დუეს ტრავმა მძიმე ჩანს

დუეს ტრავმა მძიმე ჩანს

„პარი სენ ჟერმენი“ უარესის მოლოდინშია. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ გუნდს როგორც ჩანს დეზირე დუეც დიდი ხნით გამოაკლდება. შაბათს „ნიცასთან“ შეხვედრის 41-ე წუთზე მეტოქესთან კონტაქტის გარეშე მას მუხლი მოეკეცა და წაიქცა. თავდასხმელის სახის გამომეტყველება ძლიერ ტკივილზე მიანიშნებდა.

ამ მოძრაობის შემდეგ დუეს მუხლი მოეკვეთა

მატჩისშემდეგომ პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დეტალების აღწერის გარეშე ასე თქვა: „ტრავმა სერიოზულია. ეს პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია, სხვანაირად არ გამოდის. დარწმუნებული ვარ დუე ადრინდელზე ძლიერი დაგვიბრუნდება. მე მას გასახდელში ველაპარაკე. ჯერ ვერაფერს ვიტყვით, საბოლოო გამოკვლევებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ ვიმეორებ: ის ორჯერ ძლიერი დაგვიბრუნდება!“

RMC Sport-ის თანახმად გარეგნული დათვალიერებით ისე ჩანს, რომ დეუსაც კვარაცხელიას მსგავსად ჯვარედინი მყესი გაუწყდა.

ახალგაზრდა თანაგუნდელი გაამხნევა ლუკა ერნანდესმა, რომელმაც კარიერაში რამდენჯერმე გადაიტანა მუხლის მძიმე ტრავმა: „არასდროს მინახავს ფეხბურთელს მოედანზე ტკივილი ასე გამოეხატოს. მისი რეაქციიდან გამომდინარე ჩანს, რომ ტრავმა ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდება ხოლმე“.

ერნანდესს სხვადასხვა წლებში ორჯერ გაუწყდა ჯვარედინი მყესი, ხოლო ერთხელ მარჯვენა მუხლზე მუხლის იოგები დაეჭიმა.

მატჩის შემდეგ დუეს მდგომარეობაზე დაწერა „ეკიპმაც“, რომლის ვარაუდით ფეხბურთელს მინიმუმ ექვსი თვე გაუცდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.