გამარჯვება ზღაპარში

გამარჯვება ზღაპარში

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველო ნაკრები საბერძნეთს ესტუმრა და უდრამატულეს, ოვერტაიმიან ბრძოლაში 92:88 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა.

თამაში ბერძენთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედის მანძილზე ანგარიშსაც აკონტროლებდნენ. განსაკუთრებით გვიჭირდა საკუთარ ფარზე ბურთის მოხსნა და აქედან გამომდინარე 10-წუთეულის წაგება გასაკვირი არ ყოფილა – 20:27.

მეორე მეოთხედი ბევრად უკეთ დავიწყეთ, ბერძნებს 10:2 გაქცევა მოვუწყვეთ. ამ პერიოდში დაცვაშიც ბევრად უკეთ გავისარჯეთ და დიდ შესვენებაზე უპირატესობით გავედით – 41:38. მესამე მეოთხედში თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ბერძნები ბევრ შეცდომას უშვებდნენ, მაგრამ მის რეალიზებას ვერ ვახერხებდით. ამის ბრალი იყო მეოთხედი რომ წავაგეთ, მაგრამ ბოლო პერიოდის წინ ორ ქულას მაინც ვიგებდით – 61:59.

ბოლო 10-წუთეულის დასაწყისი ნერვიული და ქულებით მწირი გამოდგა. თავიდან წინ ექვსი ქულითაც გავედით, მაგრამ ოთხწუთნახევრით ადრე მასპინძლებმა გაგვითანაბრეს – 65:65. ფრე იყო ორწუთნახევრით ადრე, როდესაც თორნიკე შენგელია საჯარიმო ხაზზე დადგა და ორივე ჩააგდო; ბერძნებმა ბურთი შემოიტანეს, მაგრამ მარკიზ რიდმა იქვე მოპარა და წინ ოთხი ქულით ვართ – 72:68. ასეთი სხვაობა იყო წუთნახევრით ადრეც…

45 წამით ადრე ორ ქულას ვიგებთ და ბურთი ჩვენია. რიდი შეტევას აფუჭებს, მაგრამ 21 წამით ადრე ბურთი ისევ ჩვენ გვრჩება. დუდა სანაძემ პირით ხაზიდან ბურთი ვერ შემოიტანა და 12 წამით ადრე დორსი საჯარიმო ხაზზე დგება. ბერძენი ერთ აგდებს, მეორეს აფუჭებს, გიორგი კორსანტია ხსნის და მასპინძლები ტაქტიკურ ჯარიმას იღებენ. კორსანტიამ ერთი ჩააგდო – 75:73 და 10 წამით ადრე ბურთი ბერძნების არის. 1.2 წამით ადრე დორსი სამქულიანის ჩაგდებას ცდილობს, მაგრამ რატი ანდრონიკაშვილი ჯარიმას იღებს. ბერძენი სამიდან ორს აგდებს და ათანაბრებს. სანაძე სირენასთან ერთად ისვრის და ოვერტაიმი…

დამატებით დროში ბერძნები 30 წამში ზედიზედ ოთხ ქულას გვიგდებენ; სანაძე და რიდი ისევ ათანაბრებენ. დარჩენილია სამი წუთი. გავიდა წუთი და ბერძნები უკვე ხუთ ქულას იგებენ, ხოლო წუთნახევრით ადრე შვიდ ქულას. თითქოს მატჩის ბედიც აქ გადაწყდა, მაგრამ 28 წამით ადრე სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. ბურთი ბერძნების არის, აფუჭებენ და რიდზე ჯარიმდებიან. 15 წამია დარჩენილი: რიდი ერთ აგდებს, მაგრამ მეორე სროლისას შენგელიაზე ჯარიმდებიან, ამასთან არასპორტულად. თოკოს გუნდი წინ გაჰყავს და ბურთი ჩვენია. ბერძენთა ტაქტიკური ჯარიმა რიდზე. ჩვენი ლეგიონერი ისევ ერთს აგდებს და სხვაობა ორი ქულაა, მაგრამ მარკიზმა იქვე ბურთი მოპარა მეტოქეს, ისევ ჯარიმა შენგელიაზე. თოკო ორივეს აგდებს. შვიდი წამით ადრე წინ ოთხი ქულით ვართ. ეს უკვე გამარჯვებაა!!!

დღესვე ეაპნეთმა სტუმრად 93:62 მოუგო მონტენეგროს, ხოლო პორტუგალიამ შინ უკრაინას აჯობა – 95:90. ახლა სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: უკრაინა, ესპანეთი და საქართველო 15-15 ქულა; პორტუგალია – 14; საბერძნეთი და მონტენეგრო – 13-13. მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს, საქართველო პორტუგალიას უმასპინძლებს, უკრაინა მონტენეგროს დაუხვდება, ხოლო ესპანეთი – საბერძნეთს.

ავტორის პროფილი

მიხეილ ჟორჟოლიანი