ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები დუღს, ჩემპიონთა ლიგაში გოლი გოლზე გადის, ორშაბათს „ფრანს ფუტბოლი“ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს დაასახელებს და ამ ყველაფრის ფონზე სატრანსფერო ამბები თითქოს დავიწყებას მიეცა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ხალხი, რომელსაც საფეხბურთო ბიზნესის ეს მხარე აბარია გამალებული მუშაობს, რადგან სადაცაა იანვარი დადგება და ფეხბურთელებით ვაჭრობა ერთი თვით განახლდება. გთავაზობთ რამდენიმე სატრანსფერო ცნობას, რომელიც ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა გამოაქვეყნა.
***
„ეკიპი“ წერს, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ახალი გარემარბის შეძენაზე ხვიჩა კვარაცხელიას დაშავებამდეც ფიქრობდა, ხოლო დღეს, როდესაც ქართველი ვარსკვლავი დიდი ხნით გამოეთიშა მოედანს, საფრანგეთის დედაქალაქის კლუბმა ამ საქმეში დაგეგმილზე მეტის გადახდა გადაწყვიტა. ეს არამც და არც ნიშნავს კვარაცხელიას თავიდან მოშორებას. „რადიო მონტე კარლოს“ ინფორმაციით პარიზელები მასთან კონტრაქტის 2032 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავენ და ხელფასსაც ისე მოუმატებენ, რომ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება.
***
„ლივერპულს“ რონალდ არაუხო მოსწონს. ურუგვაელი „ენფილდზე“ იჯარით თამაშობს, თორემ ისე „ბარსელონას“ საკუთრებაა. კლუბებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ გამოსასყიდი თანხა 55 მილიონ ევროს უდრის. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მერსისაიდელები კატალონიელებს ამ თანხას გადაუხდიან და მცველს დაიტოვებენ.
***
მაიკლ ქერიკის საქმე კარგად ვერ არის, მას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ალბათ მალე გაუშვებენ. კლუბის პატრონებს მოთმინების ფიალა ჩემპიონთა ლიგაში „კომოსთან“ 1:4 წაგებამ აუვსო. „ტელეგრაფი“ წერს, რომ „ოლდ ტრეფორდზე“ ახლა გერმანელი იულიან ნაგელსმანის მიყვანას ფიქრობენ. ნაგელსმანმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ თავისი ქვეყნის ნაკრები დატოვა და უმუშევარია.

თუმცა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. ასე მაგალითად, ითქვა „კომოს“ თავკაცის სესკ ფაბრეგასის შესახებ. კიდევ ამბობენ, რომ „იუნაიტედის“ დირექტორატში სერიოზულად ფიქრობენ „ბრაიტონის“ გერმანელ თავკაც ფაბიან ჰიურცელერზე, თუმცა „ბრაიტონი“ ჰიურცელერთან განშორებას არ აპირებს და თუ მაინცდამაინც დააძალებენ 25 მილიონ ევროს მოითხოვს, ამდენი კი მწვრთნელში ჯერ არავის არასდროს გადაუხდია.
***
როგორც ჩანს ახლოვდება ფრანგი ჟიულ კუნდეს „ბარსელონასთან“ განშორების დღე. აქამდე ითვლებოდა, რომ ის „კამპ ნოუზე“ ხელშეუხებელი იყო, მაგრამ SPORT-ის ცნობით კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკუმ მცველის აგენტ ჟონატან კებეს ტრანსფერზე ჩამოუგდო სიტყვა. დავაზუსტოთ: კატალონიელები კუნდეს გაყიდვას არ ჩქარობენ, მაგრამ… ბოლო თვეებში მისი თამაში აღარ მოსწონთ.
***
ენდრიკს „რეალში“ რეგულარულად თამაში სურს და მართალია მადრიდელთა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თქვა ეს ბიჭი მჭირდებაო, ბრაზილიელის ამერიკელმა აგენტმა მაიკლ იორმაკმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საკითხი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ რამდენჯერ ათამაშებენ ენდრიკს ძირითად შემადგენლობაში ახალ წლამდე. ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, მაგრამ მაინც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ურჩევნია დარჩენა. თუ მოურინიუ მას შემდეგი ორი თვის განმავლობაში უმეტესად კვლავ სათადარიგოთა სკამზე დასვამს, არ არის გამორიცხული ენდრიკმა იანვარში წასვლა მოინდომოს.

***
არდა გიულერმა „რეალთან“ 2032 წლამდე განაახლა კონტრაქტი.
***
საბა საზონოვის „ხეტაფე“ ვეტერანი სერხიო რამოსის აგენტებს დაუკავშირდა. როგორც ჩანს ხოსე ბორდალასი დაცვით მაინც უკმაყოფილოა.
***
თუ მასიმილიანო ალეგრი „ნაპოლიდან“ წავა, პარტინოპეელები თურქეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს ვინჩენცო მონტელას მიიწვევენ.
***
„იუვენტუსი“ შემდეგი სეზონიდან სიმონე ინძაგის მიწვევას ფიქრობს, რომელიც ახლა საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილას“ უდგას სათავეში. შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით „ბებერ ქალბატონს“ ლუჩანო სპალეტი ხელმძღვანელობს.
***
არგენტინის ნაკრების სათავეში ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან სიტყვიერი შეთანხმების თანახმად 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ლიონელ სკალონი დარჩება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/10/2026 | 09:18საკონტინეტთაშორისო თასი დოჰაში გაიმართება
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
