როგორი იყო სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღე ესპანეთის ლა ლიგაში? AS წერს, რომ ის გიჟური გამოვიდა. გამოცემის ინფორმაციით ჯამში ჩატარებულა 55 ტრანსაქცია. აქ იგულისხმება როგორც ტრანსფერები, ასევე მთლად ახალი ფეხბურთელების აყვანა და მათი რეგისტრაცია. შარშან, ამ დროს ესპანურ კლუბებს 13 ფეხბურთელი უყიდიათ, წლეულს კი — 22. 1 სექტემბერს დატრიალებული ფული ჯამში 98.5 მილიონ ევროს გაუტოლდა.
ბოლო დღის ამბებიდან ბევრი მოულოდნელიც გამოდგა. ასეთი იყო, მაგალითად ალექსის სანჩესის „სევილიაში’’ ან ნიკო გონსალესის „ატლეტიკოში’’ გადასვლა. აიმერიკ ლაპორტე „ბილბაოში’’ დაბრუნდა, მანორ სოლომონმა „ვილიარეალს’’ მიაშურა, უნაი ლენსედორმა „ლევანტეს’’, შერალდო ბეკერმა კი „ოსასუნას’’. ეს ის ტრანსფერებია, რომლებიც კარის მიჯახუნების წინ განხორციელდა.
„ხეტაფეს’’ რთული კვანძის გახსნა მოუხდა. მან ფეხბურთელი გაყიდა, რათა ექვსი ახალწვეული აეყვანა. კრისტანტუს უჩეს საგა ბოლოს და ბოლოს მისი „კრისტალ პალასში’’ გადასვლით დასრულდა. ეს იჯარა გახლავთ, თუმცა კონტრაქტში წერია, რომ ინგლისურ კლუბს ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველის გამოსყიდვის უფლება 22 მილიონ ევროდ აქვს. ამ ფულით მადრიდელებმა აბუ კამარაც დაიმატეს და დარჩათ კიდეც.
მეტ და ქართველი გულშემატკივრისთვის უინტერესო დეტალებში რომ არ შევიდეთ, ვთქვათ, რომ ბოლო 24 საათში ერთი ან მეტი ფეხბურთელი ლა ლიგის თორმეტმა კლუბმა დაიმატა. ყველაზე დიდი ყურადღება „ჟირონამ’’ მიიპყრო. მან შეიძინა ბრაიან ხილი, ხორვატი მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი და უკრაინელი ცენტრალური თავდამსხმელი ვლადისლავ ვანატი.
და ბოლოს, მართალია სავარაუდოდ მთლად ბოლო წამის ტრანსფერად არ ითვლება, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე გასაკვირი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნამდვილად არის: „ვილიარეალმა’’ „ლიონისგან’’ ჟორჟ მიქაუტაძე იყიდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/08/2026 | 08:33გენდუზის გადარევა
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 07:21ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
