პაპენი: მბაპესთვის არსებობს მხოლოდ მე, მე და მე

პაპენი: მბაპესთვის არსებობს მხოლოდ მე, მე და მე

ახლოვდება „ოქროს ბურთით“ დაჯილდოების ცერემონიალი. ის 26 ოქტომბერს ლონდონში უნდა გაიმართოს. წლეულს არნახულად ჩახლართული ვითარებაა, ფავორიტი არ არსებობს. ევროპულ მედიაში იბეჭდება მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ჟურნალისტების ინტერვიუები, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას თუ ვინ უნდა გახდეს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. საინტერესო იყო „ოქროს ბურთის“ 1991 წლის ლაურეატის ჟან-პიერ პაპენის მოსაზრებაც. მას მიაჩნია, რომ 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჰარი კეინი უნდა გახდეს.

France Televisions-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „მარსელის“ ყოფილმა ფორვარდმა თანამემამულის კილიან მბაპეს წინააღმდეგ გაილაშქრა. პაპენმა თქვა, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს ბოლო კვირებში მეტისმეტი მოუვიდა – საკუთარი თავის ამდენი ქება ულამაზოა. ვეტერანის აზრით მართალია მბაპე მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორია, მაგრამ „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებს.

„მე კილიანი ძალიან მომწონს, ის რეკორდსმენია, მაგრამ მისთვის არსებობს მხოლოდ „მე, მე და მე“. „ოქროს ბურთის“ მოგება არ არის კავშირში იმის დაუსრულებელ გამეორებასთან, რომ შენ ეს გინდა. გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ. მე როგორც მივხვდი მბაპეს მესიჯი იყო: ჩემ გარდა ამ ჯილდოს არავინ იმსახურებს! – რაც აშკარა გადაჭარბებაა“.

პაპენის აზრით ინდივიდუალური მიღწევები „ოქროს ბურთისთვის“ საკმარისი არ არის, მბაპეს კი გასულ სეზონში გუნდური ტიტული არ მოუგია.

„დღეს „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს კრიტერიუმების მთელი პაკეტის მიხედვით ირჩევენ. გუნდური ტიტულის კრიტერიუმი კი კილიანს არ ერგება. დღეს ჰარი კეინს არ აქვს არაფერი დასაწუნი“, – თქვა „ოქროს ბურთის“ ყოფილმა ლაურეატმა.

პაპენს შესაძლოა მბაპესთან დაკავშირებით დაეთანხმო, მაგრამ საინტერესოა მისმა რჩეულმა ჰარი კეინმა გერმანიის ჩემპიონის ტიტულს გარდა რა მოგო? ის ხომ ყველაზე დიდ შეჯიბრებებში, ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტულის გარეშე დარჩა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.