მუდრიკი: ჩემი დოპინგ სკანდალი უკრაინის ნაკრების ბრალია

მუდრიკი: ჩემი დოპინგ სკანდალი უკრაინის ნაკრების ბრალია

მიხაილო მუდრიკი „ჩელსიმ“ 2023 წლის ზამთარში 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებად იყიდა. თანხა ჯამში 100 მილიონამდე ავიდა. უკრაინელში ასეთი ფულის გადახდა დასავლეთ ლონდონელთა მხრიდან სარისკო იყო – თავდამსხმელმა „ლურჯების“ შემადგენლობაში 73 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა. საყოველთაო აზრით მან მოლოდინი ვერ გაამართლა. და ამას დაემატა დოპინგ სკანდალი, რომლის გამოც მუდრიკს 2024 წლის 28 ნოემბრის მერე აღარ უთამაშია.

აკრძალულ ნივთიერებას, რომელიც მუდრიკმა მიიღო მელდონიუმი ჰქვია. ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ის მოედანს მიმდინარე სეზონში უკვე „ტოტენჰემის“ მაისურით დაუბრუნდა. „ტოტენჰემში“ თავდამსხმელი „ჩელსიმ“ იჯარით გაუშვა. მან 5 სექტემბერს „ნოტინგემ ფორესტთან“ 16 წუთი ითამაშა და… კოჭის ტრავმა მიიღო.

დღეს მიხაილო მუდრიკი კვლავ მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება, ოღონდ მანამდე ცნობილ უკრაინულ პოდკასტში „სტუმრად გორდონთან“ თავის მდგომარეობაზე, მათ შორის კი დოპინგ სკანდალზეც ილაპარაკა.

„როდესაც გავიგე, რომ ორგანიზმში დოპინგი აღმომიჩინეს, დამეუფლე შეგრძნება, რომ ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდნენ. თითქოს ღრმად ჩამეძინა და სადღაც ჩავვარდი, მაგრამ სიზმარი ადრე თუ გვიან მთავრდება, რეალობა კი უსასრულოდ გრძელდება. ეს იყო დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა. თავიდან ვერც კი ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ცრემლი მერე წამსკდა, როდესაც ემოციამ გარეთ დაიწყო გამოსვლა“, – თქვა 25 წლის ფეხბურთელმა.

უმძიმეს დღეში ჩავარდნილ მუდრიკს ბნელი აზრები მოსდიოდა: „დიახ, ძალიან გამიჭირდა, ვტიროდი. მინდოდა დარდი ალკოჰოლში ჩამეხშო. გონებაში მრავალი აზრი მიტრიალებდა, მაგრამ თვითმკვლელობაზე არ მიფიქრია, რადგან ვიცოდი, რომ ეს გამოსავალი არ იყო“.

დღეს მუდრიკი უკეთ არის და იმედოვნებს, რომ უფრო გაძლიერდა.

„ასეთ ისტორიას ორი დასასრული შეიძლება ჰქონდეს: ადამიანი გააძლიეროს ან გატეხოს. იმედი მაქვს, რომ ჩემს შემთხვევაში საქმე გაძლიერებასთან გვაქვს. ბოლოს და ბოლოს კვლავ ფეხბურთს ვთამაშობ, ხალხს წყნარად ველაპარაკები, თავს კარგად ვგრძნობ და ფსიქიკური ჯანმრთელობა შევინარჩუნე“, – ამბობს მუდრიკი.

მაინც როგორ მოხვდა დოპინგი მის ორგანიზმში? თავდამსხმელის მტკიცებით დოპინგ სკანდალი ნაკრების ბრალია.

„მელდონიუმი ჩემს ორგანიზმში მხოლოდ უკრაინის ნაკრებში თუ მოხვდებოდა, – ამბობს მუდრიკი, – ეს ნივთიერება ინგლისში არ იშოვება. ჩვენს ნაკრებს კი ჰყავს ნუტრიციოლოგი რომელიც აბებს ჭიქით გვირიგებს და თითოეული ფეხბურთელი ვალდებულია ისინი გადაყლაპოს. მეკითხებით მომხდარზე უკრაინის ნაკრები თუა პასუხისმგებელი? სრულიად. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ კი თავი მომაჩვენა თითქოს მეხმარებოდა, მაგრამ სინამდვილეში მეტი პრობლემა შემიქმნა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.