გია

გია

იცი, იმ დროს მამაჩემი, ვაჟა, დილაუთენია საწოლიდან წამომაგდებდა, კიკვიძის პარკში ჩამარბენინებდა და იქ მავარჯიშებდა. მერე შინ დავბრუნდებოდი, ცოტას სულ მოვითქვამდი და ათ საათზე უკვე დინამოზე ვიყავით, — მომიყვება გია ნემსაძე ბევრი წლის შემდეგ…

დინამოზე, უფრო სწორად, დინამოს „გარევოიზე“ — იქ, სადაც ახლა ავტომობილების პარკინგია, — ტყავის ბურთის საქალაქო პირველობა ტარდებოდა. თბილისის რაიონების გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: 1 მაისის, ლენინის, კალინინის, ორჯონიკიძის, ოქტომბრის, საქარხნო რაიონებისა და სხვა გუნდები. ბავშვთა გუნდები ჯერ საკუთარ რაიონებში არკვევდნენ უძლიერესის ვინაობას, შემდეგ ქალაქის მასშტაბით, მერე რესპუბლიკის პირველობაზე და ბოლოს საბჭოთა კავშირის ასპარეზზე.

დღეში ორი-სამი თამაში იმართებოდა. გიას გუნდი ლენინის რაიონს წარმოადგენდა, ჩემი — ორჯონიკიძისას. სწორედ მაშინ დაიქუხა პირველად გია ნემსაძის სახელმა.

სხვა გუნდების მატჩებს, ძირითადად, ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ — 100-200 კაცი თუ შეიკრიბებოდა. ლენინის რაიონის თამაშებზე კი მოედნის ირგვლივ ტევა არ იყო. ხალხი გია ნემსაძის სანახავად მოდიოდა, ისიც თავისებურ საფეხბურთო კონცერტებს მართავდა… თანატოლებს ათი თავით აღემატებოდა. მაშინ გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობდა. მის გუნდს რვა გოლი რომ გაეტანა, ექვსი თავად გაჰქონდა, ორს კი მისი პასით იტანდნენ. თანაც, დილის ვარჯიში უკვე მოლეული ჰქონდა.

გია ნემსაძე — ეს სახელი ყველას პირზე ეკერა.

ასე, დინამოზე, იმ „გარევოიზე“ შევხვდით პირველად ერთმანეთს. მერე კი…

ერთ დღესაც, სკოლიდან შინ დაბრუნებულმა, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი სპორტული გაზეთი სოვეტსკი სპორტი გადავშალე. საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრები რომელიღაც ტურნირისთვის მზადებას იწყებდა და შემადგენლობაც იქვე იყო გამოქვეყნებული. შავად თეთრზე ეწერა: გიორგი ნემსაძე.

არ გამკვირვებია — მესიამოვნა. მეორე დღესვე თანაგუნდელებსა და მწვრთნელს ვუთხარი: ასე და ასეა-მეთქი. ჩვეულებრივ ამბად მიიღეს. არადა, ამხელა საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოიძახეს ბიჭი!

ნაკრების მწვრთნელი ბორის იგნატიევი იყო. მერე გავიგე, რომ თბილისში ჩამოსული ეს კაცი უკან ისე არ ბრუნდებოდა, გია რომ არ ენახა. უყვარდა და აფასებდა.

გია ვარჯიშს აგრძელებდა და დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მე კი ჟურნალისტიკას გავყევი. პროფესიული საქმიანობის წყალობით ნელ-ნელა დავმეგობრდით. რედაქციაში ვიქნებოდით თუ საკონფერენციო დარბაზში, ტრიბუნაზე თუ ქუჩაში, სუფრასთან თუ თვითმფრინავში, თბილისში თუ პრაღაში — ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებული იყო.

არსებობს ჟურნალისტური სტანდარტი და არსებობს ადამიანური მორალი. უნდა ვაღიარო: ჩვენს ურთიერთობაში ფურცელი და კალამი, კამერა და მიკროფონი უფრო დეკორაცია იყო, ვიდრე…

თუმცა ერთხელ მაინც გაბრაზდა — 1997 წლის ზაფხულში. ეს ამბავიც მოგვიანებით მიამბო. მანამდე არაფერი შეუმჩნევია.

გია ლონდონის არსენალში, არსენ ვენგერთან უნდა გადასულიყო. თურქული ტრაბზონსპორიდან ახალი წამოსული იყო, როდესაც აგენტისგან, ივან ბენეშისგან, არსენალის ინტერესის შესახებ შეიტყო. ლონდონში ჩავიდნენ. ვენგერის ხელმძღვანელობით გიამ რამდენჯერმე ივარჯიშა, ბენეშმა კლუბთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართა და ბოლოს თქვა, რომ ნემსაძის არსენალში გადასვლას წინ აღარაფერი ეღობებოდა.

გია თბილისში დაბრუნდა და ლონდონური კლუბიდან მიღებული სპეციალური გრაფიკით ინდივიდუალური მზადება განაგრძო. არსენალი მასთან მუდმივ კავშირზე იყო, მაგრამ…

„დილით სარბიელი ავიღე და რას ვხედავ — პირველ გვერდზე დიდი ასოებით წერია: „არსენალის არსენმა არაო, თქვა“. ელდა მეცა, ყველა გაზეთის დაგლეჯვა მინდოდა. გაოგნებული ვკითხულობდი და არ მჯეროდა“, — გაიხსენებს გია ნემსაძე თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ სარბიელის პოდკასტში.

სამწუხაროდ, ამბავი მართალი აღმოჩნდა. არსენ ვენგერმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და ნემსაძის ნაცვლად სხვა ფეხბურთელი აიყვანა — მოთამაშე, რომელიც იმ დროისთვის უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო.

არსენალის ისტორია დასრულდა და რამდენიმე დღეში გია უკვე შვეიცარიაში იყო. იქაურმა ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, გრასჰოპერსმა, კონტრაქტი ჩასვლისთანავე გაუფორმა.

გიამ შვეიცარიაში შთამბეჭდავად დაიწყო და ზამთარში ისევ ივან ბენეშმა დაურეკა: სასწრაფოდ ჩაალაგე ჩემოდანი, მადრიდში გელოდებიანო. იმხანად მადრიდის ატლეტიკოს პრეზიდენტი ხესუს ხილი ხილი იყო, რომელიც, ამავე დროს, კურორტ მარბელას მერიც გახლდათ. გუნდის მწვრთნელი კი დიდი იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი.

გია მადრიდში ჩავიდა. როგორც ახალწვეულს, ისე დახვდნენ, საწვრთნელი ბაზა და სტადიონი დაათვალიერებინეს, კლუბის თანამშრომლები გააცნეს და საგანგებო სადილიც გამართეს. კონტრაქტის გაფორმებამდე თითქოს მხოლოდ ფორმალობა რჩებოდა.

მეორე დილით ატლეტიკოს უკვე შეთანხმებული სატრანსფერო თანხა შვეიცარიაში უნდა გადაერიცხა, გრასჰოპერსს კი ფეხბურთელი ოფიციალურად გაეთავისუფლებინა. ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა…

ახალი ტრანსფერის აღსანიშნავად დილით გია ნემსაძე, ივან ბენეში, არიგო საკი და კლუბის რამდენიმე წარმომადგენელი თავად ხესუს ხილი ხილისთან მიიწვიეს. თუმცა პრეზიდენტთან მიმავალი დელეგაცია გზაში შეაჩერეს: ხილი ხილი დაპატიმრებული იყო.

მას მარბელას ბიუჯეტიდან „ატლეტიკოში“ 3,7 მილიონი დოლარის უკანონოდ გადარიცხვას ედავებოდნენ. პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს და ატლეტიკოს საბანკო ანგარიშებიც დააყადაღეს. ბუნებრივია, ტრანსფერი ჩაიშალა.

მოგვიანებით გია ამ ამბავს ხალისით იხსენებდა. ამბავს, რომელიც სხვაგვარად რომ დასრულებულიყო, შესაძლოა, მისი კარიერისთვის სრულიად ახალი ფურცელი გადაეშალა. გია ნემსაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი იქნებოდა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ლიგაში, იმ დროის გამორჩეული მწვრთნელის ხელმძღვანელობით ითამაშებდა.

მაგრამ ასე არ მოხდა…

სამაგიეროდ, იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლავური და კაპიტნის რანგში: მისი ხელებით აღმართული ეროვნული გუნდის პირველი და დღემდე ერთადერთი თასი; ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩი — რუსეთთან; გუნდის წინამძღოლობა და ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი — დინამოსთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

და იყო უმთავრესი, ის, რასაც ვერც წარუმატებელი ტრანსფერი წაგართმევს და ვერც კარიერის აუხდენელი ოცნება გააუფასურებს — ხალხის სიყვარული!

გია, მოგვენატრები.

ავტორის პროფილი

კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.