„ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ ინგლისის ნაკრებისა და „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მოიგო. როგორც ფრანგული ჟურნალის რედაქტორმა ვინსენტ გარსიამ თქვა გამარჯვებულმა მეორე ადგილზე გასულ კილიან მბაპეს 41-ზე ნაკლები ქულით გაასწრო, ეს კი ის რიცხვია, რომლითაც 2024 წელს როდრიმ ვინისიუს ჟუნიორს აჯობა. პრეტენდენტთა სიმრავლის გამო ამან ისედაც დაძაბული გარემო კიდევ უფრო დაძაბა. და რასაკვირველია გამარჯვებული ყველას მოსაწონი არ გამოდგა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც კეინის პირველობა ეჭვქვეშ დააყენა გახლდათ ვეტერან ფრანგი ფეხბურთელი სამირ ნასრი.

„ამ გადაწყვეტილებას არანაირად არ ვეთანხმები. რას ეყრდნობა ის, მხოლოდ გატანილი გოლების რაოდენობას? კეინი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელიც კი არ არის. საუკეთესო ოლისე გახდა. ის არც ინგლისის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე ყოფილა. მაშ გამაგებინეთ, რაზე დაყრდნობით გაიმარჯვა? იმიტომ, რომ გოლები გაიტანა? იმიტომ, რომ ფორვარდია და უკან ჩამოდის? ანუ, თავდამსხმელია, მაგრამ უფრო ფართო ფუნქცია აქვს? ჰარი კეინს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იყო კი ეს სეზონი მისი კარიერისთვის გამორჩეული? სეზონში მისი ყველაზე დიდი მატჩი გახლდათ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი „პარი სენ ჟერმენთან“, რომელშიც ის და მისი გუნდი გავარდნენ. მართალია, პირველ შეხვედრაში კეინმა დიდებულად ითამაშა, მაგრამ „ოქროს ბურთის“ კრიტერიუმების მიხედვით ის პირველი არ უნდა გამხდარიყო… არ მეგონა ბუნდესლიგის და გერმანიის თასის მოგება „ოქროს ბურთის“ მოსაგებად საკმარისი თუ იყო“, – თქვა ნასრიმ პოდკასტ Les Affranchis-ში.
შემდეგ ნასრიმ, რომელმაც, სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში პირველი გოლი 2007 წლის 6 ივნისს საქართველოს ნაკრების კარში გაიტანა, თქვა, რომ მისი აზრით არც კილიან მბაპე იყო საუკეთესო.
„ჩემთვის პირველი არც კეინი იყო და არც მბაპე. მბაპე მეორეც კი არ უნდა ყოფილიყო. მან მოიგო ჩემპიონატი, რომელშიც ფაქტობრივად მარტო თამაშობს. ეს იგივეა ფერან ტორესმა პსჟ-ს მაისურით 50 გოლი რომ გაიტანოს, გუნდს საფრანგეთის ჩემპიონობა და თასი მოაგებინოს და ამისთვის „ოქროს ბურთი“ მისცენ. მე „ოქროს ბურთს“ კეინს კი არა, ლამინ იამალს მივცემდი“.
შემდეგ ნასრიმ ივარაუდა, რომ კარიერაში ყველაზე მაღალი პოზიციის დაკავების მიუხედავად მბაპე შედეგით უკმაყოფილო დარჩებოდა.
„წარმოიდგინეთ, მას ალბათ ეგონა, რომ მსოფლიოს ჩემპიონობის გამო „ოქროს ბურთს“ იამალს მისცემდნენ, მაგრამ ნახა, რომ ასე კი არ მოხდა, არამედ ჯილდო კეინს გადასცეს, რის გამოც ალბათ იფიქრა: ესენი მე ამ ჯილდოს არასდროს მომცემენ! მეტი რა უნდა გამეკეთებინა? მივედი რადიო RFI-ზე, ვილაპარაკე აფრიკის კონტინენტის შესახებ, გავაკეთე ყველაფერი, რაც მთხოვეს – ესეც, ისიც და ისიც კი, მათ კი საუკეთესოდ მაინც არ დამასახელეს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/10/2026 | 08:29პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 07:07ნასრი: ეს იგივეა ფერან ტორესმა პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონობა რომ მოაგებინოს…
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
მთავარი ამბავი27/10/2026 | 08:34კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია
