footmercato: შიშობენ, ჯვარედინი მყესები არ იყოს

footmercato: შიშობენ, ჯვარედინი მყესები არ იყოს

„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ბრწყინვალე, სანახაობრივ შეხვედრაში „ბარსელონას“ 4:2 მოუგო – ეს იყო მორიგი საუცხოო საღამო „პარკ დე პრენსზე“, რომელსაც… დიდი ჩრდილიც მიადგა და ეს ჩრდილი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაა. footmercato-ს თქმით შესაძლოა საქმე სერიოზულ დაზიანებასთან გვაქვს.

პორტალი შეგვახსენებს, რომ ქართველმა სეზონი ცუდად დაიწყო, რის გამოც მას სურდა „ბლაუგრანასთან“ თამაში საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად გამოეყენებინა. ის საქმეს მონდომებით შეუდგა. კვარაცხელიამ შეხვედრის პირველივე წუთებზე ძელს გაარტყა ბურთი, შემდეგ კი თანდათანობით შავ სამუშაოზე გადაერთო. ის შეტევაში შეიძლება ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ორთაბრძოლებს არ მორიდებია და მეორე ტაიმში სწორედ ერთ-ერთი მათგანის მსხვერპლი გახდა: ჩავი ესპარტთან უკიდურესად ძალისმიერი დუელის შემდეგ მოედანზე დაეცა. როგორც ეკრანზე გამოჩნდა, მან სავარაუდოდ მუხლი იტკინა. გავრცელებულმა კადრებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია: ქართველი მიწაზე ფეხს ვეღარ აბიჯებდა.

სამწუხაროდ, გულშემატკივარს არც მოგვიანებით გავრცელებულმა პირველმა ცნობებმა მისცა დამშვიდების საშუალება. „ეკიპი“ წერს, რომ მატჩის შემდგომმა ტესტმა ექიმებს ჯვარედინი მყესების გაწყვეტის ეჭვიც კი გაუჩინა. footmercato ამბობს, რომ ქართველის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი სწორედ ასეთი დაზიანების გამო გამოთქვამდა შეშფოთებას. მეორე მხრივ, საბოლოო დიაგნოზი ჯერ არ არსებობს. „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სჯობს ჯერ დამატებითი კვლევის შედეგებს დაველოდოთ.

კვარაცხელიას მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას დღეს, ოთხშაბათს ჩაუტარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა დაზიანება მიიღო მან და რამდენი ხანი დასჭირდება მკურნალობას. თუ ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დადასტურდა  footmercato-ს თქმით ლუის ენრიკე და მისი გუნდი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებიან. ასეთი ტრავმა თვეების განმავლობაში საჭიროებს მკურნალობას. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას სრულყოფილი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„საფრანგეთის დედაქალაქის კლუბისთვის ეს კატასტროფული იქნება, რადგან მან შესაძლოა შეტევაში თავისი ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი მოისაკლისოს“, – წერს footmercato.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.