პარასკევს, 16 ოქტომბერს ევროპაში EPCR-ის (ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის) ეგიდით გასამართი ორივე ევროთასი აიღებს სტარტს. ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის გათამაშებებში ტრადიციულად სამი ჩემპიონატის მონაწილე კლუბები თამაშობენ – ფრანგული ტოპ 14-ის, ინგლისური პრემიერშიპისა და ირლანდიურ-შოტლანდიურ-უელსურ-იტალიურ-სამხრეთაფრიკული URC-ის (გაერთიანებული სარაგბო ჩემპიონატი) კლუბები. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც – სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზი „ჩიტასი“ და პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“, რომელიც ჩელენჯ (გამოწვევის) თასის გათამაშებაში ზედიზედ მეოთხედ ჩაებმება.
წინა სამ ცდაზე „შავმა ლომმა“ თითო გამარჯვება იზეიმა – 2023 წლის დეკემბერში უელსში იქაური „სკარლეტსი“ დაამარცხა, ხოლო 2024 წლის დეკემბერსა და წლევანდელ იანვარში ტოპ 14-ის წარმომადგენლებს უკვე თბილისში სძლია – შესაბამისად „ვანს“ და „მონტობანს“.
2026-2027 წლების სეზონში „შავი ლომი“ ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ერთ-ერთ პულში, კერძოდ მესამეში, ფრანგულ ტულონთან“, ასევე ფრანგულ „ვანთან“, შოტლანდიურ „ედინბურგთან“, უელსურ „ოსპრეიზთან“ და ინგლისურ „ჰარლიქუინზთან“ ერთად იასპარეზებს და ინგლისური კლუბის გამოკლებით, ოთხ დანარჩენ მეტოქესთან თითო მატჩს გამართავს – „ოსპრეიზსა“ და „ედინბურგთან“ თბილისში, ხოლო „ტულონსა“ და „ვანთან“ – საფრანგეთში. მომდევნო, ანუ მერვედფინალურ ეტაპზე გასასვლელად პულში მოწინავე 4 ადგილიდან ერთ-ერთის დაკავებაა საჭირო და „შავმა ლომმა“ წინა სამ ჯერზე ამ ამოცანის შესრულება ვერ მოახერხა.

მაშ ასე: 17 ოქტომბერს, 16 საათზე, „ავჭალა არენაზე“ დაიწყება ჩელენჯ თასის პირველი ტურის მატჩი ქართულ „შავ ლომსა“ და უელსურ „ოსპრეიზს“ შორის და ეს იქნება ფრანგი სპეციალისტის, პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი ამ ტურნირზე ქართული ფრენჩაიზის სათავეში. შემადგენლობაც ერთობ გადახალისებულია – ბევრი ახალი სახეა, მათ შორის 20-წლამდელთა ნაკრებიდანაც. კიდევ ერთი საიახლე გუნდში ორი ლეგიონერის აყვანაა – მაიკლ ქარი და ლეავასა პოტუ შერკინების მესამე ხაზს გააძლიერებენ.
„შავი ლომის“ გაფართოებული რაზმი ჩელენჯ თასისთვის:
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, დათო აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, ნიკოლოზ ნარმანია, შოთა ხელაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ირაკლი ქვათაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ლადო ჩაჩანიძე, დავით არველაძე, მაიკლ ქარი, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, ლაშა ციხისთავი, ლუკა ნარსია, ოთარ გიორგაძე, გიორგი სინაურიძე, სანდრო მამამთავრიშვილი;
ღერძი: გიორგი სპანდერაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დავით ხუროშვილი, დავით იმნაძე, ლუკა ცირეკიძე, ლუკა თაყაიშვილი, მათე მახარაძე;
უკანა ხაზი: თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, რომა მახათაძე, ოთარ მეტრეველი, ლუკა ტაბატაძე, ლეონიდე სალდაძე, დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი, ვაჟა მიქაძე, მიხეილ ყაჩლავაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:26შავი ლომის მეოთხე გამოწვევა
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:5337-კაციანი ლეგიონის ამბები
სიახლეები06/10/2026 | 02:10ფხაკაძის პირველი
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 16:12შედეგიანი ფრანგული უქმეები
