სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ

სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ

ფანებმა „მანჩესტერ სიტის“ ყოფილ თავდამსხმელს იმრე ვარადის 1980-იან წლებში იმრე ბანანი შეარქვეს. მაშინ ხალხმა სტადიონზე გასაბერი ბანანების ტარება დაიწყო. შემდეგ ეს ამბავი დავიწყებას მიეცა, მაგრამ ახლახან, როდესაც კლუბი ფინანსურ დარღვევებში ამხილეს და შეიძლება მკაცრად დაისაჯოს, ის ისევ გაიხსენეს და… ვარადიმ ბიზნესი გაახურა – ცალს 10 გირვანქად ყიდის.

შაბათს „მანჩესტერ სიტი“ „იფსვიჩს“ ხვდება. კლუბმა 67 წლის ვეტერანი „ეტიჰედზე“ დაპატიჟა. მისთვის ზეპური შეხვედრის მოწყობას აპირებს.

„ყვითელ ბანანებს ათასობით ადამიანი მიკვეთავს. მოთხოვნამ ყველა ზღვარს გადააჭარბა. კლუბს სურს შაბათს ტრიბუნები ერთიანად გადაყვითლდეს. „სიტიმ“ მე და ჩემი ოჯახი სტადიონზე დაგვპატიჟა. VIP მიღებას გვპირდებიან“, – თქვა უნგრულ-იტალიური ფესვების მქონე ინგლისელმა.

მივიწყებულმა ტრადიციამ კვირას „ლივერპულთან“ 3:0 მოგების დღეს ახალი ძალით იფეთქა. ეს იყო „სიტის“ პირველი თამაში მას მერე, რაც გამოძიებამ დაამტკიცა, რომ კლუბმა 2009-2019 წლებში ასზე მეტი კანონი დაარღვია, რის გამოც შეიძლება ქულები დააკლონ ან სულაც ქვედა ლიგაში გააგდონ. და თითქოს გულმა უგრძნოო, გაირკვა, რომ ვარადის 18 თვის წინ გასაბერი ბანანების ბიზნესი წამოუწყია. ახლა ის კლუბთან ერთად მუშაობს და ამბობს:

„სიგიჟე თავიდან დაიწყო. გაისად 40 წელი შესრულდება, რაც „სიტის“ ისტორიაში პირველად გამოჩნდა ბანანი და მე ვამაყობ, რომ ამის ნაწილი ვარ. ჩემი კომპანია დავაფუძნე და დღეს გასაბერი ბანანების ბიზნესი მილიარდიანი (ასე ამბობს თავად!) ინდუსტრიაა. თავად კი იმრე ბანანი გახლავართ, „სიტის“ ყოფილი 9 ნომერი, რომელსაც ამ გუნდის მაისურით გოლები გაჰქონდა“.

იმრე ბანანს ფეხბურთელის 18-წლიან კარიერაში 15 სხვადასხვა კლუბში უთამაშია. მათ შორის იყვნენ „ევერტონი“, „ნიუკასლი“, „ვესტ ბრომვიჩი“, „ლიდსი“ და შეფილდის ორივე კლუბი. „სიტიში“ ის 1986-87 წლების სეზონის საშინელი სტარტის მიერ 50 000 გირვანქად ჯიმი ფრიზელის მწვრთნელობის დროს გადავიდა. ვარადი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, „ქალაქელები“ კი უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ. ვარადიმ გუნდს მეორე ლიგაშიც უერთგულა და ბევრი გოლი შეაგდო, მაგრამ პირველ დივიზიონში ვერ დააბრუნა.

„მე რომ „სიტიში“ ვთამაშობდი ფეხბურთი სხვანაირი იყო. გარშემო ხულიგნური ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ ჩვენ ფანებთან ახლო ურთიერთობა გვქონდა და ბანანის გიჟურმა ამბავმა ჩვენს შორის კავშირი კიდევ უფრო განამტკიცა. ეს 1987 წელს დაიწყო და BBC-ს ექვსსაათიან ცნობებშიც კი მოხვდა, მაგრამ ახლა ისეთი ძალით დაბრუნდა, რომ ადრინდელს გადააჭარბა. ბევრი მეკითხება ვინ დამარქვა იმრე ბანანი. ვარადი ხომ „ბანანს“ (ინგლისურად ბანანას) არ ერითმება. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არ ვიცი ვინ და რატომ დამარქვა ასე. დღეს კლუბის მდგომარეობას ბანანების ამბავი კარგად ასახავს. ის რა დღეშიც „მანჩესტერ სიტი“ ჩავარდა გულშემატკივრების და ფეხბურთელების ბრალი არ არის. ჩვენ ძველებურად სიამოვნებას ვიღებთ და გუნდს მხარს ვუჭერთ. როდესაც მოწინააღმდეგე ფანები ცდილობენ გაწყენინონ, შენ ბანანებით შეგიძლია გუნდში მხიარულება და ერთსულოვნება შეიტანო. პრინციპში ეს უკვე მოხდა. მას მერე უამრავი მესიჯი მივიღე. „სიტის“ ფოლკლორის ნაწილი გავხდი, რაც უდიდესი ბედნიერებაა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.