაში მადრიდში იყო“.

ერთა A ლიგის მე-3 ჯგუფში ხორვატიამ ჩეხეთს 2:1 მოუგო. საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: 15 ქულით პირველ ადგილზე გავიდა ინგლისი; 15 ქულა აქვს მეორეზე გასულ ესპანეთსაც; მესამეზე არის 6 ქულიანი ხორვატია, ხოლო ჩეხეთი უქულოდ დარჩა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.