კილიან მბაპეს გასულ სეზონში ტიტული არ მოუგია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შედეგად, ის „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
დღეს მბაპეს კლუბი, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაში „ინტერს“ ხვდება. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე მადრიდელთაგან ჟურნალისტთა კითხვებს სწორედ ფრანგმა გასცა პასუხი.
„როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ხარ აუცილებლად გაკავშირებენ ინდივიდუალურ ჯილდოებთანაც. ქუჩაში ხალხი მაჩერებს და „ოქროს ბურთზე“ მელაპარაკება, მეუბნებიან, რომ მე მისი პოტენციური მფლობელი ვარ. მეც მაქვს განცდა, რომ წლეულს ეს ჯილდო შეიძლება მოვიგო, რადგან ზაფხულში მსოფლიო სპორტის ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებაში ისტორია დავწერე, მაგრამ იოლი არ იქნება. ჟურნალისტებს სრული უფლება აქვთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ის მიიჩნიონ, ვინც თავად უნდათ“, – თქვა მბაპემ.

„პარიზიენი“, რომელიც მბაპეს პრეს-კონფერენციას გვაცნობს, შეგვახსენებს, რომ წლეულს „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. მბაპეს გარდა ჯილდოს მოგების შანსი აქვთ (გვარებს ჩამოვწერთ იმ თანმიმდევრობით, როგორითაც პარიზულმა გაზეთმა ჩამოწერა) 2025 წლის გამარჯვებულს ოსმან დემბელეს, „ბაიერნის“ ინგლისელ თავდამსხმელს ჰარი კეინს, ესპანელ მსოფლიოს ჩემპიონ როდრის, მის თანამემამულესა და პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ფაბიან რუისს და ხვიჩა კვარაცხელიას.
მბაპეს მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ დაახლოებით ერთი კვირის წინ თქვა, რომ ჯილდოს სწორედ მისი თავდამსხმელი იმსახურებს, პსჟ-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ კი თავისი გუნდის – ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მომგებ – ფეხბურთელებს დაუჭირა მხარი.
როდესაც პრეს კონფერენციაზე დაახლოებით იმავე საკითხს კიდევ ერთხელ შეეხნენ, მბაპემ თქვა, რომ მას თავი „კვლავ“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია, მაგრამ იცის, რომ „ყველას თავისი შეხედულება აქვს“.
შემდეგ ფრანგს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან წაგება გაახსენეს, რაზეც მან აღიარა, რომ ამ მარცხის გადატანა განსაკუთრებით ძნელი გამოდგა.
„ეს მართლაც ყველაზე რთული მომენტი იყო. არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ, რომ მე 2022 წელსაც წავაგე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, ხოლო 2020-ში ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავმარცხდი. გასული მუნდიალი საკუთარ ქვეყანასთან, ხალხთან კავშირის თვალსაზრისით მართლაც ჩინებული გამოდგა. გულშემატკივარმა დააფასა სტილი, ატმოსფერო და ენერგია, რომელსაც გუნდი ასხივებდა. გულშემატკივარს მოეწონა საფრანგეთის ნაკრების ისეთი სახე, როგორიც მსოფლიოს წარვუდგინეთ.
ჩვენ ძალიან გვინდოდა გაგვემარჯვა, მაგრამ 2018 წელს უკვე გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები, ყოველთვის კი ვერ მოიგებ. არ აქვს მნიშვნელობა ვიგებთ თუ ვაგებთ, მთავარია, რომ ჩენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვით. დღე, როდესაც ამ ჟინს დავკარგავ, ჩემი კარიერის ბოლო დღე იქნება“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
