ინგლისელებისთვის უიღბლო სამშაბათი

ინგლისელებისთვის უიღბლო სამშაბათი

„რეალმა“ თამაში შემოატრიალა, რაიან შერკიმ „მანჩესტერ სიტი“ გადაარჩინა, „არსენალი“ გაწბილებული დარჩა და „ბეტისი“ მეოთხეზე აცოცდა… ასეთია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის სამშაბათის შეხვედრების მთავარი თემები.

„რეალი“… მადრიდელებმა ზედიზედ მეათე თამაში მოიგეს. ამჯერად ჟოზე მოურინიუს გუნდს „პსვ ეინდჰოვენი“ ემსხვერპლა – 5:1. როგორც თავში მოგახსენეთ ჯერ სტუმრები დაწინაურდნენ: ივან პერიშიჩმა 32-ე წუთზე პენალტი გაიტანა, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე ჯუდ ბელინგემის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. ჯერ ფედე ვალვერდემ გაათანაბრა, შემდეგ ინგლისელმა შეხვედრის ყველაზე ლამაზი გოლი შეაგდო, მესამე კილიან მბაპემ დაამატა, რასაც ბოლოს კვლავ მბაპესა და… ბელინგემის ნაცვლად შესული ვინისიუს ჟუნიორის გოლები დაემატა. ცნობისთვის: ვინისიუსს გოლი აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდაგატანილი. გასაკვირი არ რის, რომ ბრწყინვალედ მოთამაშე „რეალი“ 5 ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა.

რა სჭირს „მანჩესტერ სიტის“? პრემიერლიგაშია და ბოლო ოთხი თამაშიდან ერთიც ვერ მოიგო. ამას „ნაპოლისთან“ შინ 2:2 დაემატა. თან როგორი 2:2?! რაიან შერკის მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლი რომ არა, აგებდა. ორჯერ განმეორდა ერთი და იგივე: გაიტანა „ნაპოლიმ“ – გაათანაბრა „სიტიმ“.

წაიფორხილა კიდევ ერთმა ინგლისურმა გუნდმა, „არსენალმა“. „მეთოფეები“ შინ „დორტმუნდთან“ მე-10 წუთზე დაწინაურდნენ – გოლი ვიკტორ იოკერესმა გაიტანა – მაგრამ 55-ე წუთზე მაქსიმილიან ბაიერმა გაათანაბრა.

სესკ ფაბრეგასის „კომომ“ აეკს მხოლოდ 1:0 მოუგო, მაგრამ როგორც იტყვიან თამაშს აკონტროლებდა. იტალიური გუნდი 12 ქულით მესამეზე ავიდა. ფაბრეგასის ბიჭებს ალბათ უფრო იოლადაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ ამისათვის ფრანგ ლუკა დე კუნიას 29-ე წუთზე პენალტი უნდა გაეტანა. ერთადერთი გოლი ესპანელმა ლუის მიამ მეორე ტაიმში შეაგდო. დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ „კომოს“ ჯგუფური ეტაპის რვა გუნდს შორის დამთავრება ანუ პირდაპირ მერვედფინალში მოხვედრა ხელეწიფება.

როდესაც „ლანსმა“ ლაიფციგში 10 წუთში ორი გოლი გაუშვა, გულშემატკივარს წინა ტურის ჯოჯოხეთი გაახსენდა – „კომომ“ მისავე მოედანზე 9:1 მოუგო, – მაგრამ ამჯერად ფრანგები გადარჩნენ, მხოლოდ 1:3 წააგეს.

„ბეტისი“ კი ტოპ-ოთხეულის მოულოდნელი სტუმარია. ესპანურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგო, – სამშაბათს ბრატისლავაში „სლოვანთან“ (2:0) – და პირდაპირ მერვედფინალში მოხვედრაზე დაიწყო ფიქრი.

„გალათასარაი“ ცხრილში ნელ-ნელა მიცოცავს ზემოთ (დღევანდელ მატჩებამდე მეცამეტეზეა). პირველი ორი თამაშის წაგების შემდეგ სტამბოლელებმა „ასტონ ვილას“ 1:0 მოუგეს. ბირმინგემელებისთვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ინგლისური გუნდებისთვის სამშაბათი ნავსიანი გამოდგა.

„პორტუმ“ საუკეთესო ფეხბურთი ვერ ითამაშა, მაგრამ სტუმრად 1:0 მოუგო „ფეიენოორდს“. გოლი მე-2 წუთზე მაროკოელმა უსამა ტარგალინმა თავისი გუნდის კარში შეაგდო.

„ბოდო/გლიმტმა“ 1:0 მოუგო ავსტრიულ ლასკს. ნორვეგიელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი მხოლოდ 90+2 წუთზე გაიტანეს. ისიც სურინამელმა მელაირო ბოგარდმა (ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელის უინსტონ ბოგარდის ძმის შვილმა) თავის კარში შეაგდო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.