„მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორთ-ლისტში „პარი სენ ჟერმენს“ 9 წარმომადგენელი ჰყავდა, ალბათობა იმისა, რომ ჯილდოს მისი ფეხბურთელი მოიგებდა დიდი არ ყოფილა“, – წერს ფრანგული საიტი footmercato, რომლის აზრით თავიდან ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის შანსები მაღალი ჩანდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა მცირდებოდა და მცირდებოდა. სამაგიეროდ იზრდებოდა პარიზელთა კონკურენტების, ლამინ იამალის, ჰარი კეინის და კილიან მბაპეს გამარჯვების ალბათობა.
გამოჩნდა, რომ ოსმან დემბელე ზედიზედ მეორედ „ოქროს ბურთს“ ვერ მოიგებდა. ერთი შეხედვით არც ხვიჩა კვარაცხელიასა და ფაბიან რუისს ჰქონდათ ცუდი სასტარტო პოზიციები, ერთსაც გააჩნდა თავისი ძლიერი არგუმენტები და მეორესაც, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებსო ვერ ქართველზე იტყოდი და ვერც ფრანგზე.

მოსალოდნელი იყო, რომ პსჟ-ს ფეხბურთელები ერთმანეთს ხმებს წაართმევდნენ, ამიტომ footmercato-ს აზრით კლუბში ჯერ გადაწყვიტეს ესპანელისთვის თავი დაენებებინათ და კვარაცხელიასა და დემბელეს პიარ-კამპანია გაეძლიერებინათ. ეს იმუშავებდა იმ შემთხვევაში თუ ქართველი და ფრანგი ხმის მიცემის წინა პერიოდში ეფექტურად ითამაშებდნენ, მაგრამ… ვაგლახ. ვერ ერთმა გამოიჩინა თავი და ვერც მეორემ. ამის მერე (უკვე „პარიზიენის“ ინფორმაციით), პსჟ-მ გადაწყვიტა ერთ ფეხბურთელზე არ გაეკეთებინა აქცენტი და გამოეცხადებინა, რომ მისთვის მთავარი კოლექტივია.
ფრანგული საიტი ფიქრობს, რომ მას მერე, რაც ორი ფეხბურთელის განსაკუთრებულ პიარზე უარი თქვა, პსჟ-მ გუნდში ფეხბურთელთა შორის შესაძლო დაძაბულობას ბოლო მოუღო. კლუბის ლოგიკა ასეთი იყო: კვარამ და დემბელემ უკეთეს შემთხვევაში ორი-სამი ადგილით უკეთესი პოზიციები დაიკავონ, მაგრამ პირველზე მაინც ვერ გავლენ. ამიტომ, სჯობს ყველანი მშვიდად დავრჩეთ და ერთმანეთი არ გავაღიზიანოთ.
ის, რომ პსჟ-მ „ფრანს ფუტბოლის“ ღონისძიებაზე ხელი შეგნებულად აიღო ცხადად გამოჩნდა უშუალოდ ლონდონში, დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი არც კი ჩავიდა. საუკეთესო კლუბისთვის განსაზღვრული ჯილდო ორგანიზატორებს ოსმან დემბელემ გამოართვა, რომელიც ლონდონში მხოლოდ და მხოლოდ ტრავმის გამო იყო, თორემ „პარკ დე პრენსზე“ იქნებოდა და „ლიონის“ წინააღმდეგ ითამაშებდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა სრული თანადგომა გამოუცხადა მწვრთნელ ლუის ენრიკეს, რომელიც ამბობს, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებს საკლუბო ურჩევნია.
footmercato შეგვახსენებს, რომ პარიზელთაგან განსხვავებით „ბაირნს“ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტის არ შეეშინდა და კეინთან ერთად ოლისეს გაპიარებაზეც არ თქვა უარი, „რეალმა“ კი მთელი აქცენტი მბაპეზე გააკეთა და ჯუდ ბელინგემი უბრალოდ არც ახსენა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/10/2026 | 08:29პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 07:07ნასრი: ეს იგივეა ფერან ტორესმა პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონობა რომ მოაგებინოს…
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
მთავარი ამბავი27/10/2026 | 08:34კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია
