ჟოზე მოურინიუს „რეალის“ სათავეში დაბრუნება „ბარსელონაში“ უყურადღებოდ ვერ ჩაივლიდა. კატალონიაში კარგად იციან, რომ პორტუგალიელი ეგრეთწოდებული მედია-ომების დიდოსტატია, მეტოქის წყობიდან გამოყვანა ეხერხება და თავიანთ გერმანელ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს. ფლიკს „ბარსას“ სათავეში კარგი სტარტი ჰქონდა და გულშემატკივრების აზრით დასანანი იქნება „განსაკუთრებულის“ განსაკუთრებულ ხრიკებს თუ წამოეგება.

გაზეთი „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ ოფისში ფლიკი საგანგებოდ გააფრთხილეს. მათ გაიხსენეს მადრიდში მოურინიუს პირველი ყოფნის დროინდელი გამორჩეული ეპიზოდები: დაპირისპირება პეპ გვარდიოლასა და ტიტო ვილანოვასთან. ამ უკანასკნელს მოურინიუმ თვალში თითიც კი ატაკა.
2026 წელს პორტუგალიელი აშკარად უფრო დამშვიდებული ჩანს, მაგრამ „ბარსას“ შეფებს გარისკვა მაინც არ უნდათ.
ესპანური მედია წერს, რომ ჰანსი ფლიკისთვის მიცემული ინსტრუქცია მკაფიოა: „ერთი სიტყვაც არ თქვა „რეალზე“ ან პირადად მოურინიუზე“.
გერმანელ მწვრთნელს ამ რეკომენდაციის შესრულება წესით არ უნდა გაუჭირდეს. მას პრეს-კონფერენციებზე კამათი და ვითარების გამწვავება არ უყვარს. ამის ცხადი მაგალითი იყო ჟურნალისტებთან შეხვედრა ლა ლიგის პირველ ტურში „ელჩესთან“ შეხვედრის წინ, როდესაც ფლიკს „რეალში“ მოურინიუს დაბრუნების შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:
„ჩვენ რა, ხვალ „რეალს“ ვეთამაშებით? თუ არა, მაშინ „ელჩეს“ შესახებ მკითხეთ“.
მედია წერს, რომ როდესაც „ელ კლასიკო“ მოახლოვდება ვითარება რადიკალურად შეიცვლება. ფლიკი მოურინიუსა და „რეალზე“ ლაპარაკს თავს ვეღარ აარიდებს. რა გამოსავალს იპოვის „ბარსას“ თავკაცი გამოჩნდება, თუმცა კლუბის პოლიტიკა უკვე ცნობილია.
პირველი „ელ კლასიკო“ 26 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
