კვარას ძელი და შავი სამუშაო

კვარას ძელი და შავი სამუშაო

უჩვეულო მატჩი გაიმართა „პარკ დე პრენსზე“, რომელშიც პსჟ-მ „ბარსელონას“ 4:2 მოუგო. ერთი მხრივ შედგა შესანიშნავი სანახაობა, მეორე მხრივ კი პარიზელთაგან ოსმან დემბელემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და მარკინიოსმა, ბარსელონალთაგან კი დანი ოლმომ მოედანი ტრავმების გამო დატოვეს.

პარიზელებმა ბოლოხანს განსაკუთრებით ნაქებ „ბლაუგრანას“ აჯობეს. ახლა მათ ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში სამი შეხვედრიდან სამი მოგება აქვთ. სტუმრებმა დეზირე დუესა და ლუკა ერნანდესის გოლებს ჩავი ესპარტისა და ლამინ იამალის გოლებით უპასუხეს, მაგრამ ვიტინიამ და ფაბიან რუისმა კიდევ ორჯერ მიაღწიეს მიზანს და პარიზელების გამარჯვებას დაჰკრეს ბეჭედი.

როგორ შეაფასეს კვარაცხელიას თამაში სხვადასხვა გამოცემებმა და საიტებმა?

maxifoot (5) – „პარი სენ ჟერმენის“ გარემარბს პირველ წუთებზე მონდომება არ დაუფასდა. ქართველს იღბალმა ზურგი აქცია, როდესაც შორიდან ძელს გაარტყა ბურთი. ამის შემდეგ ის შავ სამუშაოში უნაკლო იყო – რამდენიმე გარბენი შეასრულა და ენტონი გორდონს გოლი არ გაატანინა. შეტევაში კი მან მეკარე გარსიას ვერაფერი მოუხერხა. პლუს, შესვენების შემდეგ ესპარტომ ანგარიში მაშინ გაათანაბრა, როდესაც ბურთი კვარაცხელიამ დაკარგა.

footmercato (6)  – ბოლოხანს წარუმატებელმა ქართველმა კლასი სწრაფად აღიდგინა. მეორე წუთზე მან ძელს გაარტყა ბურთი, შემდეგ კი ბერნალს ის ფეხებს შორის გაუძვრინა, რითაც რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და წესი დაარღვევინა. ამის შემდეგ გამოცოცხლებულმა და ბურთის ფლობით შთაგონებულმა, 30-ე წუთზე ჩვეული ჩახვეული დარტყმა შეასრულა, მაგრამ სიძლიერე დააკლო. გარდა ამისა ის დაცვაშიც ბრწყინავდა. 33-ე წუთზე დიდი მანძილი გაირბინა და შთამბეჭდავი ჩაჭრა შეასრულა. დაცვაში ერთ-ერთი ასეთი  მოქმედების დროს კვარა დაეცა და მუხლი აიტკივა. ის მაგნეს აკლიუშით შეცვალეს, თუცა ყოფილ მონაკოელს თავი არაფრით გამოუჩენია.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე საიტის შეფასებას:

flashscore – 7.0; sofascore – 7.1; whoscored – 7.3; fotmob – 7.5

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.