საფრანგეთში ევროპის უძლიერესი სარაგბო ლიგა ტოპ 14 დაიწყო და 2026/2027 წლების სეზონის სტარტი ქართველი ლეგიონერებისთვის დასამახსოვრებელი იქნება. იმავდროულად, პრო დ2-ში მეორე ტური გაიმართა, რომელიც პირველისგან განსხვავებით ლელოებით და კარში ზუსტი დარტყმებით ნამდვილად დახუნძლული გამოდგა.
ტოპ 14
„ლიონმა“ წარუმატებელი გასული სეზონის შემდეგ ახალი კამპანია გამარჯვებით დაიწყო – გიორგი ახალაძისა და გიორგი ძმანაშვილის „კლერმონს“ 40:36 სძლია და მართალია, ბოლო შეტევაში ლელო-გარდასახვა გაუშვა და სტუმარ გუნდს სანუგეშო ბონუსი გაატანა, მაინც მეტად პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა თავისი სწრაფი და კომბინაციური თამაშით. ლიონელთა სასტარტო შემადგენლობაში სამი ბორჯღალოსანი იყო: ირაკლი აფციაური, ბექა საღინაძე და მისი სეხნია შვანგირაძე, ვისი თიკუნიცაა „შოკი“. ჰოდა, რაც შვანგირაძემ 45-ე წუთზე მოიმოქმედა, მის მეტსახელს სრულად ამართლებს – პარტნიორის ელვისებურ ფლანგურ შეტევას აჰყვა და ბურთიანად ყველას ისე გაექცა, დაწევის შანსიც რომ არ დაუტოვა. ეს იყო ბექას მე-3 ლელო ტოპ 14-ში 27-მატჩიან კარიერაში.
ტოპ 14-ის პირველ ტურში დებიუტი ორ ქართველს ჰქონდა. იოანე იაშაღაშვილი „ვანის“ მარქაფიდან თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა თავისი ახალი გუნდი კასტრში მარცხისგან ვერ იხსნა – 20:29. მეორე დებიუტანტი კი ლაშა ფხაკაძე გახლდათ, რომელიც „ბორდოს“ სასტარტოშიც კი გამოჩნდა, თუმცა, მე-18 წუთზე მძიმე შეჯახებისას დაშავდა, ვიდეორეფერიმ ეპიზოდის განხილვა დაიწყო – დაირღვა თუ არა წესები ქართველი ბურჯის წინააღმდეგ, საბოლოოდ კი ლაშა დასაჯა – აქაოდა, თავის თუ მხრის ტრავმა მისივე აგრესიის ბრალი იყოო. შედეგი – ნარინჯისფერი ბარათი, რომელიც საფრანგეთში 20-წუთიან გაძევებას ნიშნავს, თუმცა, იმ 20 წუთის შემდეგაც ფხაკაძემ თამაში ვეღარ გააგრძელა. ასეა თუ ისე, „ბორდომ“ გურამ გოგიჩაშვილის „რასინგ-92“ ძალიან დიდი სხვაობით – 64:5 დაამარცხა.

ლუკა ჯაფარიძის „მონპელიე“ შინ ლექსო ყაულაშვილისა და ბექა გორგაძის „პოსთან“ 19:27 დამარცხდა. ლუკამ და ბექამ სინბინში 10-10 წუთი გაატარეს, ხოლო გორგაძემ ამ მატჩში ბასკებს უკაპიტნა.
სერგო აბრამიშვილისა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსემ“ „პერპინიანს“ რის ვაი-ვაგლახით მოუგო – 28:26, ხოლო დავით ნინიაშვილისა და ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელმა“ მძიმე ბრძოლაში თვით ქვეყნის ჩემპიონი „ტულუზი“ დასცა – 30:27.
ერთი მატჩიც ქართველების გარეშე წარიმართა – „ბაიონმა“ „ტულონს“ 27:26 მოუგო.
პრო დ2
აი, ამ ლიგაში კი ერთბაშად 4 ქართული ლელო გავიდა და ყველა – საუცხოო. „ორიაკმა“ შინ „დაქსი“ ბონუსით, 65:35 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში ჩვენებურთა სოლიდური წვლილია. ჯერ ლუკა ნიორაძემ დააბოლოვა მძლავრი მოლი, მერე ირაკლი მჭედლიძემ 5-მეტრა ჯარიმის გათამაშება დააგვირგვინა ჯიქურ შეტევით, ბოლოს კი თედო აბჟანდაძემ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და ყველას გაექცა. ლუკასთვის ეს იყო 21-ე ლელო პრო დ2-ის 130 მატჩში, ირაკლისთვის – მე-5 62-ში, ხოლო თედოსთვის – ასევე მე-5, ოღონდ 55 მატჩში, თან რადგანაც ის კარშიც ურტყამს, მისი ჯამური მონაგარი 359 ქულას გაუტოლდა.

დაბოლოს, ლუკა მატკავაზეც, რომელმაც ფრანგულ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბორჯღალოსანი მგეზავი თამაშში 50-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი „ოიონაქსი“ მოკრძალებულად ამარცხებდა „ბიარიცს“ – 22:18. ერთ წუთში მატკავამ ჯარიმა გაიტანა, 5 წუთში – კიდევ ერთი, 77-ე წუთზე ოიონაქსელთა მარაო-შეტევა საოცარი დაქნევითა და ლელოში შერბენით დააგვირგვინა, თავადვე გარდასახა და გაწითლებულ დროში პარტნიორის ლელოს რეალიზაციაც მოახდინა. ჯამში – 15 ქულა 30 წუთში, გუნდმა კი ბონუსით, 47:25 მოიგო და ცხრილშიც გალიდერდა. ლუკა მატკავას ეს პერფორმანსი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრად დაუფასდა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 23:08შოკი შვანგირაძისგან
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 15:0652 ქართველით და ხმაურიანი ტრანსფერებით
