რატომ გაიზარდა გოლების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაში?

რატომ გაიზარდა გოლების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაში?

ჩემპიონთა ლიგის ახლანდელი ფორმატი უეფამ 2024-25 წლების სეზონში შემოიღო. იდეა ასეთი იყო: მეტი გუნდი, მეტი თამაში, მეტი გოლი. და გულშემატკივარმა ეს ყველაფერი მართლა იხილა. განსაკუთრებით მეტი გოლი.

BBC-ს ჟურნალისტი ალექს ბროზერტონი წერს, რომ გასული ორი სეზონის განმავლობაში შედეგიანობა მართლაც ძალიან გაიზარდა, წლევანდელ გათამაშებაში კი კიდევ უფრო მეტი გოლი გადის. სადღეისოდ გუნდებმა 187 გოლი გაიტანეს რაც საშუალოდ ერთ თამაშში 4.16 გოლს ნიშნავს – ასეთი მაღალი მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა.

„შეხედეთ, რა ფენომენალურ შედეგთან გვაქვს საქმე. რამდენი გოლი გავიდა, – ამბობს „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ძველი გარემარბი ეშლი იანგი, – თავდამსხმელები კარში უშეცდომოდ არტყამენ“.

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა სტივენ უორნოკმა კი თქვა: „დაუჯერებელია. ეს ძალიან უჩვეულოა!“

საყურადღებოა, რომ ამჟამინდელი უხვგოლიანობა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ისტორიისთვის კი არ არის სარეკორდო, არამედ ძველი ჩემპიონთა თასის ისტორიისთვისაც განსაკუთრებულია – მესამეა. მას მხოლოდ 1959-60 (4.19) და 1955-56 (4.38) წლების სეზონები უსწრებს.

სამშაბათს ოთხ შეხვედრაში 40 გოლი გავიდა. კიდევ უფრო სანახაობრივი იყო წინა კვირა. გასულ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი დღე დადგა –  9 გოლით მეტი გავიდა ვიდრე მიმდინარე სეზონის პირველ ტურში მთლიანად (69) – ეს კი ახალი ფორმატის დანერგვის დღიდან მოყოლებული მეორე მაჩვენებელი გამოდგა.

ახალი ფორმატის შესახებ უეფამ 2021 წელს გამოაცხადა და ის იმთავითვე ცხარე განხილვის საგნად იქცა. ცხადია 2024-25 წლების სეზონის ანუ მისი პრაქტიკულად შემოღების მერე კამათი კიდევ უფრო გაცხოველდა.

გავიხსენოთ ისტორია: ჩემპიონთა თასის გათამაშებას საფუძველი 1956-57 წლების სეზონში ჩაეყარა. პირველად ეს იყო ექვსი გუნდის შეჯიბრება, რომელიც 1967 წელს 32 გუნდიან ტურნირად გადაიქცა, სადაც გუნდები ნოკაუტის ანუ ფლეი-ოფის პრინციპით ავლენდნენ გამარჯვებულს. 1992 წელს კი ჩემპიონთა თასი ჩემპიონთა ლიგად გარდაიქმნა. შეჯიბრებას დაემატა ჯგუფური ეტაპი, რომლის საუკეთესო 16 გუნდი უკვე ფლეი-ოფის სათამაშოდ დაწყვილდა.

ცოტა ხნის განმავლობაში ორ ჯგუფურ ეტაპს მართავდნენ, მაგრამ ფორმატმა არ გაამართლა და 2003-04 წლების სეზონიდან ორგანიზატორები ისევ ერთ ჯგუფურ ეტაპს დაუბრუნდნენ. 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფად დაყვეს, რომელთა პირველი და მეორე გუნდი მერვედფინალიდან აგრძელებდა თასისთვის ბრძოლას.

2024-25 წლების სეზონში ჯგუფური ეტაპი ჩაანაცვლა ეგრეთწოდებულმა ლიგის ფაზამ, რომელიც 36 გუნდს აერთიანებს. თითოეული გუნდი თითოჯერ ხვდება რვა მოწინააღმდეგეს. საერთო ცხრილში 9-24 ადგილებზე გასულები გადიან ფლეი-ოფის ეტაპზე, სადაც ჩვეულებრივად წყვილებად იყოფიან და შინ და სტუმრად თამაშით არკვევენ 8 გამარჯვებულს, რომლებიც პირველ 8-ს მერვედფინალში შეუწყვილდებიან. ლიგის ეტაპზე შეჯიბრებას ბოლო 8 ადგილზე გასული გუნდი ეთიშება.

მაშ ასე, ლიგის ანუ ძველებურად, გასაგებად რომ ვთქვათ ჯგუფური ეტაპის შემდეგ რჩება 24 გუნდი. სხვა სიტყვებით, მონაწილეთა დიდი უმრავლესობა შეჯიბრებაში რჩება ანუ წაგება ისეთი საშიში არ არის და… ბევრის აზრით გუნდები თავს უფრო ღია ფეხბურთის თამაშის ნებას აძლევენ.

„თაიმზის“ მიმომხილველ ტომ არნოტს მიაჩნია, რომ სანახაობრივი მხარე ამაღლდა, მაგრამ კლასისა რა მოგახსენოთ.

აი, მაგალითიც: რაკი გუშინ პსჟ და „ბარსელონა“ წაგების შემთხვევაში  არაფერს ჰკარგავდნენ, რატომ უნდა ჩაკეტილიყვნენ თავიანთ ნახევარზე და 0:0-ისთვის რატომ უნდა ეთამაშათ? რატომაც არ უნდა წასულიყვნენ ვა-ბანკზე?

თემა აშკარად საინტერესოა და მასზე დაფიქრება ღირს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.