იმსახურებს ხვიჩა კვარაცხელია დღეს, სამშაბათს, 20 ოქტომბერს „ბარსელონას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ყოფნას? – ეს შეკითხვა საფრანგეთში თუ მის გარეთ ბევრს გაუჩნდა, მათ შორის პორტალ footmercato-ს რომელმაც საგანგებო წერილი დაწერა და ამ წერილს ქვემოთ გთავაზობთ.
„მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის ასეთი თამაში საკმარისი არ არის“, – ასე დაწერა ხსენებულმა საიტმა „სტრასბურსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ შორის შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ. იმ დღეს ქართველი გარემარბის თამაში footmercato-მ 10-დან 3 ქულით შეაფასა.
„ეკიპმა“ „სტრასბურთან“ შეხვედრის შემდეგ კვარაცხელიას აჩრდილი უწოდა, ხოლო „პარიზიენმა“ უმნიშვნელო.
სად დაიკარგა ბრწყინვალე ქართველი, – კითხულობს footmercato – რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ვხედავდით? ახალი სეზონის დასაწყისში მისი კვალიც კი დაიკარგა – ეს იყო სტარტი, რომელსაც უკეთეს შემთხვევაში ჩავარდნა უნდა ვუწოდოთ, უარესში კი სერიოზული შეშფოტების საგნად უნდა მივიჩნიოთ. არადა, მან ხომ მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა ანუ დაისვენა და თითქოს ახალი სეზონის დასაწყისში გუნდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა ყოფილიყო.

მოხდა საპირისპირო, რის გამოც ლუის ენრიკემ ის ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა. მწვრთნელმა კვარაცხელია „სლოვანთან“ მოედანზე საერთოდ არ შეიყვანა, „მანჩესტერ სიტისთან“ კი მართალია 66-ე წუთის შემდეგ ათამაშა, მაგრამ მან შთაბეჭდილება საერთოდ ვერ მოახდინა. შემდეგ იყო ცუდი თამაში „სტრასბურთან“, სადაც მასპინძლებმა გოლი სწორედ მას მერე გაიტანეს, რაც კვარაცხელიამ მოედნის შუაში ბურთი დაკარგა. ასეთი თამაში მას სიკეთეს ვერ მოუტანს, მითუფრო მას მერე, რაც მარცხენა ფრთაზე დეზირე დუეს სახით ახალი კონკურენტი გამოუჩნდა. მართალია, ბრატისლავაში უმეტესი დრო დუემაც სკამზე გაატარა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ჯდომის საშიშროება რომ იგრძნო გონს მოეგო და მწვრთნელს სულ სხვა დონის ფეხბურთი აჩვენა.
„ბარსელონასთან“ დღევანდელი ჩემპიონთალიგური შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ვიტინიამ კვარაცხელია დაიცვა: „თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. ჩვენ ყველას გვაქვს უკეთესი და უარესი პერიოდები, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ რაც შეიძლება სტაბილურები ვიყოთ. მთელი სეზონის თანაბრად თამაში არ გამოდის. კარიერაში აღმავლობის და ჩავარდნა ყველას ჰქონია. იმედი ვიქონიოთ, რომ ისიც და სხვებიც ხვალ საუკეთესო ფეხბურთს გვაჩვენებენ“.
რა უნდა ჰქნას პსჟ-მ ამ კონკრეტულ მატჩში „ბარსელონას“ წინააღმდეგ? ათამაშოს კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში თუ არა? footmercato წერს, რომ ამ კითხვაზე ორი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. არის ხალხი, რომელსაც ძალიან უნდა, რომ თავდასხმაში პსჟ-მ კვარაცხელია – დემბელე – დუეს ტრიო გამოიყვანოს. მათი არგუმენტი ძლიერდება იმით, რომ „ბარსელონასთან“ შეხვედრაში ტრავმის გამო არ იქნება ნუნუ მენდეში და ასეთ პირობებში კვარას დაცვაში მუშაობის უნარი ლამინ იამალთან გამკლავების თვალსაზრისით შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. და არის ადამიანთა მეორე ჯგუფი, რომელსაც უნდა, რომ სეზონის ცუდი დასაწყისის გამო ქართველი დაისაჯოს, ხოლო მარხენა ფრთაზე გაბრწყინებისთვის ხელ-ფეხი დუეს გაეხსნას.
აქ footmercato შეგვახსენებს, რომ კვარაცხელია გასულ სეზონშიც გვიან ამოქმედდა და ლიგა 1-ში თავისი პირველი გოლი ნოემბერში, მე-12 ტურში გაიტანა. თუმცა სხვა სურათი იყო ჩემპიონთა ლიგაში, სადაც პირველი გოლი პირველივე შეხვედრაში „ატალანტას“ კარში შეაგდო, შემდეგ ტრავმის გამო „ბარსელონასთან“ ვერ ითამაშა, მაგრამ მოედანზე დაბრუნების შემდეგ „ლევერკუზენთან“ ისევ გაიბრწყინა.
შემდეგ footmercato დასძენს, რომ ეს ყველაფერი რასაკვირველია ასე იყო, მაგრამ მაშინ პსჟ-ს შემადგენლობაში მოხვედრა უფრო ადვილი იყო. დღეს „ბარსას“ წინააღმდეგ თამაშისთვის მაგნეს აკლიუში და ფერან ტორესიც იბრძვიან.
ასე რომ კითხვა კითხვად რჩება: ათამაშებს დღეს ლუის ენრიკე ქართველს სასტარტო შემადგენლობაში? პასუხს საღამოს გავიგებთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/10/2026 | 08:06უნდა ათამაშონ ბარსელონასთან კვარაცხელია თუ არა?
სიახლეები20/10/2026 | 06:54იამალი: პარიზო, მოვდივარ!
მთავარი ამბავი19/10/2026 | 09:04ბარკოლა: პრემიერლიგა ტაქტიკურად გაცილებით მარტივია
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 08:22სევილია მსაჯს რეალის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
