პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?

პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?

სამშაბათ საღამოს, როდესაც ფეხბურთელები „პარკ დე პრენსს“ ტოვებდნენ „პარი სენ ჟერმენში“ პესიმიზმი მეფობდა. კარგს არაფერს მოასწავებდა კადრები, რომლებზეც ჩანდა, თუ როგორ გადიოდა ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან კლუბის ორი თანამშრომლის დახმარებით, ის კი მიწაზე ფეხს ვერ აბიჯებდა. სამშაბათ დილას საბოლოო განაჩენიც გამოცხადდა. პსჟ-ს სამედიცინო დასკვნაში ეწერა ყველაზე არასასურველი რამ: „ბარსელონასთან“ შეხვედრის დროს კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა. მას ქირურგიული ოპერაციის გაკეთება მოუწევს“ – აი, ასე იწყება „პარიზიენის“ წერილი სათაურით: „როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიცარიელე რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შედეგად გაჩნდა“.

ეს იყო სერიოზული დარტყმა, რომელმაც, გაზეთის თქმით, დაუვიწყარი საღამო დაამძიმა. პარიზელებმა მძლავრად ითამაშეს და ჩემპიონთალიგური ამბიციები დაადასტურეს „ბარსელონასთან“ შეხვედრაში, რომელსაც სეზონის დასაწყისიდან ერთი თამაშიც არ ჰქონდა წაგებული და კიდევ ერთ ევროპულ გრანდად ითვლებოდა. თან, ლაპარაკია არა მარტო კვარაცხელიას, არამედ ოსმან დემბელესა და მარკინიოსის ტრავმებზეც –ლაზარეთში ნუნუ მენდეშს ისინიც შეუერთდნენ.

წინასწარი შეფასებით ქართველი მოედანს 6-9 თვეზე ადრე ვერ დაუბრუნდება. მისთვის სეზონი ალბათ უკვე დამთავრებულია. უკეთეს შემთხვევაში ის აპრილის ბოლოს შეძლებს თამაშს, თუმცა ეს მეტისმეტად ოპტიმისტური სცენარია.

ეს დარტყმა გუნდისთვის კიდევ იმიტომ არის მტკივნეული, რომ კვარაცხელია – თუმც სეზონი ვარსკვლავურად ვერ დაიწყო – დიდი მატჩების ოსტატია. მან იცის როგორ გამოიჩინოს თავი სწორედ მაშინ, როდესაც ფსონი ყველაზე მაღალია. თავის ინსტაგრამზე 25 წლის ფეხბურთელმა იმედგაცრუება არ დამალა: „მეგონა ყველაფრისთვის ვიყავი მზად, მაგრამ ამისთვის – არა“. შემდეგ კი მარტივი, მაგრამ ტკივილით სავსე კითხვა დასვა: „რაღა მე? და რაღა მაინცდამაინც ახლა?“.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარდაჭერა გამოუხატა და სიმტკიცე გამოამჟღავნა: „ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია. არ გიღალატებთ, პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ“.

კვარაცხელიას გამოკლება დიდ სიცარიელეს აჩენს. გოლებისა და საგოლე პასების გარდა ის აქტიურობის,  პრესინგისა და დაცვაში თავდადებული თამაშის წყალობით პსჟ-ში გუნდური თამაშის უმნიშვნელოვანესი ელემენტი გახდა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ პარიზელებმა 2029 წლამდე მოქმედი ამჟამინდელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე დაიწყეს მუშაობა. „პარიზიენის“ ინფორმაციით ბოლო კვირების განმავლობაში საქმემ ფრიად გაიწია წინ. პსჟ-ს გარემარბი გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, კლუბმა კი მის კანდიდატურას დემბელესთან ერთად „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში დაუჭირა მხარი.

ახლა გასარკვევია, როგორ უნდა იმოქმედოს ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე. აქ იკვეთება 21 წლის დეზირე დუეს ფიგურა, რომელმაც კვარაცხელიას ტრავმამდე შეძლო ახალ სიმაღლეზე ასვლა: „მანჩესტერ სიტისთან“ და „ბარსელონასთან“ გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ოქროს ბიჭუნამ“ დაამტკიცა, რომ მას ხმაურიანი მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

საერთოდ დუე უფრო მარჯვენა ფრთაზე თამაშს არის დაჩვეული, მაგრამ მარცხნიდანაც დამაჯერებელი გახდა და როგორც ჩანს ამას მიმდინარე სეზონში კარგად დაამტკიცებს. მაგრამ, მისთვის კვარაცხელიას ერთპიროვნულად ჩანაცვლება მეტისმეტი დავალება იქნება. და აქ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ლუის ენრიკეს ხელთ სხვადასხვა ვარიანტებიც არის.

ერთი მათგანია მაგნეს აკლიუში, რომელმაც მწვრთნელის მოთხოვნებს იოლად აუღო ალღო. ის სანდო ალტერნატივა ჩანს. დაწინაურების საშუალება მიეცემა ფერან ტორესსაც, რომელმაც სეზონი ჩინებულად დაიწყო, მაგრამ მერე მომენტი დაკარგა. მიკა გოდტსს ჯერ კიდევ სჭირდება რიტმის პოვნა. მან უნდა ითამაშოს ის ფეხბურთი, რომელიც სანაკრებო პაუზის დროს ბელგიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში აჩვენა. პსჟ-ს შეტევის გასაძლიერებლად შეძენილ ტრიოს მომდევნო თვეებში უფრო დიდი როლის შესრულების საშუალება მიეცემა.

კვარაცხელიას ტრავმამ ხალხს კვლავ გაახსენა ბრედლი ბარკოლას 145 მილიონ ევროდ „ლივერპულში“ გაყიდვის ამბავი. სისწრაფით და გარღვევებით გამორჩეული ყოფილი ლიონელი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კვარას ბუნებრივი ალტერნატივა იყო, მაგრამ მას ახალი გამოწვევა სწყუროდა და კლუბმა ხელი აღარ შეუშალა.

ბოლოს და ბოლოს ნუნუ მენდეშსაც შეუძლია წინ თამაში, მაგრამ ლუის ენრიკემ შეიძლება ჩათვალოს, რომ მისი წინ გაწევის შემთხვევაში დაცვაში ბალანსი დაირღვევა. აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ხომ არ უნდა შეიძინოს კლუბმა ზამთარში ახალი ფეხბურთელი? პასუხი ასეთია: სავარაუდოდ ეს რთული იქნება, რადგან მოსაძებნია მოთამაშე, რომელიც მყისიერად შეერწყმება პსჟ-ს და ეფექტსაც მყისიერად მოახდენს.

ბუნებრივია როტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები ნდჯანტუ და მაიულუ.

„ამრიგად, ვარიანტები არსებობს, მაგრამ კვარაცხელია კვარაცხელიაა. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვის თქმა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში შეუძლია. ასე რომ ამოცანა, რომელიც ლუის ენრიკეს წინაშე დგას უფრო ასეთია: მან კვარას არყოფნით გამოწვეული უარყოფით შედეგები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს!“, – წერს სტატიის ავტორი ბენჟამენ ქუარესი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.