ჰარი კეინი კიოლნთან დაშავდა

ჰარი კეინი კიოლნთან დაშავდა

ჰარი კეინს კოჭთან მყესი გაუწყდა და შეიძლება სამი თვის გაცდენა მოუხდეს. ეს „ბაირნისა“ და „კიოლნის“ შეხვედრის მე-20 წუთზე მოხდა. „ალიანც არენაზე“ შეხვედრა 1:1 დამთავრდა. ის ფაქტი, რომ 33 წლის ინგლისელის ტრავმა მძიმეა, „რეკორდმაისტერის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა დაადასტურა.

„ოქროს ბურთის“ 2026 წლის ლაურეატს კოჭი ყოველთვის პრობლემური ჰქონდა. ის 17-წლიან კარიერაში ამ მიზეზით უკვე მეცხრედ გამოაკლდა გუნდს. კეინი შვეიცარიელ ჟოელ შმიდთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა. ამ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა „კიოლნის“ ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების კაპიტანია, რომელსაც „სამი ლომის“ ისტორიაში ყველაზე მეტჯერ აქვს ნათამაშევი. მან რეკორდი გასულ კვირაში მოხსნა.

„ბაიერნის“ მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ, რომელმაც ოქტომბერში გონება დაკარგა და წაქცევის დროს მხარიც იტკინა, კეინი ტომ ბიშოფით შეცვალა. ბიშოფი 21 წლის გერმანელი ფეხბურთელია, რომელიც „ჰოფენჰაიმის“ ბავშვთა სტრუქტურებში აღიზარდა.

ინგლისური მედია წერს, რომ კეინს ტრავმის გამო 20 იანვარს ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, ეს შეხვედრა კი იმით იქნებოდა საინტერესო, რომ გერმანული გუნდის ფორვარდს მოუწევდა თავისი „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ დროინდელი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს გუნდის წინააღმდეგ თამაში – შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო ცოტა ხნის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცად დანიშნეს.

აქვე ინდა აღინიშნოს, რომ „ბაიერნისა“ და „კიოლნის“ შეხვედრის შესვენებისას მასპინძლებს მაიკლ ოლისეს შეცვლაც მოუწიათ. ფრანგიც დაშავდა.

რაც შეეხება ქართველი გულშემატკივრის ინტერესის საგანს ლუკა ლოჩოშვილს, მან სხვადასხვა საიტებისგან ასეთი ქულები დაიმსახურა:

flashscore – 6.8; sofascore – 7.2; whoscored – 6.9; fotmob – 7.2

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.