ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე

ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე

„ბარსელონა“ კილიან მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორეა – წერს AS და ნათქვამს სტატისტიკით ამაგრებს: ფრანგმა „კატალონიის სიამაყეს“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა. ამაზე მეტი „რეალის“ ფორვარდს მხოლოდ „მონპელიეს“ კარში აქვს გატანილი – 15, ოღონდ 15 თამაშში.

ის, რომ მბაპემ „ბარსას“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა სულაც არ ნიშნავს, რომ მისმა გუნდმა თერთმეტივე შეხვედრა მოიგო. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშის დროს ფორვარდს მოედანი გოლის გარეშე თითქმის ერთხელაც არ დაუტოვებია. ასე მოხდა კვირასაც, როდესაც მან „კამპ ნოუზე“ ორჯერ შეაგდო.

საინტერესოა, რომ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლის გატანიდან ერთ კვირაში („სევილიას“ კარში, რონალდუს სტილში) მბაპემ ერთ-ერთი ყველაზე არაფრისმთქმელი… შემთხვევითი გოლი გაიტანა. ჟერარ მარტინი ბურთს საჯარიმოდან იშორებდა, როდესაც შემთხვევით მბაპეს გაარტყა და ის კარში შევარდა. ფრანგმა ინსტინქტურად ხელები სახისკენაც კი წაიყო თავი რომ დაეცვა. AS წერს, რომ ეს გოლი უფრო განგების გატანილს ჰგავდა ვიდრე მბაპესას, თუმცა შეხვედრის მიწურულს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როდესაც ფორვარდმა კამავინგას პასს ფეხი მსუბუქად მიჰკრა და მეორე გოლი შეაგდო.

ზემოთ 11 დაპირისპირება ვახსენეთ. მათგან ოთხში კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით იყო. ამ ოთხ მატჩში თავდამსხმელმა 6 გოლი გაიტანა. მათგან სამი „კამპ ნოუზე“ ერთ შეხვედრაში შეაგდო.

„რეალის“ მაისურით მბაპემ „ბარსელონას“ ერთი ესპანეთის სუპერთასზე შეუგდო, ერთი „სამეფო თასის“ ფინალში და ექვსი ლა ლიგაში. კვირის თამაშამდე ერთი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჰქონდა გატანილი და სამიც (ჰეთ-თრიკი) „მონჟუიკზე“.

ეს რაც შეეხებოდა გოლებს. რაც შეეხება შედეგებს, კილიან მბაპეს 7 „ელ კლასიკოში“ აქვს მონაწილეობა მიღებული და მათგან „რეალმა“ მხოლოდ ორში იზეიმა გამარჯვება.

ახლა ჩამოვთვალოთ „მონპელიეს“ და „ბარსელონას“ გარდა რომელი გუნდების კარში უყვარს მბაპეს გოლების შეგდება. ესენია: „მონაკო“ და „ლიონი“ – 13; „მარსელი“ „დიჟონი“ და „მეცი“ – 12; „რეალ სოსიედადი“ – 10; „სევილია“ და „ვილიარეალი“ – 5.

საინტერესოა, რომ მას „რეალის“ კარში 3 გოლი აქვს გატანილი, მეტი, ვიდრე მადრიდის მეორე გუნდის, „ატლეტიკოს“ კარში.

„რეალის“ შემადგენლობაში კილიან მბაპემ 100 გოლიანი ბარიერი გადალახა – მან ეს 116 შეხვედრაში შეძლო: საშუალოდ ერთ მატჩში 0.86 გოლი. AS წერს, რომ სტატისტიკის სიზუსტისთვის საჭიროა ვიანგარიშოთ რამდენ წუთში ერთხელ გააქვს ფეხბურთელს გოლი. „რეალში“ მბაპე 95 წუთში ერთხელ გოლს ზეიმობს.

ამ ეტაპისთვის, ისტორიაში მბაპე „რეალის“ ბომბარდირთა შორის 23-ე ადგილზეა.

პიჩიჩის ანუ ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ბარსელონელი რაფინია ლიდერობს – 13 გოლი. ამ გოლებიდან 12 პირველ 7 შეხვედრაში გაიტანა, რაც ენით აუწერელი შედეგია. AS-მა დათვალა, რომ თუკი რაფინია ასე განაგრძობდა, სეზონის ბოლოსთვის 65 გოლი ექნებოდა გატანილი, რაც შეუძლებელი შედეგია.

მბაპეს 11 გოლი აქვს გატანილი. ასე თუ განაგრძობს, მას სეზონის ბოლოს 45 გოლი ექნება შეგდებული. გასულ სეზონში მბაპემ საუკეთესო ბომბარდირის წოდება 25 გოლით მოიპოვა, იმის წინა სეზონში კი 31 გოლით.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.