ჩემპიონთა ჯახი მესხზე

ჩემპიონთა ჯახი მესხზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ავჭალიდან“ „მიხეილ მესხზე“ გადაინაცვლეbს და ვაკის ამ სტადიონზე დაასრულებს 2026 წლის კამპანიას სახელწოდებით „მსოფლიო რაგბის ერთა თასი“.

ცხადია, ტურნირის კალენდარი მის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე ყალიბდება, თუმცა ორგანიზატორების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ მათ სწორად განსაზღვრეს მსოფლიო რაგბის ტიერ 2-ზე ძალთა ბალანსი და საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებთა მატჩი ბოლო ტურისთვის შემოინახეს.

მართალია, 21 ნოემბერს, 18 საათზე დაიწყება მატჩი, რომლის შედეგს აბსოლუტურად არანაირი საშეჯიბრო დატვირთვა აღარ ექნება, მაგრამ ისიც ეჭვგარეშეა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები კიდევ მიუახლოვდებიან იაპონიის ნაკრებს მსოფლიო რეიტინგში“, რადგან „მამაცი საკურები“ უდიდესი ალბათობით წააგებენ თვის მატჩს შოტლანდიასთან.

თუმცა, ისიცაა, რომ რეიტინგ-ლისტში მე-13 პოზიციაზე მყოფი საქართველო მომდევნო საფეხურზე მდგარ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს იმდენად უსწრებს, რომ სტატუს-ქვოს ქართველებს „მესხზე“ მარცხიც კი ვერ შეუცვლის.

რაც შეეხება განვლილ გზას და ჩემპიონობას, როგორც ბორჯღალოსნებმა, ისე „არწივებმა“ საანგარიშო ტურნირის ხუთივე მატჩი მოიგეს, თითო – ბონუსის გარეშე, ქულათა რაოდენობაც ერთნაირი აქვთ – 24-24, ორივემ საკუთარ პულში პირველობა ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა და ორივეს შესაბამისი ჯილდო შაბათს „მიხეილ მესხზე“ საზეიმოდ გადაეცემა – საქართველოს ევროპა-აზია-აფრიკის ექვსეულში გამარჯვებისთვის, აშშ-ს  ამერიკა-წყნარი ოკეანის რეგიონისაში.

ქართულ ამერიკული სარაგბო წარსული ურთიერთობა 8 მატჩისგან შედგება, რომელთაგან 5 თამაში ბორჯღალოსნებმა მოიგეს, 3 – „არწივებმა“.

რაც შეეხება ქართველთა შემადგენლობას, ბექა გიგაშვილი 50-ე კეპის მოსახვეჭად ემზადება, ხოლო ლუკა გოგინავა, თორნიკე ჯალაღონია და თედო აბჟანდაძე ნოემბრის მატჩებში პირველად მიიღებენ მონაწილეობას, სამივე – მარქაფიდან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აშშ-თან მატჩში:

1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 4 კეპი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ოიონა, 34, 70), 3. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეტერი, 9, 15), 4. გაგი მარგველაშვილი (რასინგ-92, 2, 0), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბრივი, 91, 15), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 35, 35), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 59, 30), 8. ბექა გორგაძე (პო, 55, 70), 9. გელა აფრასიძე (ანგულემი, 68, 70), 10. ლუკა მატკავა (ოიონა, 42, 333), 11. დაჩი პაპუნაშვილი (მონტობანი, 8, 17), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 25, 35), 13. გიორგი შველიძე (ბრივი, 11, 5), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 65, 280), 15. დავით ნინიაშვილი (კაპიტანი, ლა როშელი, 53, 124).

მარქაფა: 16. ლუკა გოგინავა (ბეზიე, 8, 0), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 24, 5), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 49, 25), 19. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, 3, 5), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 24, 30), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 52, 60), 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 109, 103), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 66, 413).

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.