მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ

მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ

და ისევ „ოქროს ბურთის“ შესახებ. მაროკოელმა ჟურნალისტმა, „ფრანს ფუტბოლის“ ჟიურის წევრმა მუსტაფა ბადრიმ AfricaFoot-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მასზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ. ბადრიმ პირველ ადგილზე დაწერა აშრაფ ჰაკიმი, მეორეზე კილიან მბაპე, მესამეზე ლამინ იამალი, ხოლო მომავალ გამარჯვებულს ჰარი კეინს მეექვსე ადგილი მიაკუთვნა.

მაროკოელმა კონკრეტულად არ დაასახელა, მაგრამ მოყვა, რომ ბოლო დღეს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სცადეს მისთვის „ფრანს ფუტბოლის“ რედაქციაში გასაგზავნი ათეულის სხვა ვარიანტი ეკარნახათ.

„დედლაინის წინ, ბოლო საათებში დამიკავშირდა ხალხი, რომელთაც სცადეს ჩემზე გავლენა მოეხდინათ, რათა აშრაფ ჰაკიმის ნაცვლად პირველ ადგილზე სხვა ფეხბურთელი ჩამეწერა. მე ამ ფეხბურთელის დასახელება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მათ თხოვნას რასაკვირველია ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გამოვთქვა ეჭვი, რომ ამ ტიპის გამოკითხვებში ადგილი აქვს ხმოსნებზე ზემოქმედებას. არსებობს გავლენის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჟურნალისტებს დაუკავშირდნენ და მათ გადაწყვეტილებაზე იმოქმედონ. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, ოღონდ მახეში არ გავები“, – თქვა მაროკოელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში მონაწილეობს ფიფას რეიტინგის პირველი 100 ქვეყნის ჟურნალისტი (თითო ქვეყნიდან თითო), რომლებიც ანკეტაში წერენ 10 ფეხბურთელს. პირველი ადგილი იძლევა 15 ქულას, მეორე – 12 ქულას, მესამე – 10 ქულას, შემდეგ კი მოდის 8,7,6,5 და ასე შემდეგ.

2026 წლის გამოკითხვა ისტორიაში მეოთხე იყო გამარჯვებულისა და მეორე ადგილზე გასულის სიახლოვის მიხედვით. ჰარი კეინმა (1055 ქულა) მეორე ადგილზე გასულ კილიან მპაპეს (1027) სულ რაღაც 28 ქულით აჯობა.

 „პარიზიენში“ დაიწერა, რომ წლეულს ვეტერანი ფეხბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია დაჯილდოების წინა პერიოდმა, კერძოდ კი იმან, თუ როგორ ცდილობდნენ კანდიდატები საზოგადოების და უპირველეს ყოვლისა ხმოსნების გულის მოგებას. ამას დაამატეთ ისიც, რომ მედიაჯგუფ Amaury-ს, რომელიც „ოქროს ბურთის“ პატრონია, ეჭვი გაუჩნდა რომ ადგილი ჰქონდა, ნიძლავებსა და ფსონებთან დაკავშირებულ თაღლითობების ან თაღლითობების მცდელობებს და ამის გამო სადაც ჯერ არს საჩივარი შეიტანა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.