ორი ბრინჯაო მსოფლიოდან

ორი ბრინჯაო მსოფლიოდან

ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ყაზახეთიდან საქართველოს დელეგაციას 10 წონიდან ორი ბრინჯაოს მედალი მოაქვს. კვარცხლბეკზე ვახტანგ ლოლუა და იური ლომაძე შედგნენ.

55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლოლუამ სომეხ ნორიარ აროიანსა (2:1) და რუს ემინ სეფერშაევს (6:2) აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან 1:5 წააგო და ბრინჯაოსთვის იჭიდავა, სადაც მონღოლი მუნხ ერდენე 10:0 დაამარცხა. ეს 19 წლის ლოლუასთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მედალია – შარშან ოქრო მოიპოვა.

72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლომაძემ ეგვიპტელი მოჰამედ ხალილი (9:0) და ყაზახი ალმატბეკ ამანბეკი (6:3) დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში უნგრელ კრისტიან ვანჩასთან წააგო და მესამე ადგილისთვის უკრაინელ ფარვიზ ნასიბოვს დაეჭიდა, რომელიც 7:4 დაამარცხა და საქართველოს მეორე მედალი შემატა.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.