სევილია მსაჯს რეალის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

სევილია მსაჯს რეალის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ესპანეთში გასული კვირა დაძაბული გამოდგა. „რეალი“ და ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ერთმანეთს მძაფრად დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი განსაკუთრებით მას მერე გამწვავდა, რაც ტებასმა მადრიდელთა საკლუბო ტელეარხი ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტულ საშუალებებს შეადარა. არც „რეალმა“ დაიხია უკან. კლუბი როგორც თავის ტელეარხს ასევე მისი გავლენის ქვეშ მყოფ სხვა მედია-საშუალებებს მსაჯობის კრიტიკას სთხოვს.

მადრიდელთა მხრიდან კვლავ არ წყდება ლაპარაკი ნეგრერიას სკანდალზე. როგორც კლუბის ხელმძღვანელები ასევე ფანები დაჟინებით იმეორებენ, რომ ლა ლიგისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შეფობა მათ ავიწროვებდა, თუმცა კვირას „სევილიასთან“ 4:1 გამარჯვების შემდეგ უკვე მოწინააღმდეგე გუნდის ჩივილის დრო დადგა.

სტუმრებს მსაჯის მატეო ბუსკეტს ფერერის რამდენიმე გადაწყვეტილება არ მოეწონათ. ყველაზე მეტად მათ არდა გიულერის ეპიზოდი გააპროტესტეს. სევილიელთა აზრით თურქი პეკესთვის სახეში იდაყვის მირტყმის გამო გასაძევებელი იყო, არბიტრმა კი მას ყვითელი ბარათიც კი არ აჩვენა. კამათის საგანი გახდა პენალტიც, რომელმაც მასპინძლების მესამე გოლი მოიტანა.

ანდალუსიურმა კლუბმა თავის ვებ-გვერდზე აღშფოთება ვერ დამალა. „ფეხბურთელს იდაყვი დაარტყეს და ამას რეაქცია არ მოჰყოლია“, – დაწერა მან.

„სევილიას“ მცველმა ხუან იგლესიასმა Movistar-ზე თქვა: „შეხვედრის ბედი დიდწილად მსაჯის გადაწყვეტილებებმა განაპირობა. პეკეზე აგრესიული ჯარიმა იყო – ჩვენ ეპიზოდი შესვენებისას ჩანაწერში ვნახეთ – მეორე გოლის წინ რობი ურის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესი და როგორც მითხრეს ეს ეპიზოდი ტელევიზორში არც კი უჩვენებიათ. კარგად ვიცოდით სადაც მოვდიოდით სათამაშოდ. მსაჯი გადაწყვეტილებებს ჩვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ იღებდა. ხანდახან არბიტრს უბრალოდ ვერ დაელაპარაკები – ან გეუბნება თავიდან მომშორდიო ან ყვითელ ბარათს გიჩვენებს. ყველაფერი მარტივადაა. წინასწარ ვიცოდით როგორ განვითარდებოდა მოვლენები“.

„სევილიას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი კიკე სალასი ჯერ კიდევ შესვენების დროს ვერ მალავდა აღშფოთებას: „მოწინააღმდეგისთვის იდაყვის დარტყმა წითელი ბარათით უნდა ისჯებოდეს“.

ანდალუსიელთა მწვრთნელი ლუის გარსია პლასა: „იყო მატჩი, თერთმეტი თერთმეტზე, რომელშიც მათ გამარჯვება დაიმსახურეს, მაგრამ იყო კიდევ ერთი მატჩი, რომელიც მსაჯმა შემოგვთავაზა. ჩვენ 25-ე წუთის მერე რიცხობრივ უპირატესობაში უნდა ვყოფილიყავით – თერთმეტი ათის წინააღმდეგ. გიულერი მოედნიდან უნდა გაეძევებინათ. აქ სალაპარაკოც არაფერია. გარდა ამისა მეორე გოლის წინ „რეალმა“ წესი დაარღვია. შესაძლოა მაინც ვერ მოგვეგო, მაგრამ ჯერ კიდევ 0:0-ის დროს ჩვენ მოედანზე უნდა ვყოფილიყავით 11, მეტოქე კი 10. აი, სულ ეს არის, რაც ამ შეხვედრაზე შეიძლება ითქვას. ვიმეორებ, „რეალს“ შეიძლება ათი კაცითაც დავემარცხებინეთ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა მატჩი იქნებოდა. არ მესმის იდაყვის ეპიზოდი VAR-ზე რატომ არ გაარჩიეს. შესაძლოა იმიტომ, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მადრიდელები „კლასიკოს“ წინ „ბარსას“ უკვე 9 ქულით ჩამორჩებოდნენ. ის ვინც ყველაზე მეტს ჩივის, წესით ყველაზე ნაკლებს უნდა წუწუნებდეს. მე ამ შემთხვევაში ლა ლიგის სამივე დიდ კლუბს ვგულისხმობ“.

ამ შეხვედრაში ქართველ ფეხბურთელს გიორგი ქოჩორაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.