ხვალ ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენი“ „ბარსელონას“ მასპინძლობს. პარიზელებს არ ეყოლებათ ნუნუ მენდეში, რომელიც „სტრასბურთან“ შეხვედრაში დაშავდა, თუმცა კატალონიური კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ორ ფეხბურთელს „ბლაუგრანაც“ მოისაკლისებს. ლაპარაკია მცველებზე ერიკ გარსიასა და ჟიულ კუნდეზე.
ესპანელმა და ფრანგმა ტრავმა „ბეტისთან“ შეხვედრაში (5:2) მიიღეს. „ბარსას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გარსიამ მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და მკურნალობას 3-4 კვირა მოუნდება, კუნდეს კი მარცხენა ფეხზე კოჭის მყესები დაჭიმვია. შეძლებს თუ არა ეს უკანასკნელი კვირას „ელ კლასიკოსთვის“ გამოჯანმრთელებას, ჯერ ცნობილი არ არის – შეგახსენებთ, რომ კვირას „ბარსელონა“ „რეალს“ მასპინძლობს და ეს შეხვედრა საქართველოს დროით შუაღამისას დაიწყება, რადგან კვირისთვის ევროპაში დროს ერთი საათით გადაწევენ.
ვინ ითამაშებს „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში ამ ორი ბარსელონელის ნაცვლად? ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ ჰანს-დიტერ ფლიკმა მარჯვენა ფრთაზე შეიძლება 32 წლის პორტუგალიელი ჟოაო კანსელუ გამოიყვანოს, მარცხნივ კი 19 წლის ჩავი ესპარტი.
„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაში ორი შეხვედრიდან ორი მოიგო: „ფეიენოორდთან“ 5:1 და „გალათასარაისთან“ 4:1.
ორიდან ორი მოგება აქვს „პარი სენ ჟერმენსაც“: „სლოვანთან“ 6:1 და „მანჩესტერ სიტისთან“ 4:2.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები19/10/2026 | 06:44ბარსელონას პარიზში ორი კაცი აკლდება
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 09:12რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
სიახლეები17/10/2026 | 07:49კვერნაძის გუნდმა ისევ მოიგო
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
