საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის „კარაბაოს თასის“ მერვედფინალში კარგად ითამაშა და პენალტების სერიაში „ლივერპულს“ „ჩელსისთან“ მოაგებინა. მან რთული დარტყმა მოიგერია არა მარტო პენალტების სერიაში, არამედ შეხვედრის მსვლელობისას, 90 წუთის განმავლობაშიც, რის გამო გულშემატკივრის ყურადღება მიიპყრო. ამის მიუხედავად, ლივერპულში მის მიმართ მედიის ფრთხილი დამოკიდებულება არ შეცვლილა, რის ნათელი მაგალითიცაა This is Anfield-ში გამოქვეყნებული წერილი, რომლის ერთი მონაკვეთიც გიორგის ეხება.
საიტი წერს: „გიორგი მამარდაშვილი მერსისაიდში ჩამოსვლის დღიდან რთული ამოცანის წინაშე დგას. მისი მიზანი პირველი წამიდან მკაფიო იყო: უნდა მომზადებულიყო იმისთვის, რომ საჭირო მომენტში მსოფლიოს (სავარაუდოდ) საუკეთესო მეკარე შეეცვალა. მეკარე, რომელიც შვიდი წელიწადია ბატონობს.

მამარდაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა თავი მოესინჯა ალისონის დიდ ბუცებსა და კიდევ უფრო დიდ ხელთათმანებში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ დამაჯერებელი არასდროს ყოფილა.
მას შანსი მიეცა როგორც სათასო შეხვედრებში, ასევე პრემიერლიგაში, როდესაც „ლივერპულის“ პირველი მეკარე დაშავებული იყო, მაგრამ ქართველმა ხალხის გულებში ერთხელაც ვერ აანთო იმედის ნაპერწკალი და რწმენა ვერ გააღვივა.
ის უთუოდ ძალიან დახვეწილი დარტყმების მომგერიებელია, მაგრამ მისი თამაშის რიგი ასპექტები – განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღების უნარი, როდესაც დაცვის ხაზში ბოლო ფიგურად რჩება და ბურთის თამაშში შეყვანა – ყოველთვის კამათს იწვევდა.
ის, რომ კითხვები კითხვებად დარჩება „ჩელსისთან“ შეხვედრაშიც გამოჩნდა – განსაკუთრებით მას მერე, რაც ის პენალტების სერიაში პირველივე დარტყმების მოგერიებასთან ახლოს იყო, მაგრამ ვერ მოიგერია. თუმცა „დადგა ჟამი და გამოჩნდა კაცი“: ლივერპულის მეკარემ საჭირო მომენტში ითამაშა კარგად. მას მერე, რაც კოსტას ციმიკასმა „ენფილდი“ ბურთის აცილებით გააკვირვა, მან ჩინებულად მოიგერია ემანუელ ემეგას დარტყმული.
ამან მამარდაშვილს საკუთარი თავის დიდი რწმენა შესძინა, რაც ასევე ძალიან საჭირო იყო“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
