AS: „ის წინ იყო დაკარგული. საუკეთესო ფორმისგან შორს არის“.
ასე შეაფასა მადრიდულმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძის თამაში „ბარსელონასთან“, რასაც ძნელია არ დაეთანხმო. ქართველს მთელი მატჩის განმავლობაში ბურთი ფაქტობრივად არ მიუღია, რაშიც, ცხადია, მთელი გუნდია დამნაშავე.
მიქაუტაძის თამაში სხვადასხვა საიტმა ასე შეაფასა: flashscore – 5.7; sofascore – 6.7; whoscored – 6.3; fotmob – 6.1
შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო. მე-7 წუთზე სტუმარი გუნდი ანუ „ვილიარეალი“ უკვე 2:0-ს იგებდა. გოლები კანადელებმა ტეიჯონ ბიუკენენმა და ტანი ოლუვასეიმ გაიტანეს. 23-ე წუთზე ლამინ იამალმა პენალტი ააცილა კარს, თუმცა მეორე ტაიმში „ბარსელონა“ სწრაფად ათამაშდა და სამი გოლი შეაგდო: ხერარდ მარტინი (57), ფერმინ ლოპესი (61) და პაუ ნავარო (საკუთარ კარში, 67).
ნავარო შეხვედრის ბოლოს, 90+3 წუთზე მოედნიდან გააძევეს. მანამდე, 75-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო უკვე შეცვლილმა ფერმინმაც, თუმცა ეს ეპიზოდი ტელევიზიას გამოეპარა და ფართო აუდიტორიას არ უნახავს.
ამ გამარჯვების წყალობით „ბარსა“ 13 ტურის შემდეგ 3 ქულით უსწრებს „რეალს“ და 5 ქულით „ატლეტიკოს“.
„თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ როდესაც „კამპ ნოუზე“ 6 წუთში ორი გოლი გაგაქვს, უნდა იცოდე, რომ მერე რთული თამაში გელის. მეორე ტაიმამდე გავუძელით, მაგრამ შესვენების შემდეგ „ბარსელონას“ პირველმა გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა. მეორე ტაიმში ნამდვილად ცუდად ვითამაშეთ. – თქვა მატჩის შემდეგ „ვილიარეალის“ ნახევარმცველმა სანტი კომესანიამ, თუმცა დასძინა: „ერთ ეპიზოდში ჩვენი მეკარე პეტერ გულაჩი ბურთს საერთოდ არ შეხებია, მსაჯმა კი „ბარსელონას“ კუთხური ჩააწოდებინა. რას იზამ, შეჩვეულები ვართ, რომ ისეთი კლუბები, როგორებიც არიან „ბარსელონა“ და „რეალი“ მსაჯებზე ზემოქმედებენ. „ბერნაბეუზეც“ იგივე მოხდა. დღეს კი, პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც მსაჯს ერთბაშად შვიდი ბარსელონელი შემოეხვია და ამან გაჭრა. მსაჯმა გაგვიგდო ფეხბურთელი, მე ტყუილად დამაჯარიმა და როგორც უკვე გითხარით დანიშნა კუთხური, რომელიც მის გარდა ვერავინ შეამჩნია. იმ ეპიზოდში არბიტრს კარიდან დარტყმა რომ დაენიშნა კაციშვილი ხმას არ ამოიღებდა. ანგარიში 2:2 იყო როდესაც მე მას ვუთხარი: „საკმარისია, ნუ აძლევ მათ საშუალებას ასეთი ძლიერი ზემოქმედება მოახდინონ შენზე. იმსაჯე როგორც პირველ ტაიმში მსაჯობდი“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/11/2026 | 08:17ჟორჟი არ ჩანდა
მთავარი ამბავი23/11/2026 | 07:03დუეს ოპერაცია ელის
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 09:10არსენალს რაიას გარეშე გამოცდა ელის
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 08:09რა ბედი ეწევა მუსიალას 22 მილიონს?
