ფლიკი და ლუის ენრიკე დღევანდელ თამაშს ერთნაირად ხედავენ

ფლიკი და ლუის ენრიკე დღევანდელ თამაშს ერთნაირად ხედავენ

„პარი სენ ჟერმენთან“ თამაშის წინ პრეს-კონფერენცია გამართა „ბარსელონას“ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, რომელმაც ახსნა, თუ როგორ შეეცდება ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის ძლევას.

„მინდა ვითამაშოთ საკუთარი თავის რწმენით, უშიშრად და თანმიმდევრულად. ჩვენს წინააღმდეგ იდგება ბოლო ორი წლის საუკეთესო გუნდი. ეს თავის გამოჩენის დიდებული შესაძლებლობაა. ამ შეხვედრის ბედს დიდწილად ნახევარდაცვა გადაწყვეტს. ორივე გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. თუ ბურთი შენ გექნება მოწინააღმდეგე გოლს ვერ გაგიტანს… ამასთან, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან პსჟ კონტრშეტევაზე ძალიან ძლიერია. შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია… ორ გუნდს შორის განსხვავება დაღვინებაა. პარიზელები ბოლო წლებში ძალიან განვითარდნენ. მათ დიდი გამოცდილება შეიძინეს. გაოცება გიპყრობს როდესაც უყურებ, თუ როგორ შემოატრიალებენ ხოლმე ისინი თამაშს ბოლო წუთებში“, – თქვა გერმანელმა.

„ბარსელონამ“ სეზონი საუცხოოდ დაიწყო: 11 შეხვედრაში 11 გამარჯვება მოიპოვა. გუნდს საშუალოდ ერთ თამაშში 4 გოლზე მეტი გააქვს, თუმცა ტოპ-მოწინააღმდეგეს ჯერ არ შეხვედრია.

„ეს ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება“, – დასძინა ფლიკმა.

საინტერესოა, რომ მოგების პრინციპი ფლიკის მსგავსად წარმოუდგენია „პარი სენ ჟერმენის“ თავკაც ლუის ენრიკესაც, რომელმაც თავის პრეს-კონფერენციაზე თქვა: „თუ „ბარსელონას“ დამარცხება გინდა ბურთი შენ უნდა გქონდეს. როდესაც მას დაკარგავ, მყისვე პრესინგი უნდა ითამაშო, რომ დაიბრუნო. ეს სათქმელად იოლია, მაგრამ შესასრულებლად ძნელი“.

პსჟ „ბარსელონასთან” სათამაშოდ ემზადება

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.