ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს

ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს

„პარი სენ ჟერმენს“ მორიგი უცნაური საღამო ჰქონდა – მაშინ, როდესაც ტელევიზორებთან მიჯაჭვული მსოფლიო ლონდონიდან  „ფრანს ფუტბოლის“ გალა საღამოს ტრანსლაციას უყურებდა, საფრანგეთის ჩემპიონი მოედანზე ოფლს ღვრიდა – „ლიონს“ ეთამაშებოდა. პარიზელებმა მოიგეს 2:0, მაგრამ… „პალადიუმის“ დარბაზში დამარცხდნენ, რამაც ბევრი გააბრაზა.

ლონდონში პსჟ გასული სეზონის საუკეთესო კლუბად დაასახელეს და შესაბამისი ჯილდოც გადასცეს, მაგრამ მთავარ ნომინაციაში მისი ფეხბურთელები გამარჯვებულ ჰარი კეინს გვარიანად ჩამორჩნენ. პარიზელთაგან ყველაზე მაღალი პოზიცია ხვიჩა კვარაცხელიას ერგო, – მეექვსე იყო. მეშვიდეზე გავიდა ოსმან დემბელე, მეათეზე ფაბიან რუისი, აშრაფ ჰაკიმი და ვიტინია მეცამეტესა და მეთოთხმეტეზე, პაჩო – მეოცეზე, ნუნუ მენდეში – ოცდამესამეზე და მარკინიოსი ოცდამეხუთეზე. ბევრი გულშემატკივრის აზრით ამ ფეხბურთელებს უკეთესი ადგილები ეკუთვნოდათ.

„ეკიპმა“ პსჟ-თან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ „ფრანს ფუტბოლის“ რედაქტორ ვინსენტ გარსიას ჰკითხა. გარსიამ მიკიბ-მოკიბვის გარეშე უპასუხა:

„მბაპემ ძალიან ჭკვიანურად წარმართა კამპანია. მან ჟიურის წევრებს და ფართო საზოგადოებას ზუსტად აუხსნა თუ რატომ ეკუთვნოდა ხმები. გონივრულად გაუსვა ხაზი თავის მიღწევებს, მითუფრო მსოფლიოს ჩემპიონატის წელიწადს. საბოლოოდ ყველაფერი წვრილმანებმა გადაწყვიტა. რაც შეეხება „პარი სენ ჟერმენს“, მან თავისი ყოფილი ვარსკვლავისგან განსხვავებით ხალხთან კომუნიკაცია ძალიან არასწორად ააგო. გუნდმა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა კვარა მეექვსე ადგილზე გაიყვანა, ოსმანი მეშვიდეზე, ფაბიან რუისი კი მეათეზე. ეს იმის ბრალია, რომ ვფიქრობ, პსჟ-ს კამპანია მკაფიო არ იყო. თავიდან სამი ფეხბურთელის გაპიარება სცადა, შემდეგ ორის… მე თუ მკითხავთ – და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ჩემი პროფესია არ არის, – მათ ერთი ფეხბურთელი უნდა აერჩიათ და მის რეკლამირებაზე დაეხარჯათ სახსრები თუ ძალ-ღონე. და ეს ერთი ფეხბურთელი შარშანდელი გამარჯვებული ოსმან დემბელე უნდა ყოფილიყო“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.