ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!

ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!

მსოფლიო ფეხბურთი ხესუს დე მიგელის დაღუპვას გლოვობს. ის „ტენერიფესა“ და „ანდორას“ შეხვედრაში მოწინააღმდეგის მეკარეს შეეჯახა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვაგლახ, ეს ფეხბურთელის მოედანზე სიკვდილის პირველი შემთხვევა არ არის.

„პარიზიენი“ წერს, რომ ასეთივე შეჯახების შედეგად ფეხბურთელის გარდაცვალების პირველი შემთხვევა 1927 წელს დაფიქსირდა. მაშინ დაიღუპა „სერკლ ბრიუგეს“ თავდამსხმელი ბელგიელი ალბერტ ვან კოლი, რომელსაც ნაწლავი გაუსკდა. მოედანზე ექიმებმა შინაგანი სისხლდენა ვერ შეამჩნიეს, უფრო სწორედ ალბათ ვერც კი წარმოიდგინეს რომ ასეთი რამ შეიძლებოდა ფეხბურთელს დამართნოდა. ვან კოლი მოწინააღმდეგის, „ტურკუენის“ მეკარეს შეეჯახა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა. ფეხბურთელი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა.

თითქმის საუკუნის შემდეგ, 2025 წლის სექტემბერში მსგავსი ტრაგედია ესპანეთში მეხუთე ლიგის შეხვედრაში დატრიალდა. თავის ტრავმასა და მას დართულ გულის ორ შეტევას ემსხვერპლა „კოლინდრესის“ 19 წლის მეკარე რაულ რამირეს ოსორიო. ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

გამორჩევით ტრაგიკული იყო 2004 წელი. თებერვალში დაიღუპა გვატემალელი მეკარე დენი ორტისი. მოწინააღმდეგესთან შეჯახების შემდეგ მას გულის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ ორ საათში დაიღუპა. დეკემბერში ინდოეთში ანალოგიურ ვითარებაში გარდაიცვალა ბრაზილიელი თავდამსხმელი  კრისტიანო ჟუნიორი.

2000 წლის მაისში დაიღუპა 26 წლის ალჟირელი ჰოკინ გასმი, რომელიც გოლის გატანის შემდეგ თავზე დაეცა.

2001 წლის 28 აგვისტოს მოსკოვის ცსკა-სთან შეხვედრაში დაიღუპა უკრაინელი მეკარე სერჰი პერხუნი.

2009 წელს ინდონეზიაში დაიღუპა ჯუმადი ადბი, რომელსაც მანამდე ტრავმული წარმოშობის პრობლემები ჰქონდა კუჭსა და ნაწლავზე. ერთი წლით ადრე დაიღუპა გაბონელი გაე ჩინგომე, რომელიც Football Canon 105-ში თამაშობდა. ის მოწინააღმდეგეს შეეჯახა.

სამწუხაროდ, ფეხბურთში შეჯახება ფეხბურთელების დაღუპვის ერთადერთი მიზეზი არ არის.

 ყოველ წელიწადს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება რამდენიმე გულის გაჩერება. ასე მაგალითად 22 აგვისტოს გულის შეტევის გამო გარდაიცვალა პორტუგალიელი ქუევინ კასტრო.

2003 წელს კონფედერაციათა თასის შეხვედრაში დაიღუპა კამერუნელი მარკ-ვივიენ ფოე.

2004 წელს დაიღუპა „ბენფიკას“ უნგრელი თავდამსხმელი მიკლოშ ფეჰერი, ხოლო 2007 წელს „სევილიას“ ნახევარმცველი ანტონიო პუერტა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.