დაკარის მზის ქვეშ…

დაკარის მზის ქვეშ…

აფრიკაში წასვლამდე სენეგალში ყველაზე უკეთ კოღოს ვიცნობდი. იმდენმა ადამიანმა გამაფრთხილა, იმდენი ვიკითხე და იმდენიც თვითონ წავიკითხე, დაკარის აეროპორტში ერთი კოღო სახელით რომ მომსალმებოდა, არ გამიკვირდებოდა. ადგილობრივებმა რომ მითხრეს, ქუჩაში მარტო ნუ ივლი, გარეთ ნურაფერს შეჭამ, მზეს უფრთხილდიო და სხვა ასეთი რჩევები პირნათლად შემესრულებინა, ასეთი უმარილო რეპორტაჟები აქაც დაიწერებოდა.

უარესის მოლოდინით წავედით. 2026 წლის შემოდგომაზე, დაკარს ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის უნდა ემასპინძლა — აფრიკის მიწაზე ოლიმპიური თამაშები პირველად იმართებოდა. როგორ გაართმევდა თავს სენეგალი ამხელა საქმეს, არ ვიცოდით. ერთი სული მქონდა, ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა. ახალგაზრდული ჟინიც მიმყვებოდა და სხვისი შიშიც ბლომად ვისესხე. ეს შიში, საბედნიეროდ, დაკარში დღითიდღე შემომეცალა.

მე რა მეთქმოდა. ჩვენს დელეგაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ კაცმა ქართული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა. შეეძლო, პირველი აფრიკული თამაშების ამბავს თბილისში დალოდებოდა და დაბრუნებულებისთვის ეკითხა, აბა, რა ნახეთო. თვითონ მოუნდა ნახვა. ასეთ გზაზე, ჩემის აზრით, ორი რამ გაყენებს — პროფესიონალიზმი და ცნობისმოყვარეობა. ორივე რომ ჰქონდა, ვიცოდი. თამაშების დამთავრებამდე დავრწმუნდი, რომ ბატონი ემზარი ჩემზე გაცილებით ახალგაზრდაცაა.

დაკარში ჩასულს ერთი გეოგრაფიული აღმოჩენაც მელოდა. ყველა ქვეყანას თუ არა, ყოველ კონტინენტს თავისი მზე მაინც უნდა ჰქონდეს. თბილისური მზეც მაგრად აცხუნებს, ხანდახან ჩრდილიდან ჩრდილამდე სირბილიც გიწევს, მაგრამ მაინც შინაურია, იცი, რას უნდა ელოდო მისგან. აფრიკაში მზეს ჩემი სიკვდილი განეზრახა.

მანამდე კი კვების საკითხი უნდა გადამეწყვიტა. ოლიმპიადის გაშუქებას ენერგია სჭირდება. ქუჩაში მირთმევას მიკრძალავდნენ, ჩემს სასტუმროს კი რესტორანი არ ჰქონდა. ვიდექი სწრაფი კვების ობიექტთან, კერძს ფოტოს ვუღებდი და ხელოვნურ ინტელექტს ვუგზავნიდი — ამას შეჭამდი-მეთქი? მისი ყველაზე გამამხნევებელი პასუხი იყო „ამას გავრისკავდი“. ადვილი სათქმელია, როცა კუჭი სხვისია. რამდენჯერმე მეც გავრისკე. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ამაზე საფიქრალი დრო იშვიათად მქონდა. როდის ვისადილებდი, იმ დღის შეჯიბრებების განრიგში ეწერა. საქართველო ოლიმპიადაზე გამოდიოდა.

გვალვა

პირველ კვირას გვალვას დავარქმევდი. ყოველდღე მიწას ერთი და იგივე მზე აცხუნებდა, ყოველ საღამოს საქართველოს გასწვრივ ერთი და იგივე ცარიელი უჯრა გვხვდებოდა. შედეგებს თბილისიდან რომ შევყურებდე, მეც მედლების ცხრილს ჩავხედავდი. იქ კი ყოველ ასეთ ცარიელ უჯრაზე მთელი დღის მოსაყოლი მქონდა. უმეტესად ჩვენი სპორტსმენების ბრძოლით კმაყოფილი ვიყავი. ერთმა მათგანმა უშუც კი გამაცნო.

გვანცა ქარჩავას ჯოხით ვარჯიშს რომ ვუყურებდი, თავიდან თვალს სულ ჯოხს ვაყოლებდი. მერე გვანცას ფეხების მოძრაობას შევხედე. ყველაზე ლამაზი ის წამი გამოდგა, როცა ჩერდებოდა. ჯოხის ბოლოს ჯერ კიდევ თვალით ვეძებდი, გვანცა კი უკვე მყარად იდგა, წონასწორობის დასაბრუნებლად ტერფის გასწორებაც აღარ სჭირდებოდა. ნაშუადღევს გვანცა უკვე უიარაღოდ ასპარეზობდა. დღის ბოლოს მეოთხე ადგილზე გავიდა. ბრინჯაომდე 0,339 ქულა დააკლდა. ის რამდენიმე მეათედი ახლაც მენანება. ისიც ვიცი, რომ უშუს შეჯიბრებას მომავალში ჩემი ნებით მოვძებნი და ჩავუჯდები. ეგეც გვანცას იმ დღეების მონაგარია.

მასპინძლებს დარბაზებისთვის მადლობა ეკუთვნით. არენები მოვლილი იყო, კონდიციონერებიც მშვენივრად მუშაობდა. სიცხიდან რომ შეხვიდოდი და მხრები თავისით დაგეშვებოდა, მაშინღა ხვდებოდი, თურმე რამდენი ხანი გქონია დაჭიმული. იმავე საღამოს სპორტსმენებს ოლიმპიურ სოფელში დაბრუნება უწევდათ. იქ კორპუსები პირდაპირ მზის გულზე იდგა. ვიდრე ბავშვები ასპარეზობდნენ, კედლები მთელი დღის სიცხეს ისრუტავდა და საღამოს ოთახებში აბრუნებდა. კონდიციონერები იქ საერთოდ არ იდგა.

ჩვენმა მოცურავემ, დაჩი მესხიშვილმა მითხრა, ამ შენობას გეტოს ვეძახითო. ერთად ბევრნი ცხოვრობდნენ, აბაზანა და საპირფარეშო საერთო ჰქონდათ, გახურებულ ოთახებში ძილი ყველას უჭირდა. სცადე ახლა, ასეთი ღამის შემდეგ აუზში ჩახტე და საკუთარ დროს წამის მეასედი მოაკლო. ან სტარტის ხაზზე დადგე და შენს ცხოვრებაში ყველაზე სწრაფად გაიქცე. იგივე პირობები ჩვენს მეტოქეებსაც დახვდათ. ვისაც არ უნდა გაემარჯვა მეორე დღეს, იმ ღამეს ყველას ერთი მოკრძალებული სურვილი ჰქონდა — როგორმე დაეძინა.

თავისუფალი დღეც გამოგვერია და ლომების სანახავად სინდიაში წავედით. იქაურობა შემოღობილია. შიგნით ლომები თავის ნებაზე დასეირნობენ, შენ კი მათთან სტუმრად მანქანით მიდიხარ. მძღოლსა და მის შტურმანს ხორცი დააქვთ, სახურავზე შემოდებენ და ცოტა ხანში შენს თავზე ლომი სადილობს. ასეთ დროს კაცმა ისიც არ იცი, ზემოთ აიხედო თუ გვერდით მჯდომს შეხედო — ძალიან გაინტერესებს, იმასაც ასეთივე სახე აქვს თუ „რაღაც“ მხოლოდ შენ დაგემართა. ამასობაში ლომი მშვიდად შეექცეოდა თავის ულუფას. იმ მანქანაზე ყველაზე დინჯი სულიერი ეგ იყო.

ჟირაფებისა და მარტორქების ნახვაც გვინდოდა, თუმც ამისთვის სხვა ადგილას უნდა გადავსულიყავით და ბილეთის ფულიც ცალკე გადაგვეხადა. ისევ ლომს დავჯერდით. ბოლოს და ბოლოს, სენეგალის გერბზე ეგ არის გამოსახული და, ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, მასპინძელმა პირადად მიგვიღო.

სალის ულამაზეს სანაპიროზე კიდევ ერთი უცნაურობა ჩავიდინე. ამხელა გზა გამოვიარე, მივედი ატლანტის ოკეანესთან და ზურგი შევაქციე. აბა, რა მექნა, ჩვენი ბიჭები ქვიშაზე ჭიდაობდნენ. იქ ღია ცის ქვეშ ვისხედით და სიგრილის იმედი მხოლოდ ოკეანის მხრიდან გვქონდა. ზურგი კი, როგორც მერე აღმოჩნდა, მზისთვისაც მშვენივრად გამიმზადებია.

ჯგუფური შეხვედრების შემდეგ დრო რომ გამოჩნდა, წყალში შევედი. ისეთი სუფთა იყო, ქალთევზას რომ გაეცურა, მოდარაჯე კაცის თვალს არ გამოეპარებოდა. მზეზე ცოტა ხანს კიდევ რომ გავჩერებულიყავი, ალბათ მის სიმღერასაც გავიგონებდი. გულაღმა დავწექი. არც ხელის მოსმა მჭირდებოდა, არც ფეხის გაქნევა. ყურები წყალში ჩამეფლო და სანაპიროს ხმაური სადღაც შორს დარჩა. მთელი იმ ოლიმპიადის განმავლობაში ასე მოსვენებული რამდენიმე წუთი სხვა დროს აღარ მქონია.

7 ნოემბერს ნავსი სწორედ სალიში გატყდა. დავით მძევაშვილმა ბრინჯაოსთვის სენეგალელ მეტოქეს 3:1 მოუგო და ჩვენი პირველი მედალი აიღო. მეორე დღეს ლუკა მახარაძემ და ნურადინ მუსტაფაევმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ორი ფინალის წაგებაც გვეწყინა და ორი ვერცხლიც გაგვიხარდა — გულშემატკივრის გულში ადგილი ორივე გრძნობისთვის მოიძებნა. იმავე ქვიშაზე ბოგდან კვანტალიანმაც იბრძოლა და ჯგუფში ერთი შეხვედრა მოიგო. მადლობა ოთხივეს. სალიდან ისეთი დამწვარი წამოვედი, იმ სამ მედალს რომ გვილოცავდნენ, მხოლოდ ერთი ქართული ჩვეულება მაშინებდა — მხარზე ხელის ტყაპუნი.

სამი ბილეთი

8 ნოემბერს ბატონმა ემზარმა ჩვენი დელეგაციის მძღოლს, მარსელს, სთხოვა, სენეგალი სუდანს ეთამაშება და სამი ბილეთი აგვიღე, მე, შენ და გიორგი წავიდეთო. ამ წინადადებაში ერთი პატარა სიტყვა განსაკუთრებით მომწონს — „შენ“. მარსელსაც ჩვენთან ერთად უნდა ეყურებინა თავისი ქვეყნის ნაკრებისთვის. თამაში 12 ნოემბერს, საღამოს შვიდ საათზე იწყებოდა. აკი გითხარით, ბატონი ემზარი ჩემზე ახალგაზრდაა-მეთქი. მე ჯერ იმას ვანგარიშობდი, იმ კვირაში როდის გამოვიძინებდი, მას უკვე სენეგალის ნაკრების თამაშიც მოეძებნა. ან სენეგალის ნაკრებს დაკარში სხვა დროს როდისღა ვნახავდი?

ამასობაში ემილ ისმაილოვმა დომინიკელ მაიკლ რეიესს მოუგო, მერე ლიბანელ რამზი ჰილალსაც აჯობა. ნახევარფინალში კანადელი ლისანდრო გარსია რებელო ხელის ტრავმის გამო რინგზე ვერ გავიდა. 55 კილოგრამის ფინალი 12 ნოემბერს დაინიშნა. მეტოქე — ავსტრალიელი მარლი დოდი იყო. დასაწყისი — 18:07.

კრივსა და ფეხბურთს შორის 53 წუთი გვქონდა. არენიდან სტადიონამდე ორმოცი წუთის გზა იყო. ცამეტი წუთი გვრჩებოდა იმისთვის, რომ ემილს ფინალში ეჩხუბა, მსაჯებს გამარჯვებული გამოეცხადებინათ, მედალი გადაეცათ, ჩვენ მოკრივისა და მწვრთნელის პირველი სიტყვები ჩაგვეწერა, ფოტოები გადაგვეღო და საქართველოშიც გაგვეგზავნა ამბავი. უბის წიგნაკში ეს ცამეტი წუთი მშვენივრად ეტეოდა. მინდოდა, ემილისთვის მიკროფონი მაშინ მიმეტანა, როცა ჯერ თვითონაც არ ეცოდინებოდა, სიხარულისგან პირველი რომელი სიტყვა წამოსცდებოდა. შინაც ხომ ამ წუთებს ელოდნენ.

ემილმა დაგლიჯა. ხუთივე მსაჯმა გამარჯვება ქართველს მისცა — 5:0. სენეგალში საქართველოს ჰიმნი გაისმა. იქნებ იმ ქვეყანაში ადრეც დაუკრავთ ჩვენი ჰიმნი, მაგრამ აფრიკის მიწაზე ოლიმპიური ოქროსთვის პირველად სწორედ ემილის პატივსაცემად დაუკრეს. სენეგალმაც მოიგო იმ საღამოს თავისი თამაში, 4:1. რა თქმა უნდა ვერ მივასწარით. თბილისის საცობები დაკარის საცობებთან შედარებით ბავშვური თამაშია.

ჩვენთან კი გამარჯვებას ემილის მწვრთნელის, ლაშა დუნდუას ხმა ჰქონდა.

ქართულ სპორტში მწვრთნელისგან შეგირდის გინებაც მოგვისმენია და სპორტსმენზე ხელაღმართული ფედერაციის პრეზიდენტიც გვინახავს. ამიტომაც მინდა, ლაშას შეძახილები ისე დაიბეჭდოს, როგორც რინგის კიდესთან მესმოდა.

„ჩემი ოქრო ხარ, ემილ! გენაცვალე, შვილო! შემოგევლე, ჩემო საამაყო ქართველო! შენი ჭირიმე, ჩემო შვილო!“

იტალიელმა ჟურნალისტმა მკითხა, რას ეუბნება ასე ემოციურად, გადამითარგმნეო. სცადეთ, აბა, უცხოელს ჯერ „გენაცვალე“ უთარგმნოთ და მერე „შენი ჭირიმე“ ისე დაუმატოთ, რომ განსხვავებაც აგრძნობინოთ. რაც შევძელი, ვუთხარი. მერე იტალიურად ხელოვნურ ინტელექტს ვათარგმნინე. ყურადღებით მომისმინა და სრულიად სერიოზულად მკითხა, მართლა მისი შვილიაო? არა, სისხლით ნათესავებიც არ არიან-მეთქი. ახლა რომ ვფიქრობ, მგონი, ინტონაციით უჩემოდაც მშვენივრად გაეგო, მწვრთნელი ბავშვს რას ეუბნებოდა.

ბრძოლის შემდეგ ლაშას ვუთხარი – „მწვრთნელო, ემილი ახლა მხოლოდ შენი ოქრო აღარ არის, საქართველოს ოქროა“. მართალი ხარო.

იმ საღამოს ლაშას ყველა ვუყვარდით. ჩვენც, სენეგალელებიც, მარლი დოდიც. შანსი რომ მისცემოდა, სომალელ მეკობრეებსაც სიხარულით გადაეხვეოდა. ყველაზე მეტად, რასაკვირველია, თავისი ოქრო უყვარდა — ემილ ისმაილოვი, რომელსაც მისი ოქრო მანამდე იყო, სანამ ხუთი მსაჯი ამის თაობაზე შეთანხმდებოდა.

ჩემი იტალიელი კოლეგა ბოლოს გამომიტყდა, ტურნირი რომ დაიწყო, ორ ბავშვს ვხედავდი, ერთმანეთს რომ ურტყამდნენ, ახლა კი თქვენი გულშემატკივარი ვარო. თან არც მეგონა, თუ მოიგებდით, ყველას გვაჩვენეთ, რა შეგძლებიათო. აქ ცოტა მეც გავთამამდი. ესპანელებსაც გაესაუბრე, აბა, ილია თოფურიაზე, ნიკო შერაზადიშვილსა და ტატო მოსახლიშვილზე ჰკითხე-მეთქი. იმან ერთი კომპლიმენტი მითხრა და მე, პატარა ერის შვილმა, საგზლად სამი გვარიც გავატანე.

მეორე დღეს, თამაშების დახურვაზე, საქართველოს დროშა ემილმა გამოიტანა. წინა საღამოს ამ ბიჭის გამარჯვების ნიშნად აწეულ ხელს ვიღებდით. ახლა იმ ხელს ჩვენი დროშა ებარა. ემილი წელგამართული იდგა. ჩვენც მხრებში გავშლილიყავით. საბოლოო ჩათვლაში ერთი ოქროთი, ორი ვერცხლითა და ერთი ბრინჯაოთი საქართველომ 44-ე ადგილი დაიკავა. დიდ ბრიტანეთს გავასწარით. ეს ცუდი შედეგი ვერ იქნება. მეტი გვინდოდა? კი, ბატონო. თოთხმეტი ოქრო გვინდოდა. რომელი ჩვენი ბავშვი გეგულებათ ისეთი, ვისთვისაც ჩემპიონობა არ გვემეტებოდა?

სოფელში დარჩენილები

ორი ადამიანის სახელი ბოლოსთვის შემოვინახე — გიორგი ესაკია და რუსუდან აფციაური. გიორგი ჩვენი ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი იყო. სოფელში ყოველდღიურ საქმეს რუსუდანთან ერთად უძღვებოდა. ორივეს შეეძლო, საღამოს მზისგან გახურებული კორპუსიდან გამოსულიყო, სასტუმროში გადასულიყო და გრილ ოთახში დაეძინა. ორივე სოფელში დარჩა. ბავშვები იმ სიცხეში დაეტოვებინათ და თვითონ უკეთეს პირობებში გადასულიყვნენ, ამას არც ერთი იკადრებდა. დაჩის მათთვის ახსნა არ სჭირდებოდა, წუხელ რატომ ვერ დავიძინეო. იმავე ჭერქვეშ გაეტარებინათ ღამე.

ჩვენ, ჟურნალისტებს, განრიგი იმას გვეუბნებოდა, რომელ საათზე გამოდიოდა ქართველი. გიორგი და რუსუდანი იმაზე ზრუნავდნენ, რომ იმ საათს ბავშვი მზად დახვედროდა. როგორ ეძინა, როდის ისაუზმებს, რით მივა არენამდე — ეს ყველაფერი შეჯიბრების დღეს ფოტოს მიღმა რჩება. რუსუდანმა მძლეოსან ნინო გოგიტიძეს მწვრთნელობაც გაუწია. ნინო 200 მეტრზე სირბილში ოლიმპიურ ფინალში გავიდა. ამხელა ასპარეზზე ფინალის სტარტს რომ ქართველი გოგო ელოდებოდა, მაგ ამბავსაც თავისი ზეიმი ეკუთვნოდა.

როცა ამ თამაშების წარმატებას გავიხსენებთ, მედლებს წინ დავიწყობთ და ფოტოებსაც ბევრჯერ გადავფურცლავთ. გიორგი და რუსუდანი ისევ იქ ყოფნას ამჯობინებენ, სადაც საქმეა. სურათებში შეიძლება მათი ძებნა დაგჭირდეთ. დაკარში ბავშვებს მათი პოვნა გაცილებით იოლად შეეძლოთ. ღამით რამე რომ გასჭირვებოდათ, იმავე ცხელ კორპუსში კარზე დაკაკუნება ეყოფოდათ.

გიორგი ხარშილაძე თბილისი – დაკარი – თბილისი

ავტორის პროფილი

გიორგი ხარშილაძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.