რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები

რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები

ოთხშაბათს დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტური, რომლის შედეგად 36 გუნდიან ცხრილს 12 ქულით ანუ ოთხივე მოგებით „პარი სენ ჟერმენი“ და „რეალი“ ლიდერობენ. მესამეზეა ათქულიანი „არსენალი“, შემდეგ კი ცხრა ცხრაქულიანი გუნდია ჩამოწერილი. აუტსაიდერი გახლავთ უქულო ბრატისლავის „სლოვანი“, რომლის წინ ორი ერთქულიანი გუნდია – პრაღის „სლავია“ და „ლილი“, თუმცა რადგან ჯერ ყველაფერი წინ არის, ცხრილზე მეტად დაწვრილმანება აღარ ღირს და ოთხშაბათის ამბები მიმოვიხილოთ.

დავიწყოთ იმით, რომ „რეალი“ „რეალია“, რაც მადრიდის გუნდმა ვინ მოთვლის  მერამდენედ დაამტკიცა. ორჯერ მარცხდებოდა „ლოს ბლანკოსი“ ათენში აეკ-თან. მასპინძლები ჯერ მე-12 წუთზე მავრიტანიელმა აბუბაქარი კოიტამ დააწინაურა (მაგრამ 32-ზე ჯუდ ბელინგემმა ეფექტურად გაქვითა ანგარიში), შემდეგ კი 75-ე წუთზე ალბანელმა სტავრო პილომ კვლავ აეკ-ი გაიყვანა წინ (კილიან მბაპემ 78-ე წუთზე კვლავ გაათანაბრა)… მაგრამ 90+2 წუთზე მოედანზე 25 წუთის შესულმა ფედე ვალვერდემ მაინც სტუმართა გამარჯვების გოლი შეაგდო და „რეალისთვის“ ტრადიციული ძახილის ნიშანი დასვა.

ამ შეხვედრაში მიმომხილველებმა ყურადღება ვინისუს ჟუნიორზე გაამახვილეს. მადრიდელთა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა კვლავ ვერ გამოიჩინა თავი, არადა ახალწვეული დიომანდეს სახით კონკურენტი გამოუჩნდა და ელოდნენ, რომ განსაკუთრებით მოინდომებდა. შესაძლოა მოინდომა კიდეც, ოღონდ შეხვედრას ეს მაინცდამაინც არ დასტყობია. მან ვერც შეტევაში გაიბრწყინა და დაცვით ფაზაშიც არათანმიმდევრული იყო.

ცუდი საღამო ჰქონდა ლივერპულის ფრანგ მცველს ჟერემი ჟაკეს – მისმა გუნდმა სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან“ 2:3 წააგო და მასპინძელთა ორ გოლში უნებლიედ მიიღო მონაწილეობა. პირველ გოლზე იყო და ჯარიმიდან მეისონ გრინვუდის დარტყმული მას მოხვდა, მიმართულება იცვალა და ალისონის კარში შევარდა, ბოლოს კი მეტოქეს ფაქტობრივად არ გაუწია წინააღმდეგობა და კოსოვოელ ვედატ მურიქის თავურით გოლის შეგდების შესაძლებლობა მისცა.

არადა, მერსისაიდელები ჯერ 25-ე წუთზე დაწინაურდნენ, შემდეგ კი – გრინვუდის ზემოთ აღწერილი საპასუხო გოლის მერე – ალექსანდერ ისაკის წყალობით მეორე ტაიმში ერთხელაც გავიდნენ წინ, თუმცა კვლავ ინგლისელმა არჩი ბრაუნმა გაუქვითათ. ბოლოს წერტილი მურიქიმ დასვა, რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ.

3:2 დამთავრდა „ლაიფციგისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩიც. ინგლისური გუნდი ორჯერ ჩამორჩა მასპინძლებს, მაგრამ ერლინგ ჰოლანდმა 78-ე წუთზე მაინც სტუმრებს მოაგებინა. ამ შეხვედრაში აღსანიშნავია ჯანლუიჯი დონარუმას მორიგი უხეში შეცდომა.

„არსენალმა“ პრაღაში მეორე ტაიმში რატომღაც მასპინძელთა პრესის ქვეშ მოიქცია თავი და პირველ ტაიმში მოპოვებული ორგოლიანი უპირატესობის შესანარჩუნებლად იწვალა. ჩეხურმა გუნდმა პოლონელი ნახევარმცველის ვიკტორ ნოვაკის წყალობით 90-ე წუთზე შეაგდო ერთი საპასუხო გოლი. ნერვიული თამაში გამოვიდა.

ყველაზე შოკისმომგვრელი კი გახლდათ „ლანსის“ მარცხი „კომოსთან“ – 1:9. სესკ ფაბრეგასის ბიჭებმა ფრანგულ გუნდს პირველიდან ბოლო წუთამდე ფეხბურთის თამაშის გაკვეთილი ჩაუტარა.

„ბეტისი“ პირველ სამ ტურში პსჟ-სა და „რეალის“ მხარდამხარ მიდიოდა, მაგრამ მეოთხე ტურში დორტმუნდში მარცხი იწვნია – 1:2.

„პორტუმ“ მოუგო „ნაპოლის“ – 4:1; „ეინდჰოვენმა“ შინ „ბრიუგესთან“ წააგო 1:2; „ვიკინგმა“ შინ 4:1 აჯობა აზერბაიჯანულ „საბაჰს“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.