ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის მფლობელი „პარი სენ ჟერმენი“ „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა რაოდენობით 2026 წელსაც დომინანტია. იმ პარიზელ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც „ფრანს ფუტბოლის“ 30 კაციან შორთ-ლისტში მოხვდნენ არის 2025 წლის გამარჯვებული ოსმან დემბელე. ასეთი შემთხვევა, წინა წლის ლაურეატი მომდევნო წელიწადსაც კანდიდატთა შორის რომ ყოფილიყო, 2023 წლის მერე არ მომხდარა – 2023-ში ეს გახლდათ ქარიმ ბენზემა.
პსჟ-მ გასული წლის რეკორდი გაიმეორა, შორთ-ლისტში 9 ფეხბურთელი ჰყავს. 2003-სა და 2018-ში ამდენივე კაცით იყო წარმოდგენილი „რეალი“, ოღონდ მაშინ საუკეთესოს 50 მოთამაშიდან არჩევდნენ და თან სახელდებოდა არა სეზონის, არამედ კალენდარული წლის ტოპ-ფეხბურთელი.
2025 წელთან შედარებით 2026-ში ორი ახალი პარიზელია: მარკინიოსი და ვილიამ პაჩო.. ეს უკანასკნელი შორტ-ლისტში პირველადაა.

სიაში არ არიან დეზირე დუე და ბრედლი ბარკოლა. მათ სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით ერთნაირი სეზონი ჰქონდათ.
საფრანგეთის ჩემპიონატიდან ყველაზე მეტი წარმომადგენელი ადრე 1956 და 2025 წლებში იყო. წლევანდელი სია კიდევ იმით არის საინტერესო, რომ მასში ერთი მეკარეც ვერ მოხვდა, იტალიური სერია A კი მხოლოდ ერთი წარმომადგენლითაა. თუ ესპანელ ფერან ტორესსაც მის ახალ კლუბს პსჟ-ს მივაწერთ, მაშინ საფრანგეთის ჩემპიონი დაჯილდოების ცერემონიალზე 10 ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი; თუმცა უფრო ლოგიკური იქნება თუკი ტორესს „ბარსელონას“ წარმომადგენლად მივიჩნევთ, რადგან გასული სეზონი მან „კამპ ნოუზე“ გაატარა. ტორესმა კატალონიური გრანდის მაისურით 21 გოლი გაიტანა, მაგრამ მნიშვნელობით ამ გოლებიდან ყველას სჯაბნის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, არგენტინის კარში შეგდებული გოლი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებს ტიტული მოუტანა.
ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი შორთ-ლისტში საუდის არაბეთის პრო-ლიგის წარმომადგენლის, მექსიკელი ხულიან ქუინონესის მოხვედრა გახლდათ. „ალ-ქადსიას“ 29 წლის ფეხბურთელი დიდ ჯილდოზე პირველად არის წარდგენილი, ისევე როგორც ფერან ტორესი, პაჩო, პაუ კუბარსი, მარკ კუკურეია, გაბრიელი და დაიო უპამეკანო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საუდეთის ლიგის მოთამაშე „ფრანს ფუტბოლის“ შორთ-ლისტში ხვდება. თან ფეხბურთელი კი არა, ფეხბურთელები: „ალ ნასრის“ სენეგალელი ვარსკვლავი სადიო მანეც კანდიდატთა შორისაა.
აშშ-ს ლიგა MLS კი ლეო მესის სახით ისტორიაში მეორედ არის სიაში წარმოდგენილი. პირველად 2007 წელს დევიდ ბექემი იყო.
გთავაზობთ „ფრანს ფუტბოლის“ ოცდაათეულს:
ჯუდ ბელინგემი (23 წლის; შორტ-ლისტში მეოთხედ მოხვდა); პაი კუბარსი (19; პირველად); მარკ კუკურეია (28; პირველად); ოსმან დემბელე (29; მეორედ); ლუის დიასი (29; მეორედ); ბრუნო ფერნანდეში (32; მეორედ); გაბრიელი (28; პირველად); ერლინგ ჰოლანდი (26; მეექვსედ); აშრაფ ჰაკიმი (27; მეორედ); ჰარი კეინი (33; მერვედ); ხვიჩა კვარაცხელია (25; მესამედ); ლამინ იამალი (19; მესამედ); სადიო მანე (34; მეხუთედ); მარკინიოსი (32; მეორედ); ლაუტარო მარტინესი (28; მეხუთედ); კილიან მბაპე (27; მეცხრედ); ნუნუ მენდეში (24; მეორედ); ლეო მესი (39; მეჩვიდმეტედ); ჟოაო ნევეში (21; მეორედ); მაიკლ ოლისე (24; მეორედ); ვილიან პაჩო (24; პირველად); ხულიან ქუინონესი (29; პირველად); დეკლან რაისი (27; მესამედ); როდრი (30; მესამედ); ფაბიან რუისი (30; მეორედ); უილიამ სალიბა (25; მეორედ); ფერან ტორესი (26; პირველად); დაიო უპამეკანო (27; პირველად); ვინისიუს ჟუნიორი (26; მეხუთედ); ვიტინია (26; მესამედ).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება