უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომლებსაც ერთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრისთვის მოამზადებს. იგულისხმება ორი შეხვედრა: 14 ნოემბერს თბილისში საქართველოსთან და 17 ნოემბერს ბუდაპეშტში ჩრდილოეთ ირლანდიასთან.
მარკო რისი შეკრებას შემდეგი ორშაბათიდან, 8 ნოემბრიდან იწყებს.
პრეს-კონფერენციის დასაწყისში უნგრეთის ნაკრების პრეს-სამსახურის უფროსმა გერგო საბომ თქვა, რომ ფიფადან მიღებული ფაქსის თანახმად მათ ნება ეძლევათ გუნდში მიიწვიონ „ვაშაშის“ 30 წლის ფეხბურთელი იოჟეფ ურბლიკი, რომელიც წლების წინ სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. სლოვაკეთში დაბადებული ურბლიკი ცენტრალური ნახევამცველია.
პირველი შეკითხვა, რომელიც უნგრელმა ჟურნალისტებმა მარკო როსის დაუსვეს ნაკრების ახალგაზრდებს ეხებოდა.
იტალიელმა მწვრთნელმა უპასუხა: „მე ისინი ძალიან მომწონს. ჩვენ მათ თამაშს მუდმივად ვადევნებთ თვალს და ვფიქრობ, სამივეს თავის გამოჩენისთვის ხელსაყრელი მომენტი ეძლევათ.
აკოშ სენდრეი (23 წლის ცენტრალური თავდამსხმელი, 184 სანტიმეტრი) შრომისმოყვარეა, მოწინააღმდეგეებზე დიდ ზეწოლას ახორციელებს. ვფიქრობ მისი სტილი ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

იოჟეფ ურბლიკს ჯერ კიდევ „პუშკაშ აკადემიის“ დროიდან ვიცნობ. აქამდე მისი ნაკრებში გამოძახების შესაძლებლობა არ მქონდა. ჩვენ მას შეგვიძლია შევხედოთ, როგორც დომინიკ სობოსლაის შემცვლელს. რასაკვირველია, საამისოდ ურბლიკმა ნაკრების რიტმს უნდა აუწყოს ფეხი, უნდა მოერგოს სანაკრებო ფეხბურთის ინტენსივობას და ბურთის გადატანა-გადმოტანას. ის ახალგაზრდა აღარ არის, მაგრამ კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენ აწმყოშიც გამოვიყენებთ და მომავალშიც.
მილან პეტო კი მოძრავი, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია“.
შემდეგ მარკო როსიმ განმარტა თუ რატომ გამოიძახა ჩვეულებრივზე ბევრი ფეხბურთელი – 3 მეკარე და 24 ე.წ. მოედნის მოთამაშე.
როსი: „შვიდი თუ რვა ფეხბურთელი ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაციის რისკის წინაშეა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ორი თამაშისთვის მეტი ფეხბურთელი მოგვემზადებინა“.
ატილა სალაის ნაკრებში 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა ბოლოს ეროვნული გუნდის ფორმა 2025 წლის 16 ნოემბერს ჩაიცვა. ის 192 სანტიმეტრი სიმაღლის 28 წლის ცენტრალური მცველია.
როსი: „საბედნიეროდ სალაი კვლავ კარგ ფორმაშია. ის სანაკრებო ფეხბურთში გამოცდილია. არ დაგიმალავთ, რომ პირველ თამაშში (თბილისში) ცენტრში უფრო მარკ ჩინგერისა და ვილი ორბანის დაყენებას ვაპირებ, მაგრამ ატილა სალაი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ძალიან კარგად ჩაერთოს.“
დომინიკ სობოსლაის შესახებ: „მან ბოლოს და ბოლოს მოიშუშა ორთავა კუნთის ტრავმა და „არსენალთან“ შეხვედრაში კარგა ხანს დაჰყო მოედანზე. პრემიერლიგის შეხვედრაში ამდენი ხანი რომ ირბინო, ფიზიკურად მზად უნდა იყო. ასე რომ, დომინიკი კარგად არის“.
უნგრეთის ნაკრები.
მეკარეები: ბენცე გუნდელ-ტაკაში (ზალაეგერსეგი), არმინ პეჩი (ჰარტბერგი, ავსტრია), ბალაჟ ტოტი (ბლექბერნი, ინგლისი);
მცველები: ბოლა ბენდეგუზი (რაპიდი, ავსტრია), მარკ ჩინგერი (გრონინგენი, ნიდერლანდები), მილოშ კერკეზი (ლივერპული, ინგლისი), აკოშ მარკგრაფი (კოპენჰაგენი, დანია), ჟოლტ ნაძი (პუშკაშ აკადემია), ვილი ორბანი (ლაიფციგი, გერმანია), ატილა ოსვატი (ფერენცვაროში), ატილა სალაი (პოგონი, პოლონეთი), ბენცე ვარკონი (ყარაბახი, აზერბაიჯანი);
ნახევარმცველები: პეტერ ბარატი (სიგმა ოლომუცი, ჩეხეთი), არონ ჩონგვაი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), მილან პეტო (პაკში), ანდრაშ შეფერი (უნიონ ბერლინი, გერმანია), კალუმ სტაილზი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), დომინიკ სობოსლაი (ლივერპული, ინგლისი), ტოტ რაიმუნდი (ქონიასფორი, თურქეთი), იოჟეფ ურბლიკი (ვაშაში), მილან ვიტალიში (აეკი, საბერძნეთი);
თავდამსხმელები: გაბორ იურეკი (მტკ), დანიელ ლუკაჩი (პუშკაშ აკადემია), დამირ რეჯიჩი (ზალცბურგი, ავსტრია), როლანდ სალაი (გალათასარაი, თურქეთი), აკოშ სენდრეი (დებრეცენი), ბარნაბაშ ვარგა (აეკი, საბერძნეთი).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
