დუეს ოპერაცია ელის

დუეს ოპერაცია ელის

 დეზირე დუესთან დაკავშირებული შიში გამართლდა – „პარი სენ ჟერმენის“ 21 წლის შემტევს მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი მყესი გაუწყდა. მას თვის ბოლომდე ოპერაციას გაუკეთებენ. ფრანგ ვარსკვლავს მომდინარე სეზონში მოედანზე აღარ უნდა ველოდოთ.

დუეს ტრავმა დიდი დარტყმაა არა მარტო პარიზული კლუბისთვის, არამედ საფრანგეთის ნაკრებისთვისაც, რომელსაც ერთა ლიგის მეოთხედფინალში, არც მეტი არც ნაკლები, ესპანეთთან ელის დაპირისპირება. პსჟ- კი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან მას ერთი და იმავე დიაგნოზით უკვე მეორე ვარსკვლავი დაუშავდა – „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ჯვარედინი მყესი გაუწყდა ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს და ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის.

ტრავმებით სავსე პერიოდი აქვს 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატს ოსმან დემბელესაც.

რთულ დღეშია პარიზელთა მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომლისგანაც მაინც ყველაფრის მოგებას ითხოვენ. გუნდში რასაკვირველია არიან მაღალი დონის ფეხბურთელები: ფერან ტორესი, მიკა გოდტსი, მაგნეს აკლიუში და სენი მაიულუ, მაგრამ არ არის გამორიცხული კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი თავდამსხმელის შეძენა სცადოს.

„პარიზიენი“ დაბეჯითებით წერს, რომ პსჟ იანვარში ახალ მოთამაშეს იყიდის. გამოცემამ აღწერა კიდეც, თუ რა მონაცემების ფეხბურთელს ეძებს ტრანსფერების დიდოსტატი, პორტუგალიელი ლუიშ კამპუში: ლაპარაკია უნივერსალზე, რომელიც სავარაუდოდ გარემარბი იქნება და ერთიერთზე მცველებს ცრუმოძრაობით დაჩაგრავს. რასაკვირველია, ის შეზღუდული სივრცეების პირობებში უნდა გრძნობდეს თავს კომფორტულად. მოკლედ რომ ვთქვათ, პსჟ-ს ახალი ფეხბურთელი ლუის ენრიკეს სტილის მოთამაშე უნდა იყოს.

პარიზული გამოცემა ასახელებს ორ კანდიდატს: 20 წლის გერმანელ პარის ბრუნერს (მონაკო) და მის ფრანგ თანატოლ ელი ჟუნიორ კრუპის (ბორნმუთი). ამასთან, კლუბი ვაჭრობაში არ უნდა შეცდეს, რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ, პსჟ-მ ახალი ფეხბურთელი არ უნდა იყიდოს ძვირად, ნაჩქარევად. ადექვატურ ფასად შესაფერისი მოთამაშის პოვნა კი იოლი არ არის.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.