ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ

ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ

„ბარსელონას“ გულშემატკივრები ენტონი გორდონს შემოსწყრნენ. მათი აზრით გარემარბმა ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენთან“ ცუდად ითამაშა. ზოგიერთმა „კულემ“ სოციალურ ქსელში ისიც კი დაწერა, თუ გუნდში მაინცდამაინც ინგლისელი უნდა გვყავდეს მარკუს რაშფორდი დააბრუნეთო.

გორდონს, რომელიც „ბარსაში“ გასულ ზაფხულს 70 მილიონ გირვანქად „ნიუკასლიდან“ გადავიდა „პარკ დე პრენსზე“ აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ გაუჭირდა. კატალონიაში ფიქრობენ, რომ მან შეტევაში თავისი გუნდი ვერ აიყოლია და ვერ ითამაშა ის ფეხბურთი, რომელსაც მისგან ელიან.

ხვალ, კვირას კი „ბარსელონას“ „ელ კლასიკო“ ანუ „რეალთან“ შეხვედრა ელის.

ინგლისური გაზეთი „სანი“ პსჟ-თან თამაშის შემდეგ ბარსელონელი გულშემატკივრის რეაქციებს ჩაუჯდა და აღმოაჩინა, რომ ერთმა, მაგალითად, დაპოსტა რაშფორდის საუკეთესო მომენტების კოლაჟი რომელიც წუთსა და 25 წამს გრძელდებოდა და მიაწერა: „მენატრება ის დრო, როდესაც ჩემს გუნდში საიმედო მარცხენა გარემარბი თამაშობდა. დღეს ინგლისელ გარნაჩოს ვუყურებ“.

მეორემ დაწერა: „გულწრფელად რომ ვთქვათ „ბარსელონასთვის“ რაშფორდი უკეთესი ვარიანტი იყო ვიდრე გორდონია, რომელსაც ელემენტარული რაღაცების კეთებაც კი უჭირს“.

მესამე გულშემატკივარი: „ჩვენ მოვტყუვდუთ, როდესაც ვიფიქრეთ, რომ ენტონი გორდონი პრესინგის მოთამაშე მანქანაა, რომელიც დაუღალავად დარბის წინ და უკან. ჯერჯერობით ის რაშფორდს მაინცდამაინც ვერ სჯობს. რაშფორდი სტანდარტული მდგომარეობებიდან და მარცხნიდან ჩაკიდებებით მაინც იყო სახიფათო“.

„ბლაუგრანას“ შემადგენლობაში ენტონი გორდონმა ჯერჯერობით 11 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი ჩააწოდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.