ჰარი კეინი გახდა 2001 წლის შემდეგ პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიგო. 2001-ში მაიკლ ოუენმა გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიალი ლინდონის „პალადიუმში“ გაიმართა.
„ბაიერნის“ 33 წლის თავდამსხმელი მეოთხე ინგლისელია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. კეინამდე იყვნენ სტენლი მეტიუზი (1956), ბობი ჩარლტონი (1966) და კევინ კიგანი (1978, 1979). დიდი ბრიტანეთიდან „ოქროს ბურთს“ კიდევ ფლობდნენ შოტლანდიელი დენის ლოუ (1964) და ჩრდილოეთ ირლანდიელი ჯორჯ ბესტი (1968).
კეინის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა საფრანგეთის ნაკრებისა და „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი კი მესამე იყო. ქართველი ხვიჩა კვარაცხელია მეექვსეა.
„ჩემს წარმატებას ბევრი არ ელოდა. შესაძლოა მე თავადაც არ ველოდი, რომ ასე შორს წავიდოდი. კარიერის, განსაკუთრებით კი მისი საწყისი ეტაპის განმავლობაში ბევრი აღმასვლა და ჩავარდნა გადავიტანე. ბევრისგან განსხვავებით არასდროს ვყოფილვარ სუპერვარსკვლავის ტიპი, ამას ჩემზე ხალხი ვერასდროს იფიქრებდა. მომიწია მოთმინება და მუხლჩაუხრელად შრომა. ბევრჯერ საკუთარ თავს შევებრძოლე. დამჭირდა ჩემი თავის რწმენა და თავდადება. ვფიქრობ ამ ყველაფრის გამო ორივე ფეხით მიწაზე დავდექი და მაშინაც კი, როდესაც უმაღლეს დონეზე დავიწყე თამაში, ვცდილობდი კიდევ უკეთესი გავმხდარიყავი“, – თქვა DAZN – თან საუბრისას კეინმა.

კეინმა გასულ სეზონში 51 საკლუბო შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა და ერთ სეზონში შეგდებული გოლების რაოდენობით „ბაიერნის“ რეკორდი დაამყარა. თუ ამას ინგლისის ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრებსაც დავამატებთ, 65 მატჩში 73 გოლი გამოდის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰარი კეინმა გასულ სეზონში დიდ გუნდურ წარმატებას ვერ მიაღწია – როგორც ჩემპიონთა ლიგას ასევე მსოფლიოს ჩემპიონატს ნახევარფინალში გამოეთიშა.
კეინამდე „ბაიერნის“ ფეხბურთელს „ოქროს ბურთი“ ბოლოს 1981 წელს ჰქონდა მოგებული. ეს გახლდათ კარლ-ჰაინც რუმენიგე.
BBC შეეცადა ამოეცნო, როგორ მოიგო მისმა თანამემამულემ „ოქროს ბურთი“ დიდი გუნდური წარმატების გარეშე. ინგლისელი გასულ სეზონში მხოლოდ ბუნდესლიგის ჩემპიონი და გერმანიის თასის მფლობელი გახდა, რაც „ბაიერნის“ მოთამაშისთვის დიდ წარმატებად ვერ ჩაეთვლება. როგორც ჩანს ყველაფერი ინდივიდუალურმა შედეგებმა გადაწყვიტა. ასე მაგალითად, ერთ სეზონში ყველა შეჯიბრებაში გატანილი 61 გოლი ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო შედეგი გამოდგა. მეორე ადგილზე გასულს მასზე… 19 გოლით ნაკლები აღმოაჩნდა გატანილი.
სწორედ 61 გოლი ჰქონდა გატანილი კრიშტიანუ რონალდუს 11 წლის წინ. ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი კი 2011-12 წლებში ლეო მესიმ შეაგდო – 82.
ბუნდესლიგაში გატანილი 36 გოლი მეორე ადგილზე გასულთან შედარებით 17-ით მეტი იყო.

ჩემპიონთა ლიგაში კეინმა, რომელიც ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენმა“ გააგდო, 14 გოლი გაიტანა.
გერმანიის თასზე ინგლისელის შედეგი გახლდათ 10 გოლი, რომელთაგან სამი ფინალში გაიტანა. ერთი გოლი კეინმა გერმანიის სუპერთასზეც შეაგდო.
ინგლისის ნაკრების მაისურით კეინმა თორმეტჯერ გამოიჩინა თავი – მათგან 6 მსოფლიოს ჩემპიონზე მოდის. სულ ეროვნულ გუნდში 73 გოლი აქვს გატანილი.
BBC-მ ისიც გამოიკვლია, თუ ბოლო პერიოდში რამდენჯერ მოიგო ამა თუ იმ ფეხბურთელმა „ოქროს ბურთი“ დიდი გუნდური ტიტულის დაუფლების გარეშე. ასეთები იყვნენ: 2010, 2012 და 2019 წლებში ლეო მესი და 2013 წელს კრიშტიანუ რონალდუ. ამ ორ დიადს ახლა ჰარი კეინი შეუერთდა.
1956-1995 წლებში „ოქროს ბურთს“ მარტო ევროპელ ფეხბურთელებს აძლევდნენ. 1995 წლის შემდეგ ჩატარდა მსოფლიოს შვიდი ჩემპიონატი და აქედან ოთხჯერ ჯილდო სწორედ მუნდიალის გამარჯვებულს გადაეცა.
ბოლო 20 წელიწადში „ოქროს ბურთი“ მეხუთედ გადაეცა ფეხბურთელს, რომელმაც ვერც ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა და ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი27/10/2026 | 08:34კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 13:59ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე
მთავარი ამბავი26/10/2026 | 11:53მბაპეც პალადიუმში იქნება, იამალიც და კეინიც
სიახლეები26/10/2026 | 09:18საკონტინეტთაშორისო თასი დოჰაში გაიმართება
