„ბაიერნის“ გულშემატკივარს ჯამალ მუსიალას დაბრუნებაზე სასიამოვნო წესით რა უნდა გაეგო, მაგრამ „კიოლნთან“ 1:1-ის შემდეგ 23 წლის შემტევი ნახევარმცველის ამბავი კარლ-ჰაინც რუმენიგეს კომენტარმა გადაფარა. „რეკორდმაისტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა გამოთქვა ეჭვი, რომ მუსიალა კარგად ვეღარასდროს ითამაშებს და ყურადღება ფინანსურ მხარეზე გაამახვილა.
„სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მას ისე თამაში, როგორც ამ სტადიონზე არაერთხელ გვინახავს, ძალიან გაუჭირდება, – თქვა გასული საუკუნის 80-იანი წლების ვარსკვლავმა Sky Sport-თან ინტერვიუში.
რუმენიგეს ნათქვამი ფაქტობრივად კიდევ ერთი დიდი ბაიერნელის, კლუბის საპატიო პრეზიდენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ული ჰიონესის ადრინდელი ნათქვამის გამეორებაა.

„მას სჭირს დაავადება, რომელიც უბრალოდ არ იკურნება, მაგრამ სამედიცინო ჩარევით მართვა შეიძლება. ამ დაავადების გამო ჩვენ არ ვიცით შეძლებს თუ არა მუსიალა ძველებურად თამაშს“, – თქვა ცოტა ხნის წინ ჰიონესმა.
გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ბოლო ორი თვის განმავლობაში სპორტულ ტრავმას მკურნალობდა და მოედანს ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნთან“ შეხვედრის 70-ე წუთზე დაუბრუნდა.
„პრობლემური ვითარებაა. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა იყიდოს ჯამალი რომელიმე სხვა კლუბმა. ჩვენ ვცდილობთ ტაქტიანად მოვიქცეთ. იდეალური იქნება ის ძველებურად რომ ათამაშდეს, მაგრამ თუ ვერ ათამაშდა მერე რა უნდა მოხდეს? მაშინ ალბათ ფინანსური ასპექტების გადახედვა მოგვიწევს და ეს ურთულესი ამოცანა დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოებს დააწვება მხრებზე“, – თქვა რუმენიგემ.
ჯამალ მუსიალას „ბაიერნთან“ 2030 წლამდე აქვს კონტრაქტი. ის წელიწადში 22 მილიონ ევროს იღებს, რაც კლუბში მეორე ანაზღაურებაა. მასზე მეტს მიუნხენელები მხოლოდ 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ჰარი კეინს აქვს.
„ჩვენ ფეხბურთელის გარდა მუსიალას ოჯახსაც დაველაპარაკებით. განსაკუთრებით გვაინტერესებს მის აგენტებთან შეხვედრა, რადგან თუ მისი თამაშის დონე დაქვეითდა ასეთი ხელფასის გადახდა უბრალოდ შეუძლებელი იქნება“, – თქვა რიმენიგემ.
საინტერესოა, რომ სხვა აზრი აქვს „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორს მაქს ებერლს, რომელმაც თქვა: „კლუბის სპორტულ დეპარტამენტში სხვანაირად ვფიქრობთ. აქ დარწმუნებულები ვართ, რომ მუსიალას საუკეთესო ფორმაში დაბრუნება შეუძლია“.
თანაგუნდელს გამოესარჩლა ავსტრიელი კონარდ ლაიმერიც. მან თქვა: „ჯამალი ჩინებული ბიჭია, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს. ჩვენ მას ყოველდღე ვუყურებთ და ეჭვი არ გვეპარება, რომ კვლავ ითამაშებს საუკეთესო ფეხბურთს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 09:10არსენალს რაიას გარეშე გამოცდა ელის
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 08:09რა ბედი ეწევა მუსიალას 22 მილიონს?
მთავარი ამბავი22/11/2026 | 06:42დუეს ტრავმა მძიმე ჩანს
აქეთურ-იქითური21/11/2026 | 09:57რატომ არ უყვარდა ჰიტლერს ნუტელა?
